"ლელო" სირბილაძეს ფინეთში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა:
- როგორ აფასებთ "კუპსისთვის" სეზონის დასაწყისს?
- ვფიქრობ, მეშვიდე ადგილი, რომელიც ამ დროისთვის გვიჭირავს, არ არის ცუდი. უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ ისეთი კალენდარი დაგვრჩა, რომ გამოვასწორებთ ყველაფერს. მეტი წილი მატჩებისა შინ უნდა ჩავატაროთ.
- დასრულდა თუ არა თქვენი ადაპტაციის პროცესი "კუპსში"?
- კი. არანაირი გართულება არ ყოფილა. ყველა მიცნობდა, ყველას
- გამორჩეული მეგობარი თუ შეიძინეთ?
- ასე ვერ გამოვარჩევ. ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ფეხბურთლებიდან დაწყებული, მწვრთნელ-უფროსობით დამთავრებული.
- ბოლო დროს საგოლე პასებს უფრო ხშირად აკეთებთ, ვიდრე გაგაქვთ...
- სწორად შეგინიშნავთ. ბოლო ხანს მართლა არაერთი საგოლე პასი გავაკეთე. უნდა გითხრათ პირდაპირ - ჩემი თამაშის სტილი შეიცვალა. მთავარია, გუნდმა შედეგი აჩვენოს და ჩემთვის სულერთია, გოლს ვინ გაიტანს. ალალად გეუბნებით - უფრო ის მსიამოვნებს, პარტნიორს ჩემი პასით რომ გააქვს გოლი.
- ბოლო დროს "კუპსის" არასტაბილური თამაში რას უნდა მივაწეროთ?
- რამდენჯერმე დავკარგეთ გაუთვალისწინებელი ქულები. ყველაფერი, ალბათ, მაინც იმის ბრალია, რომ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა.
- ცოტა ხნის წინათ, ქართული დერბი შედგა გიორგი ოსიტაშვილის "კოოტეპესთან"...
- ძალიან კარგი თამაში იყო. მე და გიორგიმ ბევრი ვისაუბრეთ. საერთოდ, ვცდილობ, მჭიდრო კონტაქტი მქონდეს ფინეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებთან. თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მათ წარმატება ვუსურვო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"