ლეგიონის უქმეები: მაგარი ბიჭი ჯაბა! [VIDEO]

AutoSharing Option
ერთი კვირის წინათ ქართველმა ლეგიონერებმა უქმეებზე 9 გოლს მოუყარეს თავი, ახლა ამ შედეგიანობისგან კვალიც არ დარჩენილა. რომ არა ჯაბა კანკავას თამაში, აქ მხოლოდ ჩვენებურთა ახალ ტრავმებსა და ავტოგოლზე დავწერდით...

ამ უქმეებზე ბურთი საკუთარ კარში საბა კვირკველიამ ჩაჭრა, მისმა "რუბინმა" კი შინ "ურალთან" წააგო და რუსეთის პრემიერლიგაში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიმძიმა.

იტალია. სერია A. ტრავმირებული ლევან მჭედლიძის "ემპოლი" დღეს "ფროზინონეს" ესტუმრება.

ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის "ტუტოკუოიო" 0:1 დამარცხდა "კარარეზესთან" მატჩში.

ინგლისი. ჩემპიონშიფი. აკაკი გოგიას გარეშე "ბრენტფორდი" 1:2 დამარცხდა "შეფილდ უენსდეისთან". ქართველი
ტრავმირებულია.

გერმანია. II ბუნდესლიგა. გიორგი ჭანტურიას დებიუტი "დუისბურგში" მომდევნო ტურში შედგება. "უნიონთან" 2:3 წაგებულ მატჩში არც ლაშა დვალს უთამაშია, ის სათადარიგო იყო. "დუისბურგი" 2 ქულით ბოლო ადგილზეა.

ლუკას ჰუფნაგელი "ფრაიბურგის" სასტარტოში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს "ფრანკფურტთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში. ლუკასის ანგარიშზე ერთი საგოლე პასია, მასპინძელთა მეორე გოლისას, თუმცა პირველი გოლიც ლუკასის დრიბლინგს მოჰყვა. "შპორტალმა" ქართველს 2,5 ბალი დაუწერა.

III ბუნდესლიგა. "ვერდერის" დუბლები "ერფურტთან" 1:2 დამარცხდა. გიორგი პაპუნაშვილს არ უთამაშია.

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავას "რეიმსმა" 1:0 დაამარცხა "ლილი" და 8 ტურში 15 ქულა დააგროვა. ქართველმა ნახევარმცველმა მეოთხედ მოირგო "რეიმსის" წითელი ფორმა და მეოთხედ მიიღო ყვითელი ბარათი.

თუმცა პოზიტივზეც ვთქვათ - საგოლე კომბინაცია მან წამოიწყო, ხოლო "რეიმსის" ოფიციალურმა საიტმა ჯაბას და მუნირ ობადის ორთაბრძოლას მოედნის ცენტრში ეპიკური და საფეხბურთო ენციკლოპედიაში შესატანი უწოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ეკიპმა" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კანკავა დაასახელა - "როცა კანკავა თამაშობს, ყველაფერი რიგზეა".

"რეიმსის" ისტორიაში ყველაზე ძვირფასი შენაძენი (1,5 მილიონი ევრო) ჯაბა კანკავა მაგარი ბიჭია. მან დიდებულად ითამაშა პსჟ-ის წინააღმდეგ (1:1), იყო დაუღლელი "ანჟერთან" და საოცრად აქტიური იყო "ლილთან" შეხვედრაში. კრიხოვიაკის ნამდვილი შემცვლელი! "დნიპროს" ყოფილი ფეხბურთელი მეფობდა შუახაზში. მან 27-ჯერ მოუპოვა გუნდს ბურთი და ეს მთელი გუნდის მონაგარის 25%-ია! დისკვალიფიცირებულია შემდეგ მატჩში "ლიონთან", რადგან წინა სამ შეხვედრაში გაფრთხილებები მიიღო ზედიზედ. მან ამ შეხვედრაში მეოთხე ყვითელი ბარათი დაიმსახურა ამდენივე მატჩში".

შეგახსენებთ, რომ "სევილიაში" გადასვლამდე პოლონელი გჟეგოჟ კრიხოვიაკი "რეიმსის" ლიდერი იყო.

ჯაბა მატჩის გმირად maxifoot.fr-მაც დაასახელა - 7 ბალით 10 შესაძლებლიდან:

"რა აქტიური იყო ქართველი! ის, უბრალოდ, ყველგან იყო მოედანზე და დიდი ზიანი მიაყენა "ლილს". მიუხედავად იმისა, რომ ოთხ მატჩში მეოთხე ყვითელი ბარათი მიიღო, მან გაიბრწყინა ამ შეხვედრაში. კანკავამ ძალიან ბევრჯერ მოუპოვა ბურთი "რეიმსს". მის თამაშს ბრწყინვალე ეთქმის".

ლიგა 2. ამირან სანაიას "პარიზი" დღეს მასპინძლობს "ნანსის".

ნასიონალი. ტრავმირებული ლუკა კიკაბიძის გარეშე მოთამაშე "სერკლ ბასტია" შინ "შამბლის" 0:0 დაუზავდა.

ჰოლანდია. ერედივიზიე. ქართველთა "ვიტესი" სტუმრად 0:0 დაუზავდა "ჰერენვეენს". გურამ კაშიამ 90 წუთი ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი არ ყოფილა. ამის მიზეზი კუნთის ტრავმაა.

ბელგია. ჟუპილერ ლიგა. ქართველების "გენკმა" სტუმრად 0:1 წააგო "კორტრაიკთან". თორნიკე ოქრიაშვილი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე იყო.

პორტუგალია. თასი. გიორგი მაკარიძის "ფეირენშემ" სტუმრად 2:0 მოუგო "საბუგალს". ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" სტუმრად 5:3 მოუგო "ოლივეირას". არც ერთ ჩვენებურს არ უთამაშია.

თურქეთი. სუპერლიგა. შოთა არველაძის "ტრაბზონი" სტუმრად "ოსმანლისთან" 1:3 დამარცხდა. არადა, პირველი ტაიმის ბოლოდან "ოსმანლი" 10 კაცით თამაშობდა.

I ლიგა. ალექსანდრე ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშა "ქარშიაქას" შემადგენლობაში. მისი გუნდი დამარცხდა "გაზიანთეფთან" - 0:1.

რუსეთი. პრემიერლიგა. ტრავმირებული ჯანო ანანიძის გარეშე "სპარტაკი" 2:2 დაუზავდა "ზენიტს".

გიორგი ლორია "კრილიას" სათადარიგო გოლკიპერი იყო მოსკოვის "დინამოსთან" 0:0 დასრულებულ შეხვედრაში.

რუსეთის თასზე "ტერეკში" უკვე შედგა თედო გრიგალაშვილის დებიუტი, აი, ჩემპიონატში კი ჯერ არა - ქართველი ისევ სათადარიგო იყო "კრასნოდართან" მატჩში.

"რუბინი" შინ 1:2 დამარცხდა "ურალთან", საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, მეორე გაშვებულ გოლში კი ბრალი ქართველ მცველსაც მიუძღვის. საბას გუნდი 7 ქულით გასავარდნ ზონასთანაა.

უკრაინა. პრემიერლიგა. გიორგი გადრანმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო დავით ხოჭოლავა არ გამოჩენილა, მათმა "ჩერნომორეცმა" კი 0:0 ითამაშა "ვორსკლასთან" დაპირისპირებაში.

ჯაბა ლიპარტიას (65-ე წუთზე შემოვიდა) "ზორია" 0:0 დაუზავდა დავით თარგამაძის (არ უთამაშია) "ოლექსანდრიას".

ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა "კარპატის" რიგებში, რომელიც შინ 0:2 დამარცხდა "ვოლინთან". სანდრო კობახიძე (ვოლინი) კვლავ ტრავმირებულია.

დანია. სუპერლიგა. ქართველთა "ორჰუსი" 0:2 დამარცხდა "ნორდსიელანდთან". მათე ვაწაძე 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დავით სხირტლაძე განაცხადში ვერ მოხვდა.

ნორვეგია. ტიპელიგა. ტიპელიგის მორიგ ტურში გიორგი გოროზიას "სტაბეკმა" საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია "მიოლდეს". ჩვენებური ნახევარმცველი თადარიგში იყო.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლადო დვალიშვილის "პოგონი" დღეს თამაშობს.

I ლიგა. დავით მაქარაძის (90 წ) "სუვალკი" შინ 0:1 დამარცხდა "ზაბკისთან". გიორგი ალავერდაშვილი სათადარიგო იყო, მისმა "ზავიშამ" კი "ოლშტინი" 3:0 დაამარცხა.

ჩეხეთი. პრაღის დერბი ლიდერ "სპარტასთან" "სლავიას" მოულოდნელი გამარჯვებით დასრულდა - 1:0. ლევან ყენია 90-ე წუთზე შეცვალეს.

სლოვაკეთი. აკაკი ხუბუტიას "მიხალოვცე" სტუმრად "ჟილინასთან" 0:2 დამარცხდა, ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

კვიპროსი. "ახნასის" რიგებში დებიუტი ჰქონდა შოთა გრიგალაშვილს. ის 62-ე წუთზე შევიდა თამაშში, რომელიც "ახნასმა" 2:5 წააგო "აპოლონოსთან". მისი თანაგუნდელი ბექა ტუღუში სათადარიგო იყო.

თემურ ქეცბაიას აპოელ-მა "არისი" 4:0 გაანადგურა და 13 ქულით ლიდერებშია.

უჩა ლობჟანიძის "ომონიამ" სტუმრად 2:1 მოუგო "აია ნაპას". ქართველი მცველი სათადარიგო იყო.

"პაფოსი", სადაც 5 ქართველი ირიცხება, 0:0 დაუზავდა აელ-ს. ხუთიდან ოთხმა შეუცვლელად ითამაშა: როინ კვასხვაძემ, გია გრიგალავამ, ლევან ხმალაძემ და ნიკოლოზ გელაშვილმა. ელგუჯა გრიგალაშვილი არ გამოჩენილა.

ფინეთი. გიორგი ოსიტაშვილი სათადარიგო იყო, მისი კტპ შინ ჰიკ-ს 1:1 დაუზავდა.

ალბანეთი. ქართველთა "ფლამურტარი" 0:1 დამარცხდა სტუმრად "კუკეშისთან". გიორგი ფოფხაძე და ბაჩანა ცხადაძე სასტარტოში იყვნენ.

ფარერები. ქართველთა "სუდუროიმ" იფ-ს 5:2 მოუგო. თითო გოლი გაიტანეს ვალერი ლობაშვილმა და მამუკა ტორონჯაძემ.

ბელორუსი. მოზირის "სლავიამ" ქართველთა გარეშე დაამარცხა სტუმრად "ბრესტი" - 2:1.

ლატვია. თამაზ პერტიას "სკონტომ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "იელგავა". "სკონტო" 36 ქულით მეორე ადგილზეა.

ესტონეთი. ზაქარია ბეგლარიშვილის (90 წუთი) "ფლორამ" სტუმრად 1:0 მოუგო "ტულევიკს" და 72 ქულით ლიდერობს.

მოლდოვა. ქართველთა "საქსანი" სტუმრად 0:0 დაუზავდა "სპერანცას". ირაკლი გოგინაშვილი 89-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი სარჯველაძე 46-ეზე.

აზერბაიჯანი. ბაქოს "ინტერმა" 1:0 დაამარცხა "ქიაფაზი". გამარჯვებულთა რიგებში გიორგი ლომაიამ (გაფრთხილება), ზურაბ ხიზანიშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა ითამაშეს; ლაშა კასრაძე კვლავ არ გამოჩენილა, ის ტრავმირებულია. ზაურ სვანაძის გუნდმა თამაში 10 კაცით დაასრულა, მაგრამ 3 ქულა მაინც მოიპოვა.

აზალ-მა პირველი ქულა სანდრო გურულის წყალობით მოიპოვა, "სუმგაიტთან" მატჩის 94-ე წუთზე ქართველმა გოლი გაიტანა - 1:1. გურულმა მანამდე ყვითელი ბარათი დაიმსახურა. ნუგზარ კვირტიას აზალ-ის რიგებში არ უთამაშია.

სომხეთი. გიორგი გოგატიშვილის (90 წუთი) "განძასარი" "შირაქს" დაუზავდა - 1:1.

ქართველთა "ულისი" შინ 1:2 დამარცხდა "არარატთან". გიორგი კაჭკაჭიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ბესიკ ჩიმაკაძე მე-60 წუთზე გამოცვალეს.

"მიკამ" 1:0 მოუგო "ბანანცს". ირაკლი კვეკვესკირი 69-ე წუთზე გამოჩნდა გამარჯვებულთა რიგებში.

უზბეკეთი. ტაშკენტის "ფახთაქორმა" 3:2 მოუგო ბეკობოდის "მეტალურგს", არადა, 83-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა. გუნდის კაპიტანმა კახა მახარაძემ შეუცვლელად ითამაშა. ქართველის გუნდი 60 ქულით ლიდერია.

გიორგი კვესიეშვილი სათადარიგო იყო, მისი "ყიზილყუმი" კი სტუმრად 0:1 დამარცხდა "კოკანდთან".

აშშ. ჩრდილოეთ ამერიკის სოკერ ლიგა. ზურაბ ცისკარიძე 73-ე წუთზე გამოჩნდა "სან ანტონიოს" შემადგენლობაში, რომელიც "ატლანტას" 3:3 დაუზავდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
განაზხადსჰიზ ვერ ხვდებიან და არ ჯობია საკარტველოსჰი იტამასჰონ
koka
19:55 28-09-2015
0
ისეთ გუნდებში თამაშობენ ჩვენი ბიჭები 1-2-ის გამოკლებით, რომ მათი წაკითხვისას გული "სიამაყით" აგევსება. როგორ გინდა, არ გქონდეს კაცს ამატი იმედი :(((
zura1504
12:36 28-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული