გიორგი ლორია: ყოველთვის მსურდა რუსულ ჩემპიონატში თამაში

AutoSharing Option
რუსული ვებ-გვერდი progorodsamara.ru საქართველოს ეროვნული ნაკრების და "კრილიას" მეკარის გიორგი ლორიას საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.

- როგორ მოხვედი ფეხბურთში?
- პატარაობაში ხშირად მიწევდა საფეხბურთო სკოლა "ავაზასთან" გავლა. ძალიან მომწონდა, როგორ თამაშობდნენ ფეხბურთს ბავშვები და 8 წლის ასაკში მამას მანდ წაყვანა ვთხოვე. მას შემდეგ "ავაზაში" 9 წელი გავატარე.

პირველ შეკრებაზე მწვრთნელმა მითხრა, რომ კარში უნდა ჩავმდგარიყავი. 90-იანი წლები იყო და კარებს ქვებით ვაკეთებდით - ქვით ვარჩევდით საზღვრებს. პირველი ბურთი ფეხებშუა გამივიდა.

არც კი ვიცოდი რა უნდა მექნა. შემდეგ მარჯვენა მცველად თამაში
ვცადე, გოლიც კი გავიტანე, მაგრამ ეს პოზიცია ბევრ სირბილს მოითხოვდა, ამიტომ კარებში დავბრუნდი. "ავაზაში" თავიდან ანგულაძე გვავარჯიშებდა, შემდეგ მისი შვილი, ბოლო ორი წელი კი კახა კაჭარავა და ნოდარ აკობია.

- სხვა სპორტის სახეობაში ხომ არ გდომებია თავის გამოჩენა?
- 7 წლის ასაკში, სანამ ფეხბურთს დავიწყებდი, კალათბურთის თამაში ვცადე და არ მომეწონა. პატარა ვიყავი, კალათა კი იმდენად მაღლა იყო, ვერ ვიგებდი რა და როგორ უნდა მეკეთებინა. ერთი კვირა ვიარე და წამოვედი. ისე კი, ზოგადად, სხვა სპორტის სახეობიდან ფუტსალი მომწონს. ახლა აღარ ვთამაშობ, მაგრამ თბილისში მეგობრებთან ხშირად ვთამაშობდი. ფუტსალის დამსახურებით ფეხებით თამაში ვისწავლე.

- 17 წლის ასაკში "ავაზას" სკოლა დაამთავრე, რა მოხდა მერე?
- სიმაღლით დაბალი ვიყავი, ამიტომ დიდ ყურადრებას არ მაქცევდნენ. პერსპექტივასაც ვერ ხედავდნენ ჩემში. სკოლის შემდეგ ყველა გუნდებში გადაანაწილეს, მე კი არავის გავხსენებივარ.

"ავაზას" მწვრთნელმა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე "ვიტ ჯორჯიის" მეორე გუნდში მიხმო. რამდენიმე თამაში ჩავატარე და ზაფხულიც დადგა. სახლში წამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ მწვრთნელებმა მთხოვეს რამდენიმე თამაში კიდევ ჩამეტარებინა, რადგან მეკარეები არ ჰყავდათ. ერთ მომენტში გავიფიქრე, თავი ხომ არ დამენებებინა ფეხბურთისთვის, მაინც არავის მოვწონდი, მაგრამ საბოლოოდ დავთანხმდი.

აღმოჩნდა, რომ ეს მატჩები თბილისის "დინამოში" მოსახვედრად შესარჩევი თამაშები იყო, მე კი არაფერი ვიცოდი. სამი თამაშის შემდეგ კონტრაქტი შემომთავაზეს. ამის შემდეგ ფეხბურთზეც დავფიქრდი.

პირველი ხელფასი საკმაოდ მცირე იყო და მეგობრებში დავხარჯე. ხელფასსაც კი ვერ ვუწოდებ ამას, სტიპენდია იყო. აკადემიის შემდეგ კი "დინამოს" მეორე და პირველ გუნდში საერთო ჯამში 7-8 წელი გავატარე. ჩემთვის "დინამო" სახლი და ოჯახია.

- მშობლები ხომ არ იყვნენ წინააღმდეგი, რომ ფეხბურთი გეთამაშა?
- მამაჩემი, ნუგზარ ლორია კინორეჟისორია, დედა, მარიამი, ტელევიზიაში მუშაობდა, ჩემი და, ნინო კი მსახიობია. ფეხბურთში მამამ მომიყვანა და ჩემი არცერთი ვარჯიში არ გაუცდენია, რომ აღარაფერი ვთქვათ თამაშებზე. შეძლებისდაგვარად, დედაც ესწრეოდა თამაშებს და იღებდა კიდეც. ეს ყველაფერი ერთად გამოვიარეთ. ფეხბურთის მიტოვება ბევრჯერ მსურდა, ბევრი იმედგაცრუება, ცუდი ხალხი და უსამართლობა იყო, მაგრამ მამა ყოველთვის მხარს მიჭერდა და ის, რომ ფეხბურთელი გავხდი - მისი დამსახურებაა.

