ლუკას ჰუფნაგელს "ბაიერნში" ენდობიან

AutoSharing Option
გერმანიის ჭაბუკთა ლიგაში მარტამდე შესვენებაა გამოცხადებული და მისი მონაწილენი ტონუსს ამხანაგური მატჩებითა და სხვადასხვა ტურნირებით ინარჩუნებენ. სასიხარულოა, რომ "ბაიერნის" 17-წლამდელთა გუნდის თამაშებს თითქმის არ აკლდება ლუკას ჰუფნაგელი. არადა, სეზონის სტარტი მას ტრავმის გამო გაუცდა და კონდიციები შემოდგომაზეღა აღიდგინა - სწორედ იმ დროისთვის, როცა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა და ჩვენი გუნდის ელიტრაუნდში გასვლაში თავის წვლილი შეიტანა.

ლუკასს მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული - "აინტრახტისა" და "კარლსრუეს" წინააღმდეგ შეცვლაზე შევიდა, "ფიურტთან" კი ძირითადში იყო. მანამდე იგი ჯერ ტრავმის,
ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრებში გამოძახების გამო ვერ თამაშობდა.

ინტერნეტში "ბაიერნის" 17-წლამდელთა მწვრთნელის, ფრანც ბეკენბაუერის ვაჟის შტეფან ბეკენბაუერის კომენტარს წავაწყდით, სადაც იგი რამდენიმე ფეხბურთელის გამოჯანმრთელებით კმაყოფილებას გამოთქვამს და ლუკასზე ცალკეც საუბრობს, სადაც მის პროგრესს უსვამს ხაზს.

გერმანიაში ჭაბუკთა ლიგა 3 მარტს განახლდება და რაკი ჰუფნაგელს ამხანაგურებში სისტემატურად ათამაშებენ, წესით, ძირითადში მოხვედრის რეალური პრეტენდენტიც უნდა იყოს. 17-წლამდელთა ლიგის სამხრეთ ზონაში, რომელშიც 14 გუნდი გამოდის, "ბაიერნი" მე-4 ადგილზეა.

სხვათა შორის, მასზე ერთი ადგილით წინაა "მიუნხენ 1860", რომლის რიგებშიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატ ლუკა ჩხაიძეს სამი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული.

ჰუფნაგელი საქართველოს ნაკრებს თებერვლის ბოლო რიცხვებში შეუერთდება და ესპანეთში იქაურ 17-წლამდელებთან ჩასატარებელ ამხანაგურ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, რის შემდეგაც ცოტა ხნით "ბაიერნს" დაუბრუნდება და მერე ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის წინ შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული