გიორგი არაბიძე: შემიძლია გულშემატკივარს შევპირდე, რომ არ მოვდუნდები

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" 17 წლის ქართველ ფეხბურთელზე, გიორგი არაბიძეზე უკანასკნელ პერიოდში ძალიან ბევრი იწერება, რაც ბუნებრივია...

ახლაც, დონეცკელთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე ოქტომბერში, "შახტარის" საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს და მასში უკვე დაახლოებით 4 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, 61%-ით კი ქართველი ჭაბუკი ლიდერობს.

ვასილ მაისურაძემ არაბიძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში იხმო. შეგახსენებთ, რომ 12-დან 17 ნოემბრის ჩათვლით, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს თბილისში ჩაატარებს.

Sportall.ge გიორგის დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუ ჩამოართვა.

- ბოლო პერიოდში უკრაინული და არამხოლოდ უკრაინული პრესა ძალიან ბევრ დადებითს წერს
გიორგი არაბიძეზე. როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი შენზე?

- არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივად ვიღებ ამ ყველაფერს და ვაგრძელებ ვარჯიშს.

- "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში თავის გამოჩენის შემდეგ, მთავარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ჯერ თასზე გათამაშა, შემდგომ ჩემპიონატში, რითაც "შახტარის" ისტორიაში, როგორც ჩემპიონატში მოთამაშე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი შეხვედი. რამდენად კმაყოფილი იყო მწვრთნელი შენი თამაშით?
- ლუჩესკუს ძირითად გუნდში ჩემი ხილვა ადრევე სურდა, მაგრამ ჯერ იუნიორთა ლიგაზე მომიწია თამაშმა "მალმიოსთან" და შემდეგ პირველ გუნდში.

მთავარი ის არის, რომ მოვწონვარ მწვრთნელს, ჩემით კმაყოფილია. ახლა ადაპტაციის პერიოდი მაქვს, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრებას შევეცდები.

- ქართველ გულშემატკივარს გიორგი არაბიძის სახით ახალი იმედი გამოუჩნდა, მაგრამ ამ იმედთან ერთად ქართული სენის შიშიც... თუმცა მიხეილ მეტრეველმა "ლელოსთან" საუბრისას განაცხადა, "არაბიძე ყოველი ვარჯიშის შემდეგ ბაზაზე რჩება და ნაკლის გამოსწორებაზე ვარჯიშობსო". როგორია გიორგი არაბიძის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები?
- შემიძლია გულშემატკივარს შევპირდე, რომ არ მოვდუნდები. გზიდან ყოველგვარი გადახვევის გარეშე გავაგრძელებ ვარჯიშს და ვეცდები ბევრს მივაღწიო.

- "შახტარის" კაპიტანმა, დარიო სრნამ ახლახან თქვა, არაბიძემ გუნდური თამაში უნდა ისწავლოსო. ამ მხრივ თუ მუშაობ?
- საერთოდ, გუნდურ ფეხბურთს ვთამაშობ. უბრალოდ, 19-წლამდელების დონე პირველი გუნდის დონისგან ძალიან განსხვავდება, ამიტომ ახალგაზრდულში საკუთარ თავზე თამაშის აღება უფრო ხშირად მიწევს.

-რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს უკრაინის მოქალაქეობას და უკრაინის ნაკრებში თამაშს გთავაზობდნენ...
-კი, ნამდვილად იყო შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი. 

- და ბოლოს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები: 12-ში იწყებთ უელსთან. როგორია მოლოდინები და რამდენად ითამაშებს ნაკრების შედეგზე ის ფაქტორი,რომ სამივე შეხვედრის ჩატარება საკუთარ მოედანზე მოგიწევთ?
- წინ კარგი მატჩები გველის. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. დარწუნებული ვარ, გულშემატკივარი მოვა და მხარს დაგვიჭერს. ევროპის ჩემპიონატია, მეტი სტიმული რაღა უნდა იყოს?!

ესაუბრა ედო ბადალაშვილი
მკითხველის კომენტარები / 14 /
უდაოდ კაშკაშა გამონათებაა არაბიძე და ძალიან ბევრი უნდა იშრომოს, რომ მიაღწიოს იმას, რასაც ასე ელის ქართველი გულშემატკივარი!!! ასეთი ნიჭის განიავება სამშობლოს ღალატის ტოლფასია!!! ბევრი შრომა, პროფესიონალიზმის ამაღლება და...თუ გინდა ნურც წაიკითხავ ამ კომენტარს...ოღონდ ყოველთვის მომატებაზე იფიქრე ნიკა და არ გაჩერდე!!! :) :) :)
არგენტინელი
14:57 07-11-2015
0
აი ნამდვილი ქართველი... შეეწიოს ღმრთისმშობელი
ლევან
15:32 07-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული