"იმდენი და ისეთი გუნდებიდან მაქვს შემოთავაზება, რომლებზე ვერც კი ვიოცნებებდი"

AutoSharing Option
ახლახან ერთერთმა ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ელმირ ნაბიულინი და საბა კვირკველია ყაზანის "რუბინს" ამ ზამთარს დატოვებენ... ამას მალევე მოჰყვა ცნობა, რომლის თანახმად ნაბიულინით "საუთჰემპტონია" დაინტერესებული. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, საბას მომავალი გვაინტერესებს.

Sportall.ge ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" მცველს რუსეთში დაუკავშირდა.

- რუსეთის ჩემპიონატში, 16 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-9 პოზიციაზე ხართ. შეიძლება ერთგვარი კრიზისი ვუწოდოთ ამას?
- გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა. ბოლო ჩატარებული 5 შეხვედრიდან 4 მოვიგეთ. სატურნირო
მდგომარეობას რაც შეეხება, ახალი ხელმძღვანელობა გვყავს, უფროსობა შეიცვალა და მარტივი არ არის ასე სწრაფად ცვლილებებთან შეგუება. თუმცა ყველაფერი ლაგდება და მიმდინარე სეზონშიც მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ.

- მაქსიმუმი რა არის?
- ევროტურნირებზე მოხვედრა, რა თქმა უნდა.

- შვეიცარული "სიონის" დამარცხებით (2:0) ევროპის ლიგაზე ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვეთ, მაგრამ ეს შანსი მცირეა...
- დიახ, "ბორდოს" სტუმრად უნდა მოვუგოთ და "ლივერპულმა" "სიონს" უნდა მოუგოს. თან "ლივერპულს" ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად ქულაც ჰყოფნის. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.

- "სიონთან" შეხვედრამდე "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ჩალიმ გამოცდილება დაგიწუნა, ლიდერობისთვის ჯერ მზად არ არისო. შენ როგორ მიიჩნევ, რამდენად მზად ხარ ლიდერობისთვის?

- ჩემთვის მთავარია ვითამაშო და გუნდს გამოვადგე. მწვრთნელია და თავისი მოსაზრება აქვს. მაგრამ ფაქტია, ყველა მწვრთნელს კარგად მოვერგე, მენდობიან, ანუ თავს კარგად წარმოვაჩენ და გუნდში თამაშის ღირსი ვარ.

- "ენფილდზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ ითამაშე. ბევრი ვერ დაიტრაბახებს იქ თამაშით. როგორი შეგრძნება იყო?
- საოცარი. სიმართლე გითხრათ ასეთი გულშემატკივარი არსად მინახავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ტაშს გვიკრავდნენ. სულ სხვა გარემოა, სულ სხვა ფეხბურთია. დაუვიწყარი იყო.

- თამაშის შემდეგ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი შენთან მოვიდა და ხელი ჩამოგართვა. რა გითხრა კლოპმა?
- მადლობა გადამიხადა თამაშისთვის, კარგი ბიჭი ხარ და წარმატებებს გისურვებო.

- თავად კლოპზე რა აზრის ხარ?

- საუკეთესო თუ არა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ნამდვილადაა. "ლივერპულში" ახალი მისულია და თამაშიდან თამაშამდე ეტყობა გუნდს მომატება. ჩვენთან თამაშის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" სტუმრად 1:4 მოუგეს. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

- გუშინ ტვიტერზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაწერა, კვირკველია და ნაბიულინი ზამთარში "რუბინს" დატოვებენო. დღეს ნაბიულინზე გავრცელდა კიდეც ინფორმაცია, "საუთჰემპტონი" მოლაპარაკებებს მართავს. შენს შემთხვევაში როგორაა? გაქვს შემოთავაზებები? ხმები იყო "ლივერპულსაც" უნდაო...
- სიმართლე გითხრათ, არსად წამიკითხავს ჩემს ტრანსფერზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იმდენი და ისეთი გუნდებიდან მაქვს შემოთავაზება, რომლებზეც ვერც კი ვიოცნებებდი.

არ ვარ ის ფეხბურთელი, ვინც კარგი გუნდიდან ინტერესით კმაყოფილდება და პირველივე შემოთავაზებაზე გასაქცევად მზადაა. ჩემთვის მთავარია იქ ვიყო, სადაც კარგ დამოკიდებულებას ვიგრძნობ. "რუბინში" ნამდვილად ვგრძნობ ამას. რა იქნება მომავალში, არ ვიცი.

თან ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩემი შეძენა გუნდს იაფი არ დაუჯდება. "რუბინი" ძვირად მაფასებს, დაახლოებით 5 მილიონ ევროდ, რაც მცირე თანხა არაა. ამიტომ ვერაფერს გეტყვით კონკრეტულად.

-ეროვნული ნაკრები... თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებშიც ითამაშე და კახა ცხადაძისაც. შენი აზრით, რა შეიცვალა ახალი მწვრთნელის მოსვლით და რომელ სტილში უფრო კომფორტულად გრძნობდი თავს?
- ფეხბურთელი არ ირჩევს თამაშის სტილს. მწვრთნელი რასაც ეტყვის, ის უნდა გააკეთოს. თემურ ქეცბაიას თავისი სათამაშო სტილი ჰქონდა, კახა ცხადაძეს - თავისი. მე როგორც ფეხბურთელი, ვალდებული ვარ, ჩამოვიდე ნაკრებში და ვითამაშო ის ფეხბურთი, რასაც მწვრთნელი დამავალებს. მზად უნდა ვიყო ნებისმიერი სტილისთვის. მე რომ ცუდი ფეხბურთელი ვიყო და ვერ ვასრულებდე საქმეს, რომელიმე მწვრთნელი გამომიძახებდა?!

- ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიგიღია. როგორ შეაფასებ ნაკრების თამაშს?
- ამას გულშემატკივარზე უკეთ ვერავინ შეაფასებს. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შედეგი ასე უცებ არ მოდის. დროა საჭირო. ფეხბურთელები ნაკრებში საღლაბუცოდ არ ჩამოვდივართ - პასუხისმგებლობას ვგრძნობთ.

ჩემთვის ჯერ ნაკრებია, შემდეგ კლუბი. რუსეთს სწორედ იმიტომ ვუთხარი უარი მოქალაქეობასა და მათ ნაკრებში თამაშზე, რომ ჩემთვის ჩემი მშობლიურია მთავარი, მისთვის მინდა ჩავდიოდე და 90 წუთი ვიხარჯებოდე მოედანზე. რად მინდა ფული სიყვარულის და პატივისცემის გარეშე?!

ნაკრების ფეხბურთელები ვცდილობთ და მჯერა, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.
მკითხველის კომენტარები / 19 /
სახოლ საბა დზალიან მაგარი კაცი ხარ გაფასებდი და დაგაფასებ ასმაგად იმედია ვინც ცაიკიტხავს შენს ინტერვიუს მიხვდება რატომ ვცერ ამ სიტყვებს, მოკლედ ჯიგარი ხარ.
daviti
20:49 30-11-2015
0
წარმატებები
jermi
18:12 28-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული