რატომ წამოვედი...
- შოთა, შეაფასეთ "ტრაბზონსფორის" მწვრთნელის რანგში გატარებული პერიოდი...- სეზონის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მივედი "ტრაბზონსფორში". დროის დეფიციტი იყო, მაგრამ მაინც ჩავთვალე, რომ ასეთი არჩევანი უნდა გამეკეთებინა. გუნდში 47 ფეხბურთელი დამხვდა. შევკვეცე შემადგენლობა 22 კაცამდე. ამ დროს ყოველთვის არის უკმაყოფილების მომენტი. ვიღაცას შეიძლება წამითაც არ უთამაშია, მაგრამ ახალი სეზონი იწყება და იმედი აქვს, ითამაშებს. შეკრებაზე
გინდა თუ არა, ასეთ დროს ყალიბდება გარკვეული კონფლიქტური სიტუაცია. ამას გარდა, ბოლო 4 თვის განმავლობაში არ იყო ხელფასები... ვიღაცამ, ალბათ, იფიქრა - 2 მილიონი მაქვს ამ ფეხბურთელში გადახდილი და ამას როგორ არ ათამაშებთო?!. მთავარი მაინც ის იყო, რომ "ტრაბზონსფორში" რამდენიმე აზრი ეჭიდავებოდა ერთმანეთს. თუნდაც მმართველი კომიტეტის, გულშემატკივრების, ხელმძღვანელობის... ევროპის ლიგაზე "რაბოტნიჩკისთან" იმიტომ ჩაგვივარდა თამაში, რომ ძალიან ცოტა დრო გვქონდა მოსამზადებლად...
მოკლედ, ცუდი პერიოდი დაემთხვა... თუნდაც, მსაჯების მიერ დაშვებული არანორმალური შეცდომები ავიღოთ - აქეთ დებდნენ ყველა საეჭვო პენალტს, "ოფსაიდს", იქით - არა. თან პენალტებიც გავაფუჭეთ.
- შორს ვართ ეგრეთ წოდებული შეთქმულების თეორიებისგან, მაგრამ მაინც რა ხდებოდა გუნდის შიგნით? ხომ არ იყო თამაშის შეგნებულად ჩაგდების მომენტი? მეტადრე მას მერე, რაც გუნდის ძირითადი მეკარე არ დააყენეთ?
- არა, არანაირი შეთქმულება. არ ჩამითვალოთ გადაჭარბებად, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ძალიან დიდი ნდობით ვსარგებლობდი "ტრაბზონსფორში". ეს ეხებათ, უპირველეს ყოვლისა, ქომაგებს.
- რთულია თურქეთში მუშაობა?
- თუ "ტრაბზონსფორს" არ ჩავთვლით. 3-3 წელი ვიმუშავე "ქაისერისფორსა" და "ქასიმფაშაში". ანუ, ჯამში - 6 წელიწადი. დამიჯერეთ, ეს ხშირად არ ხდება. იქ ძალიან მალე იცვლებიან მწვრთნელები.
- თურქულ პრესაში დაიწერა, შოთა არველაძემ "ტრაბზონსფორის" ყოფილ პრეზიდენტთან ივახშმა და ამან კლუბის დღევანდელი მესვეურები გაანაწყენაო...
- იმ კაცთან, "ტრაბზონის" ყოფილ პრეზიდენტთან, დიდი ხანია კარგი ურთიერთობა მაქვს. 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, საზღვარზე დამხვდა, ოჯახი თურქეთში რომ გადამეყვანა...
მე არ წავედი ვახშამზე. არაფერი ისეთი, უბრალოდ, "ტრაბზონის" ხელმძღვანელობას გავუწიე ანგარიში. აჩი და მამაჩემი საჭმელს ვისთან შეჭამენ, ეს მათი საქმეა...
ისე, "ტრაბზონში" სულ ასე იყო - მე უნდა გამეცა ენერგია. განსაკუთებით მომთხოვნი ქომაგები არიან. 5 ტურის მერე პირველ ადგილზე ვიყავით. ფრე ვითამაშეთ. გადაირივნენ გულშემატკივრები, ჩვენს ავტობუსს ქვები დაუშინეს... ჩავედი, რა ხდება-მეთქი? მეო, ერთმა მითხრა, ერთ-ერთი კარის უკან რომ ქომაგების დაჯგუფებაა, იმის ხელმძღვანელი ვარო. ვუთხარი - მე კი მწვრთნელი ვარ და ორივე კარს უკან მსხდომი გულშემატკივრები ძალიან მჭირდება-მეთქი. ასეთი სიტუაცია იყო.
ყველა ჩხუბობს, ყველა ერთმანეთს უღრენს
- არსებობს საყოველთაო აზრი, რომ შოთა არველაძე, კარიერის ყველა ეტაპზე, ყოველთვის სწორ ნაბიჯს დგამდა. დღევანდელი გადასახედიდან ხომ არ მიგაჩნიათ, რომ "ტრაბზონსფორში" მისვლა შეცდომა იყო? ეს არ არის რიგითი კლუბი თქვენს ცხოვრებაში, ამიტომ პასუხისმგებლობის თამასა ძალიან მაღლა იყო აწეული...- ეტყობა, ეს ეტაპიც უნდა გამევლო. თან კიდევ, როცა მივიღე შემოთავაზება, თავისუფალი ვიყავი. უბრალოდ, სპეციფიკური ქალაქია ტრაბზონი. პატარაა, ყველა ყველას იცნობს. ქორწილში ან პანაშვიდზე რომ მიხვალ და ათასი ნაცნობი შეგხვდება, დაახლოებით ისეა. მაგრამ იმ წლებთან შედარებით, მე და აჩი რომ ვთამაშობდით, ხალხი დღეს თითქოს ნაკლებადაა ბედნიერი. მიკვირს, რატომ არის ასე. ცხოვრება წინ წავიდა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა... ზღვის მხარეს არაფერი არ იყო მაშინ, ახლა ბევრი რამეა აშენებული...
ბევრ ინტრიგას შევეჩეხე. ყველა ჩხუბობს, ყველა ერთმანეთს უღრენს... მოკლედ, საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა.
- რა მოგცათ "ტრაბზონსფორში" გატარებულმა თუნდაც ამ მცირე დრომ, როგორც მწვრთნელს?
- რაღაც გამოცდილება მაინც შევიძინე. ბოლოს ისე იყო, რომ საშინაო მატჩებში გაცილებით გვიჭირდა, ვიდრე სტუმრად...
- "ქაისერსა" და "ქასიმფაშაში" როგორ იყო?
- ესენი მაინც პატარა გუნდები არიან, "ტრაბზონსფორი" სულ სხვა გაქანებაა. "ქასიმფაშასა" თუ "ქაისერის" მატჩებზე 3-4 ათასი კაცი თუ მოდის, ტრაბზონში თამაშს ხანდახან 25 ათასი ქომაგიც შეიძლება დაესწროს...
ზარი რუსეთიდან
- ახლა თავისუფალი ხართ. შეთავაზებები თუ გაქვთ?- არის წინადადებები. გუშინ სოლიდური რუსული კლუბიდან დამირეკეს....
- მოსკოვის "დინამოდან" ხომ არა?
- მოდით, არ გვინდა დაკონკრეტება...
- ისე, რუსეთში იმუშავებდით?
- ვერ ვიტყვი, რომ იქაურ პრემიერლიგას კარგად ვიცნობ. მხოლოდ იმ შთაბეჭდილებებით შემოვიფარგლები, რაც ფეხბურთელობისას მქონდა მათი გუნდების წინააღმდეგ თამაშისას და მერეც, როცა რუსულ კლუბში მოთამაშე ამა თუ იმ ფეხბურთელს ვაკვირდებოდი...
საერთო დონე მაღალია და ეს ფაქტია. ორი გუნდი თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, თან პირდაპირ ჯგუფში გადიან...
უახლოეს მომავალში ჩემთვის პრიორიტეტულია დასვენება. 18 წლიდან პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დავისვენე. პირველად - ტრავმა რომ მივიღე და 3 თვე მოვუნდი მკურნალობას, მერე - "ქასიმფაშადან" რომ წამოვედი. ერთი რამ მაქვს კიდევ გეგმაში - თბილისში, ჩემს ოჯახში შევხვდე ახალ წელს.
- მაინც როგორი დონის ტურნირია თურქეთის სუპერლიგა?
- მეტი "ფიზიკა" და შედეგისკენ ლტოლვა, ნაკლები ფეხბურთი - მოკლედ ასე დავახასიათებდი. მწვრთნელთა უმრავლესობისთვის მთავარი მიზანი ის არის, არ გაუშვას გოლი. ვერც ვამტყუნებ - რომ გაიხსნა და გაუშვა, მერე გატანა ჭირს. ჯობია, ქულა ხელში დაიჭირო და თუ მოიგებ, კარგი იქნება - დაახლოებით ასეთი მიდგომაა...
- რატომ ჩაიშალა ლორიას ტრანსფერი "ტრაბზონსფორში"?
- "ოლიმპიაკოსმა" ჩაშალა ეს ტრანსფერი. ბოლო დღემდე გააჭიანურეს. მერე ონურთან დაკავშირებული ამბები იყო... "ოლიმპიაკოსი" დიდი კლუბია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის ამ შემთხვევაში არაეთიკურად მოიქცა.
