გოგიტა გოგუა: ქეცბაიას შეურაცხყოფა არ ვაპატიე

AutoSharing Option
გოგიტა გოგუა ოთხწლიანი "შესვენების" შემდეგ დაუბრუნდა საქართველოს ნაკრებს. 2011 წლის მარტში ვარჯიშის დროს შელაპარაკება მოხდა მასა და ნაკრების მაშინდელ თავკაც თემურ ქეცბაიას შორის და... გოგუასთვის ნაკრების კარი დაიკეტა. კახა ცხადაძემ ნაკრებში მოსვლისთანავე დააბრუნა
გუნდში 31 წლის ნახევარმცველი, თუმცა ტრავმის გამო ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" ფეხბურთელს ნაადრევად მოუხდა ნაკრების ავსტრიული შეკრების მიტოვება და შესაბამისად, უკრაინასა და პოლონეთთან შეხვედრებიც გამოტოვა.

გოგიტა გოგუა ახლა საქართველოშია და სანამ ახალ კლუბს მოძებნის ("სკა ენერგიასთან" მისი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა - ავტ), სამშობლოში ცდილობს ფორმის შენარჩუნებას.

- ამჟამად
უგუნდოდ ვარ და ფორმის შესანარჩუნებლად ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. მადლობა ცხინვალის "სპარტაკის" მწვრთნელ კახა კაჭარავას, რომელმაც მის გუნდთან ერთად ვარჯიშის შესაძლებლობა მომცა.

- "სკა ენერგიას" ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ხაბაროვსკიდან ამიტომ წამოხვედი?
- ხელშეკრულება დამთავრდა და აღარ მიღირდა დარჩენა კლუბში, რომელსაც ფეხბურთელებთან რვა თვის სახელფასო დავალიანება დაუგროვდა.

- ხაბაროვსკიდან აბარგებას კახა ალადაშვილიც აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც შორეულ აღმოსავლეთში დარჩა...
- კახას საქართველოს ჩემპიონატში თამაში არ სურდა და ერთი წლით კიდევ დარჩა ხაბაროვსკში. ამ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატში თამაშის პერსპექტივა დიდად არც მე მხიბლავს. მაგრამ ჯერ არც კარიერის დასრულებაზე ვფიქრობ და სანამ ახალ კლუბს მოვძებნი, აქ ვვარჯიშობ. ჯერჯერობით რეალური წინადადებით არავის მოუმართავს, ჭორების განხილვა კი არ მსურს.

- ქობულეთის "შუქურას" დაინტერესებაც ჭორია?
- მე "შუქურადან" არავინ დამკავშირებია.

- ხაბაროვსკში გატარებული წლებიდან ყველაზე არასასიამოვნოდ რა გახსენდება?
- ხაბაროვსკიდან რუსეთის სხვა ქალაქებში საათობით ფრენა, დროის სარტყელის მუდმივი ცვალებადობა და ა.შ. ამას ფინანსური არასტაბილურობაც დაემატა... ხელფასს 6-7 თვეში ერთხელ რომ მოგცემენ, როგორ გინდა, ითამაშო?!

- არადა, ყველაზე ხშირად, რუსეთის პირველ ლიგაში მოთამაშე ქართველებს სწორედ ამის გამო გაკრიტიკებენ, ევროპულ პერსპექტივას ფულს ამჯობინებენო...
- იცით, რაზე მწყდება გული? რუსეთის პირველი ლიგა ბევრად მაღალი დონის არის, ვიდრე საქართველოს ეროვნული პირველობა! ანაზღაურებას რაც შეეხება, ასეთი შორეული ქალაქის გუნდში თამაში იმდენად რთულია, ხელფასის "ხათრით" მაინც უნდა გიღირდეს. სამწუხაროდ, ხაბაროვსკში ესეც პრობლემა იყო.

- რა იგრძენი, როცა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში დაგაბრუნეს?
- დიდი მადლობა კახა ცხადაძეს, რომელმაც დამიბრუნა განცდა - იყო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი! კლუბში სხვა სპეციფიკაა - არ "წაგივიდა" თამაში? მომდევნო კვირას გამოასწორებ! ნაკრებში კი, წელიწადში 5-6 მატჩი გიწევს... ასე რომ, ნაკრებში თამაში განსაკუთრებული რამ იყო ჩემთვის, სულ ვცდილობდი, ბოლომდე დავხარჯულიყავი... ფრთიანი ანგელოზი არ ვყოფილვარ, შეცდომები მეც მქონდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ჩემთვის ნაკრების კარი იმის გამო არ დახურულა, რომ ცუდად ვთამაშობდი. თემურ ქეცბაია აღარ მიძახებდა!..

- ოთხი წელი გავიდა და ახლა მაინც გვითხარი, რა მოხდა გოგუასა და ქეცბაიას შორის?
- მწვრთნელმა შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს თავის ფეხბურთელებს... თუ მისი თამაში არ მოგწონს, ნუ ათამაშებ, ნუ გამოიძახებ, შეურაცხყოფა კი დაუშვებელია! როგორც მწვრთნელი, ქეცბაია არასდროს გამიკრიტიკებია, მაგრამ თემურის მთავარი პრობლემა მისი ხასიათი და ინტერესებია... ყველაზე მეტად მისმა სიტყვებმა დამწყვიტა გული - გოგიტამ ვერაფერი დამანახაო... ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერიიდან ათი მატჩი ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე, მხოლოდ ხორვატიასთან შევედი შეცვლაზე... დავიჯერო, თემურს ისეთი ნაკრები ჰყავდა, ათი ფეხბურთელით იგებდა თამაშებს? გულშემატკივარი კარგად ხედავდა, როგორი მონდომებით ვთამაშობდი ნაკრებში, ქეცბაიამ კი ვერ დაინახა...

- პირადად შენი საწინააღმდეგო რა უნდა ჰქონოდა თემურ ქეცბაიას?
- ალბათ, ეწყინა, რატომ შემეწინააღმდეგაო... ოღონდ ძირითადში მოვხვდე და სულერთი ხომ არ არის, როგორ ვითამაშებ?! მე ასე არ შემიძლია... მწვრთნელი გენდობა და ხომ უნდა გაუმართლო? ხორვატიასთან მატჩის წინ, როცა გავიგე, რომელ პოზიციაზე აპირებდა ჩემს დაყენებას, ალალად ვუთხარი, არ მიწყინო, მაგრამ ხომ იცი, მცველადაც მითამაშია, საყრდენ ნახევარმცველადაც, მარცხენა მცველადაც და წინ წაწეულ თავდამსხმელადაც კი, მაგრამ მარჯვენა ნახევარმცველად არ ვვარგივარ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ პოზიციაზე ჩემზე გაცილებით უკეთ ითამაშებენ, მე კი, როცა დაგჭირდები, ყოველთვის მზად ვარ, ვითამაშო იქ, სადაც შემიძლია-მეთქი. ალბათ, ეს ეწყინა...

- კახა ცხადაძეს რომელ პოზიციაზე სჭირდები ყველაზე მეტად?
- ტრავმა რომ არა, ნაკრებში საყრდენ ნახევარმცველად უნდა მეთამაშა... თუ ფორმაში ვიქნები, მომავალშიც გამომიძახებს, უგუნდო ფეხბურთელს კი, მწვრთნელი რომ ვიყო, არც მე ვათამაშებდი!

- რა სიახლეს ხედავ ნაკრებში ცხადაძის მოსვლის შემდეგ?
- ქეცბაიას მიაჩნდა, რომ არ გვყავს შემტევი ფეხბურთელები და ძირითად აქცენტს დაცვაზე აკეთებდა, ცხადაძე კი სხვაგვარად ფიქრობს. რაც მთავარია, კახა ცდილობს, ფეხბურთელები დაარწმუნოს, რომ შეუძლიათ! თამაშსაც ხომ დაეტყო, რომ მოკლე პასებით თამაში უფრო სასიამოვნო და შედეგიანია, ვიდრე მხოლოდ დაცვასა და ბურთის მოგერიებაზე ფიქრი? კახა ცხადაძეს ჯადოსნური ჯოხი არა აქვს, ყველაფერი ერთ დღეში რომ შეცვალოს, მაგრამ უკვე ეტყობა, საით მიჰყავს, რას სთხოვს ფეხბურთელებს.

- ისე, ცოტათი კმაყოფილიც იქნები, მაინცდამაინც 0:4 წაგებულ მატჩში რომ არ დაუბრუნდი ნაკრებს...
- არა, მერჩივნა, მეც თანაგუნდელებთან ერთად ვყოფილიყავი. ასეთი ანგარიშით წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. მომენტებიც გვქონდა და ის თამაშიც, რაც საქართველოს ნაკრების შესრულებით ვნახეთ, უფრო მეტად ჰგავს ფეხბურთს. როცა სწორი მიმართულებით წახვალ, როცა ფეხბურთელებს აღარ შეეშინდებათ წინ წასვლის, შედეგიც მოვა! მწვრთნელის დავალება უნდა შეასრულო, მაგრამ ფეხბურთელსაც უნდა ჰქონდეს იმპროვიზაციის უნარი, მის ნაცვლად მწვრთნელი ხომ ვერ ითამაშებს?

- როცა ფეხბურთელი ხედავს, რომ მისი ნაკრების რეიტინგი სულ უფრო და უფრო დაბლა ეცემა, რწმენას არ კარგავს?
- სხვას რას უნდა ელოდო, როცა არ გივარგა ეროვნული ჩემპიონატი, არა გაქვს ფინანსები, ინფრასტრუქტურა, სამოქმედო გეგმა... მაგრამ ეს მხოლოდ ნაკრების ფეხბურთელების ბრალი არ არის. ნაკრების კატასტროფული რეიტინგი ყველა ჩვენგანის ბრალია: ფედერაციის, ფეხბურთელების, ქომაგების, ჟურნალისტების და ასე შემდეგ.

- ბოლო პერიოდის სტატისტიკას თუ ვერწმუნებით, ჩანს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, წარსულს ჩაჰბარდა ის გოგიტა გოგუა, რომელიც კონფლიქტებთან, ყვითელ ბარათთან, გაძევებასთან ასოცირდებოდა. ასეა?
- ორი წელია, წითელი ბარათი არ მიმიღია, გაფრთხილების გარეშე კი ფეხბურთი არ არსებობს. რაც შეეხება კონფლიქტებს, ტოპმიოლერსა და ჟირესთან უთანხმოება არ მქონია, კუპერს არ გამოვუძახებივარ, ერთადერთი, ქეცბაიასთან მომივიდა შელაპარაკება, რადგან შეურაცხყოფა არ მოვუთმინე და მას მერე აღარ მიძახებდა. არც კლუბის მწვრთნელებთან მქონია პრობლემა...

ანგელოზი არა ვარ, მაგრამ ჩხუბის ინიციატორი არასდროს ვყოფილვარ! თუმცა, სანამ გამოუცდელი ვიყავი, ემოციურმა ხასიათმა ბევრჯერ გამიწია ცუდი სამსახური...

- რას შეცვლიდი, კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს?
- ძალიან ბევრ რამეს... უმეტესობას, ვისაც კარიერის განმავლობაში ვენდე, აღარ ვენდობოდი... რაც მთავარია, რომან ფიფიას არ დავუჯერებდი და "დინამოში" დაბრუნებით დაშვებულ შეცდომას აღარ გავიმეორებდი.

ავტორი: რატი შელეგია
კვირის პალიტრა

მკითხველის კომენტარები / 3 /
გოგიტაა ჯოოო
რომელ წლიანი X5 გყავს? :D

ყველა მწვრთნელთან რომ პრობლემა რატომ შეგექმნა ამაზე არაფერს იტყვი?
Lado
16:35 15-08-2015
0
gogua wadi saxlshi daisvene. Cxadazes uketesi tamashebi drodadro gamochndeba ar gindodat qecba. Vin gkitxavs sad itamasheb geubnebian dadeqi da itamashe. Tavshi gqonda yoveltvis avardnili . Shennairi pexburtelebi konobit iyideba. P.S. sheni avtograpi mak. :)
toka77
14:31 15-08-2015
1

სიახლეები პოპულარული