გერმანიის პირველ და მეორე ბუნდესლიგებში მეორე წრე
მათე ღვინიანიძემ "ბოხუმთან" საშინაო დაპირისპირებაში მეორე ტაიმი ჩაატარა. იგი მოედანზე მას შემდეგ შეიყვანეს, რაც "მიუნხენ 1860"-ს ცენტრალური მცველი ბიულოვი გაუძევეს. მიუნხენელები 1:3 დამარცხდნენ, ღვინიანიძის თამაშში ჩართვის მომენტში ანგარიში 0:1 იყო. მათეს "შპორტალმა" ოთხიანი დაუწერა.
ბოლო დროს დამაჯერებლად ათამაშებული კახა კალაძე კვლავაც გაამწესეს "ჯენოას" ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ამჯერად გენუელებს ხელი მოეცარათ და შინ "უდინეზესთან" 2:4 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა. ამ მარცხით კალაძის გუნდი გასავარდნი ზონის შორიახლოს დარჩა. სერია B-ში "ფროზინონეს" წინააღმდეგ არ უთამაშია "ემპოლის" ფორვარდ ლევან მჭედლიძეს, რომელიც განაცხადს მიღმა დარჩა.
ლევან კობიაშვილის "ჰერტა" დღეს "ობერჰაუზენს" ესტუმრება, ლევან ყენია კი თავს ისე კარგად ჯერ ვერ გრძნობს, "შალკეს" განაცხადში რომ მოხვდეს. სამაგიეროდ, "ბაიერნის" წინააღმდეგ "ვოლფსბურგის" მთავარი გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა 19 წლის ნახევარმცველი აკაკი გოგია, რომელიც, მართალია, გერმანიის მოქალაქეა, მაგრამ მისი ასეთი წარმატება მაინც გამოსარჩევი ამბავია.
ინგლისის ჩემპიონშიფში "რედინგმა" "დონკასტერი" 3:0 გაანადგურა, რაშიც ზურაბ ხიზანიშვილს მონაწილეობა არ მიუღია. ქართველმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. საფრანგეთის მეორე ლიგაში "ლე მანი" 0:3 განადგურდა. გიორგი მაკარიძე ამჯერად განაცხადში არ ყოფილა.
საბერძნეთში "ერგოტელისმა" სტუმრად "ქსანთის" 1:0 სძლია, რაშიც თავისი წვლილი გიორგი შაშიაშვილმაც შეიტანა - მოედანზე 90 წუთი დაყო. კვიპროსზე კი "ერმისმა" "დოქსას" 2:1 მოუგო. გამარჯვების გოლი ლევან მაღრაძის ანგარიშზეა.
.