საშუალო ფეხბურთელებმა რა ქნან?
- სანამ სხვა თემებს შევეხებოდეთ, სანაკრებო წელიც შევაფასოთ...- ფეხბურთი ამ ქვეყნის ღვიძლი შვილია და ვერ ვიტყვი, რომ ის მიჩანჩალებს უკან და სხვა სფეროებში მივფრინავთ. სახლის ძაღლიც ძაღლია და ქუჩის ძაღლიც, მთავარია, სწორად მივუდგეთ საკითხს, სწორად გაკეთდეს საქმე... მე რაღაცას ვაკეთებ და შენ მიყურებ, მერე მეშლება რაღაც და მაკრიტიკებ. ასე შორს ვერ წავალთ... მოდი, იმ ჩემს გაკეთებულ საქმეს შენც შემატე ცოტა. ასე არ აჯობებს? ვინც არაფერს აკეთებს, ის არ ცდება.
- ეტყობა პროგრესი საქართველოს ნაკრებს?
- უდავოდ. ჩანს, რომ ახალი მწვრთნელი თამაშის წინ რაღაცას ალაგებს, რაღაცას თვლის... შეტევას და ბურთის ფლობას ვცდილობთ... ადრე ეროვნულ ნაკრებში იყო რაღაც გამონათებები, მაგრამ ასაკობრივები ვერ თამაშობდნენ. ახლა პირიქითაა. აგერ, ალბანეთი გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი ტალანტები რაღაც მომენტში ჩერდებიან, ვეღარ პროგრესირებენ. ჩვენ გეგმაზომიერად უნდა ვიაროთ წინ. სულ ვოცნებობ, რომ ბოლომდე "ვიჭიდავოთ" შესარჩევ ციკლში, ბოლომდე გაგრძელდეს მოლოდინი, აჟიოტაჟი... შეიძლება ბოლოს წააგო და ვერ გახვიდე, მაგრამ ეს წაგება არ დაგანგრევს. პირიქით, გაიზრდები და ერთ დღესაც გახვალ ჯგუფიდან...
ჩვენ ცხვირაწეულები გავედით ესტონეთთან სათამაშოდ. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ, სასიამოვნოც კი იყო. ეტყობა, მოკლე ხანში გუნდმა ირწმუნა თავისი შესაძლებლობების. გამოდის, რაღაც მიზეზი გვქონდა საიმისოდ, რომ ცხვირი აგვეწია - შოტლანდიასთან მოგება, გერმანიასთან კარგი თამაში...
- წეღან თქვით, ქართველი ტალანტები რაღაც მომენტში ზრდას წყვეტენ, ვეღარ პროგრესირებენო. რატომ ხდება ასე?
- მარტივად გეტყვით. პოლონელი, ბოსნიელი, შვედი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი უკვე ევროპაშია. ქართული პასპორტით კი ძალიან ჭირს ევროპული კარიერის აწყობა. მაგალითად, ლაშა დვალი - იყო თურქეთში და ეს ტრამპლინად უნდა ქცეულიყო, მაგრამ მერე, მიზეზთა გამო, ლატვიაში დაბრუნება მოუხდა. ახლა ისევ თავიდან დაიწყო. განა, ვინმეზე ნაკლებია დვალი?
თურქებმა ლიმიტი მოხსნეს ლეგიონერებზე. ჩვენთვისაც კარგია ეს. ოთარ გოშაძე წავიყვანე "ქასიმფაშაში". მე უკვე ორი წელიწადია წამოვედი იქიდან, ოთო კი ისევ იქ არის. გამოდის, იმსახურებს იქ ყოფნას... აგერ, გიორგი არაბიძე წავიდა "შახტარში" და ეს ძალიან კარგია. ამ დროს საშუალო ფეხბურთელებმა რა ქნან? გუნდში მათი როლი ხომ უმნიშვნელოვანესია? ბევრი ხომ გვიან იხსნება?
ჩამოვიდა შვედეთის ახალგაზრდული ნაკრები და მოგვიგო. რატომ? შვედი ახალგაზრდა, პირობითად, მიდის ინგლისის ჩემპიონშიფში. მერე იქიდან გადადის ან პრემიერლიგაში, ან ევროპაში. თუ ევროპაში მიდის, თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში... შვედ ბავშვს რომ ეტყვი, შვიდ საათზე დაიძინეო, შვიდის ათ წუთზე უკვე სძინავს, ქართველი ცხრის ნახევარზე ისევ ფეხზეა. ესაა რეალობა...
გადაირია ვან გაალი...
- ნაკრებს დავუბრუნდეთ. უშუალოდ სათამაშო კონცეფციაში რა სიახლეებს ხედავთ?- თუნდაც, შეტევისკენ სწრაფვა, ბურთის ფლობა... სულაც არ არის აუცილებელი, ორი სათამაშო სისტემა ჰქონდეს გუნდს. მით უმეტეს, თუ საქმე ნაკრებს ეხება. გუნდში ჰარმონიული სიტუაციაა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენჯერმე ნაკრებმა 4-3-3 სქემითაც ითამაშა. საგოლე მომენტები გვექმნება. მთავარია, მომენტი შეიქმნას.
- თქვენი აზრით, სწორი იქნება, რომ ყველა ასაკობრივმა ნაკრებმა ეროვნულის სისტემით ითამაშოს?
- მესმის, ეს ყველას ძალიან გვინდა, მაგრამ აქვე კონტრშეკითხვა მაქვს - რამდენია ისეთი მწვრთნელი საქართველოში, რომელსაც პროლიცენზია აქვს? პირობითად ვამბობ. მოხვალ, გაუშვებ ერთ მწვრთნელს, დანიშნავ მეორეს. მერე, იმ მეორის წასვლის დრო რომ მოდის, ისევ იმ მწვრთნელს უბრუნდები, შენ რომ გაუშვი... ასეთია ჩვენი რეალობა...
- იზიარებთ თუ არა აზრს იმის თაობაზე, რომ დღეს ინდივიდუალისტები გვაკლია?
- ვერ გავიზიარებ ამ აზრს. მაშ, ვინ არიან ჭანტურია? ვაკო? ოქრიაშვილი? ყენია?..
- გამტანი ფორვარდის პრობლემას ხედავთ?
- ერთ ამბავს გავიხსენებ. მაშინ ლუის ვან გაალი იყო ჩემი მწვრთნელი. ერთ-ერთი თამაშისას ბევრი მომენტი გავაფუჭე და გადაირია ვან გაალი - რა გჭირსო?! მე კი პირიქით, გამიხარდა - კარგად "წავიკითხე" თამაში, ვაჯობე მცველებს, შემექნა მომენტები... დღეს თუ არა, ხვალ ამ მომენტებსაც გამოიყენებ...
დალაგებულ თამაშში გაცილებით იოლია გოლის გატანა, ესეც ფაქტია. ბოლო დროს საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე კარგი გოლი შეაგდო...
ჰოდა, შეფუთე ეს ყველაფერი კარგად!
- როგორ უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა ეროვნულ ჩემპიონატში?- წინა სეზონის მატჩზე ვიყავი, "დინამო" "ტორპედოს" ხვდებოდა. 3:2 მორჩა. მშვენიერი თამაში იყო, მაგარი გოლებით... იცით, რა აკლდა თამაშს? მხოლოდ მაყურებელი და ღამის განათება. რა არის თბილისისთვის ბრენდი? თამამად ვუპასუხებ - ერთ-ერთი მთავარი ბრენდი არის "დინამო". ჰოდა, შეფუთე ეს ყველაფერი კარგად!.. აკადემიები მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია "დინამოა". ბაზა გარემონტდა... აჩვენე ეს ყველაფერი ხალხს. ევროპაში ახსოვთ და უყვართ "დინამო", დავით ყიფიანი და საშა ჩივაძე ახსოვთ...
- რა არის შოთა არველაძის სამწვრთნელო კრედო?
- შეტევა, ბურთის ფლობა, სანახაობრივი ფეხბურთი... რა თქმა უნდა, არის ისეთი თამაშები, სადაც შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს და მოწინააღმდეგიდან გამომდინარე, სხვანაირად თამაშობ...
- შეიძლება თუ არა ითქვას, რომ დღეს შემტევი ფეხბურთი კვლავ დომინანტი ხდება?
- ვერ ვიტყოდი ასე... გააჩნია კლუბს. არ გახსოვთ კაპელო? "რეალში" ტიტულები მოიგო, მაგრამ მაინც გაუშვეს.
- არველაძეების გარეშე ქართული ფეხბურთი რთული წარმოსადგენია. როგორ ხედავთ თქვენს თავს ამ ორომტრიალში?
- არ გვინდა საკითხის ასე დაყენება - ამის გარეშე, იმის გარეშე... მთავარია, საქმე გაკეთდეს და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გააკეთებს. ჩვენ გვაქვს ფონდი. 2 მილიონი ლარია უკვე დახარჯული. შეგვეძლო, სახლში წაგვეღო ეს ფული, ბავშვები იზრდებიან, უცხოეთში სწავლობენ... მაგრამ ამაზე არ არის ახლა ლაპარაკი. რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნები? მთავარია, საქმე აკეთო!..
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"