საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ამ ქვეყნის ელიტარულ დივიზიონ ლიგა 1-ში ითამაშებს...
საქართველოს ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი საფრანგეთში 13 აგვისტოს ჩაფრინდა და ერთდღიანი მოლაპარაკების შემდეგ "სტად რეიმსთან" კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდა. მერე სამედიცინო შემოწმება გაიარა, კლუბთან 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და 4-ნომრიანი მაისურაც მიიღო.
ჯაბა კანკავამ ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა, მისი დებიუტი კი, სავარაუდოდ, მომდევნო ტურში შედგება, როცა 22 აგვისტოს "რეიმსი" "ნანტს" ესტუმრება. საგულისხმოა, რომ პირველ ტურში კანკავას ახალმა
კანკავა მატჩს საპატიო სტუმართა ლოჟიდან, "რეიმსის" პრეზიდენტ ჟან-პიერ კეოსთან ერთად ადევნებდა თვალს. სხვათა შორის, კეოს ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ კანკავაში ფრანგებმა "დნიპროს" 1,1 მილიონი ევრო გადაუხადეს. "ტრანსფერმარკტი" ოდნავ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს - ეს ინტერნეტგამოცემა 1,5 მილიონ ევროს ასახელებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია.
ისიც დაგაინტერესებთ, რომ მთლიანობაში "ტრანსფერმარკტი" კანკავას 4 მილიონ ევროდ აფასებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ქართველი ფეხბურთელია ყაზანის "რუბინის" მცველ საბა კვირკველიასა და არნემის "ვიტესის" შემტევ ნახევარმცველ ვალერი ყაზაიშვილთან ერთად.
სხვათა შორის, ამ მონაცემით კანკავა ახალ კლუბშიც ერთ-ერთი ლიდერია. მასზე ძვირად ღირებული მოთამაშე "რეიმსს" არ ჰყავს, 4 მილიონად კი მხოლოდ ალჟირის ნაკრების მცველის, აისა მანდის ტრანსფერს აფასებენ.
კანკავა ფრანგულ კლუბში უკრაინული "დნიპროდან" გადავიდა. მანამდე კი თამაშობდა თბილისის "დინამოში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", კიევის "არსენალში", კრივოი როგის "კრივბასში" (იჯარით)... 2012 წელს ის "დნიპროს" დაუბრუნდა და მისი ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. ბოლო საფეხბურთო სეზონში, ჯაბამ ამ გუნდთან ერთად ევროპალიგის ფინალში ითამაშა, სადაც "სევილიის" წინააღმდეგობა ვეღარ დაძლია - 2:3.
კანკავას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 48 მატჩი აქვს ჩატარებული. მის აქტივში 4 გოლია.
"ევროპაში თამაში სულ მსურდა. ახლა ამის შანსი მომეცა და გამოვიყენე. რეიმსში პარასკევს ჩამოვედი. მწვრთნელი, ოლივიე გეგანი შემხვდა და კონტრაქტი გავაფორმეთ. ორშაბათს უკრაინაში დავბრუნდები, მერე ისევ "რეიმსს" შევუერთდები და ჩვეულებრივად ვივარჯიშებ", - ასეთი იყო კანკავას კომენტარი.
სხვათა შორის, "რეიმსი" ახლა ვეღარაა გრანდი, თორემ ომის შემდგომ პერიოდში ფრანგული ფეხბურთის ლიდერი იყო: 6-ჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, სამჯერ - ვიცე-ჩემპიონი, 2-ჯერ საფრანგეთის თასს დაეუფლა, 4-ჯერ კი - ქვეყნის სუპერთასს.
1956 და 1959 წლებში "რეიმსმა" თვით ჩემპიონთა თასის ფინალამდეც გააღწია, სადაც ორჯერვე მადრიდის "რეალთან" (რომელიც იმ წლებში 5-ჯერ დაეუფლა ძველი კონტინენტის უპირველეს საკლუბო ჯილდოს) დამარცხდა - 3:4, 0:2.
საინტერესოა, რომ ამ კლუბის ღირსებას იცავდნენ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი რობერ ჟონკე, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ჟუსტ ფონტენი (1958 წლის მუნდიალზე 13 გოლი გაიტანა, რაც დღემდე რეკორდია) და მისტერ "მილიმეტრა" რაიმონ კოპა (კოპაჩევსკი), რომელიც 1958 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა.
ამ გუნდის ფორმით თამაშობდა შემდგომში ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი კარლოს ბიანკი... მაგრამ ეს ყველაფერი იყო გასულ საუკუნეში. ბოლოს მეტ-ნაკლებ წარმატებას კლუბმა 1977 წელს მიაღწია, როცა ქვეყნის თასის ფინალში გავიდა.
კანკავას ამბავი მხოლოდ იმიტომ არ გვახარებს, რომ ევროპის ერთ-ერთ ტოპ-ლიგაში მოხვდა. ის იშვიათი ქართველია, უკრაინაში თამაში ტრამპლინად რომ მოიხდინა და უკეთეს ლიგაში წასვლა შეძლო.
არადა, რამდენი მაგალითი გვახსენდება, როცა ჩვენი მოთამაშეები რუსეთ-უკრაინიდან უკეთეს კლუბს კი არა, დაბალი ლიგების კლუბებს ეძებდნენ. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული პიროვნება და ნამდვილი პროფესიონალია.