ჯერ "კოსმოსში", მერე "რედ ბულზში" - გიორგი ჩირგაძე ამერიკაში დაბრუნდა

AutoSharing Option
გიორგი ჩირგაძე 13 წლის იყო, მშობლებთან ერთად ამერიკაში საცხოვრებლად რომ გადავიდა.

საქართველოში წინსვლისთვის ჩამოსული 24 წლის თავდამსხმელი ისევ ამერიკაში დაბრუნდა - ჩირგაძე ისევ ნიუ იორკშია და ახალ კლუბში ჩარიცხვას ელოდება.

"კარიერა ამერიკაში დავიწყე. თავიდან "ნიუ იორკ რედ ბულზის" აკადემიაში ვირიცხებოდი, 2009 წლის ოქტომბერში კი მთავარ გუნდში ამიყვანეს, სადაც ტიერი ანრისა და რაფაელ მარკესთან ერთად ვვარჯიშობდი. ძირითად შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი არ ჩამიტარებია, მაგრამ გუნდის ფორმა რამდენიმე ამხანაგურ მატჩში მოვირგე.

თუმცა ტრავმამ ფორმიდან ამომაგდო, კონტრაქტი 2012 წელს დამიმთავრდა და ამერიკაში სხვა კლუბის
მოძებნა ვერ შევძელი. საქართველოში ამიტომაც დავბრუნდი - სათამაშო პრაქტიკისა და ფორმის აღდგენის იმედი მქონდა", - ამბობს ჩირგაძე.

ახალგაზრდა ფეხბურთელს საქართველოში კარიერა ვერ აეწყო. გიორგის ამის მიზეზებზეც დავეკითხეთ:

"თავიდან ამის იმედი გამიჩნდა, რადგან რუსთავის "მეტალურგში" კარგი სეზონის შემდეგ თბილისის "დინამოში" მიმიწვიეს. ეს 2014 წლის ივნისში მოხდა და გუნდის მაისურით კარიერაში პირველი ტიტული, საქართველოს სუპერთასი მოვიპოვე.

ვგრძნობდი, რომ მალე საუკეთესო კონდიციებში შევიდოდი, მაგრამ გუნდიდან ზაფხულში გამიშვეს. ასე რატომ გადაწყვიტეს, ჩემთვის უცნობია, მაგრამ გული ძალიან დამწყდა. ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ვთამაშობდი და გუნდს დროულად ამიტომაც ვერ შევეწყვე, მაგრამ "დინამო" ჩემი საყვარელი გუნდია.

იმედი მაქვს, კარიერას ავაწყობ და ბოლოს "დინამოში" დავასრულებ".

ჩირგაძე ამერიკაში დაბრუნების მიზეზებზეც გველაპარაკა:

"თბილისის "დინამოდან" წამოსული უგუნდოდ ვიყავი, როცა შემოთავაზება გამოჩნდა - კონკრეტულად, "ნიუ იორკ კოსმოსიდან". მაგრამ ჩვენ შორის მოლაპარაკება გაიწელა, სეზონიც დაიწყო და შევჩერდით, რადგან გუნდი დაკომპლექტებული იყო.

ჯერჯერობით, უგუნდოდ ვარ, მაგრამ სეზონი მალე მთავრდება და იმედია, ნორმალურ კლუბში ჩავირიცხები".

გიორგი არ ჩერდება და გუნდთან ერთად ემზადება:

"თავიდან "ნიუ იორკ კოსმოსში" ვვარჯიშობდი, ახლა კი "ნიუ იორკ რედ ბულზის" მეორე გუნდთან ვიწყებ ვარჯიშს. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ამ გუნდში აუცილებლად დავბრუნდები. ისე, ვიცი, რომ "კოსმოსიც" დაინტერესებულია და "რედ ბულზიც". ვნახოთ, რომელში ჩავირიცხები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯობია მუვინგს მიაწვე
tieri henry
15:34 15-10-2015
0

სიახლეები პოპულარული