ფოთის "კოლხეთის" ყოფილი თავდამსხმელი ლევან შენგელია ბელგიურ "ტუბიცეში" ითამაშებს. გასულ სეზონში ამ გუნდმა ბელგიის პირველ დივიზიონში მე-8 ადგილი დაიკავა.
ერთი შეხედვით, ეს მოულოდნელი ტრანსფერია, რადგან 20 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით სხვა ვარიანტებზე ლაპარაკობდნენ. მაგალითად, აპრილში, ფოთელთა თავდამსხმელი, "ზესტაფონის" შემტევ გიორგი ბერიძესთან ერთად, საფრანგეთის ლიგა 1-ის "ლილში" მიიწვიეს. მერე კი შევიტყვეთ, რომ ლიგა 2-ის კლუბი "აიაჩო" იწვევდა.
მის ტრანსფერზე საქართველოში ბელგიური სამენეჯერო კომპანია "Vision foot"-ის წარმომადგენელი ლაშა ჯაკობია მუშაობდა. მან კი "ლელოსთან" ინტერვიუში იმ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი, თითქოს
ამ ტრანსფერზე "იბერია 2010"-ის დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი, ლევან შენგელიას აღმზრდელი გუბაზ დოლიძე გველაპარაკა:
"ლევანის ახალი კლუბი ბელგიის პირველ ლიგაში თამაშობს. მას ჰქონდა შანსი, პირდაპირ მოხვედრილიყო ამ ქვეყნის ჩემპიონ "გენტში" ან ლიეჟის "სტანდარდში", მაგრამ მისი გაშვება პირველი ლიგის გუნდში ვამჯობინეთ, რადგან იქაურ ფეხბურთს შეეჩვევა და 6 თვეში რომელიმე გუნდში გადავა. შესაძლოა, კონტრაქტი "გენტთანაც" გააფორმოს. ბელგიაში გამგზავრებამდე კი შენგელია ფორმის შესანარჩუნებლად ფოთში ივარჯიშებს".
მოგეხსენებათ, "გენტში" ვარჯიშობს გუბაზ დოლიძის კიდევ ერთი აღზრდილი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ბერიძე. ცხადია, მისი ამბითაც დავინტერესდით:
"გიორგის "გენტში" დარჩენის საკითხი გადაწყვეტილია, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა, რადგან ტექნიკური საკითხები იყო მოსაგვარებელი. ჩემი კლუბის საბუთები იყო მოსაწესრიგებელი, რადგან გიორგის კონტრაქტი "იბერია 2010"-თან აკავშირებს. ესეც მოგვარდა და უახლოეს დღეებში 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"