- რომელ იმედგაცრუებებზე საუბრობ?

- 20 წლის ასაკში "დინამოს" მთავარ გუნდში გადამიყვანეს, ბევრ შანს მაძლევდნენ, მაგრამ ცუდად ვიყენებდი. საბედნიეროდ, იყო ისეთი ხალხი, ვისაც ჩემი სჯეროდა.

ასეთი სიტუაცია იყო: თავიდან მწვრთნელი კახა ცხადაძე იყო, რამდენიმე კვირის შემდეგ ანდრეი ჩერნიშოვი მოვიდა. მას ძალიან მოვეწონე, მენდო და ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. ნახევარი წლის შემდეგ მის შემცვლელად კახა კაჭარავა მოვიდა. მან სეზონის დაწყება მანდო. 9 შეხვედრა ჩავატარე: 7 მატჩში საშინლად ვითამაშე, მერვეში ტურის სიმბოლურში მოვხვდი, მეცხრე კი კვლავ საშინლად ჩავატარე და ძირითადიდან ამომაგდეს.

ზამთარში სხვა მწვრთნელი მოვიდა - დუშან უჰრინი. შეკრებებზე თავი კარგად წარმოვაჩინე და ძირითადში დამაბრუნეს. რამდენიმე თამაში ჩავატარე, ისიც ცუდად და კვლავ სკამზე დამაბრუნეს.

შემდეგ გუნდმა ახალი მეკარე შეიძინა და 2 წლის მანძილზე გუნდის თამაშს თვალყური სკამიდან ვადევნე. 2 წელიწადში კვლავ მანდეს კარები. მაშინ თასის ნახევარფინალს ვთამაშობდით და იმდენად კარგად ვიდექი, ფინალშიც მათამაშეს, სადაც ორი პენალტი მოვიგერიე. ამის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრე და "დინამოს" რიგებში 200-მდე შეხვედრა ჩავატარე.

- როგორ ფიქრობ, რას უკავშირდება ეს წარუმატებლობები?
- ამაზე არ მიფიქრია. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ადრე იხსნებიან და, პირიქით - გვიან. მე მეორე ტიპს მივეკუთვნები. მაშინ მცირე გამოდილება მქონდა, მეკარეს კი ის ძალიან სჭირდება.

- ამბობენ, მეკარები უხეში ხალხიაო. შეგიძლია თქვა, რომ ამ კატეგორიას მიეკუთვნები?
- მე ასე არ ვფიქრობ. მეკარე მოედანზე ყველაზე მშვიდი უნდა იყოს. თავხედობა აუცილებელია, კი. ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ გოლი არ გავიდეს.

თუ ფორვარდმა 10 შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა, ამას ვერავინ შეამჩნევს, მეკარის 1 გაშვებულ გოლზე კი ყველა ილაპარაკებს. არსებობენ ისეთი ტიპის მეკარეები, ვინც ფეხბურთელებს უყვირის. მე არ მიყვარს ჩხუბი, მხოლოდ ვკარნახობ.

- ადის იახოვიჩს მსაჯებთან საუბარი უყვარს. გიწევდა თუ არა მსაჯებთან კამათი და ყვითლის მიღება?
- მსაჯისთვის მხოლოდ მაშინ შემიძლია რამის თქმა, როცა თერტმეტმეტრიანს ნიშნავს. ისე უბრალოდ - არასდროს. რისთვის ვედაო, მაინც არ შეიცვლის აზრს. ტყუილად ნერვებს არ მოვიშლი.

- კუმირი გყავს?
- ფეხბურთს პირველად 1994 წელს ვუყურე. მაშინ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდებოდა. იტალიას ვგულშემატკივრობდი და ძალიან მომეწონა ჯანლუკა პალიუკა. შემდეგ ის ჯერ მილანის "ინტერში" გადავიდა, მერე "ბოლონიაში" - ყველგან ვადევნებდი თვალყურს. ჯანლუიჯი ბუფონი მომწონს ძალიან, ის ჩემთვის მაგალითია.

- საკმაოდ დიდი ხანი ითამაშე საქართველოში, შემდეგ ბერძნულ "ოფიში" გადახვედი, როგორ მოხდა ეს?
- "დინამოდან" უცნაურად წავედი. ჩემს წასვლას სხვანაირად წარმოვიდგენდი. "აქტობესთან" დავმარცხდით და მეორე დღეს გუნდიდან 12 ფეხბურთელი გაუშვეს. ყველაფრის მიუხედავად, მეგობრულად დავშორდით, "დინამო" ჩემთვის გუნდზე მეტია. პრეზიდენტ რომან ფიფიასთან დღემდე მაქვს კონტაქტი. სიმართლეს ვიტყვი, წასვლა ყოველთვის მსურდა, მაგრამ იმ ერთი პირობით, თუ უფრო ძლიერ ჩემპიონატში ვითამაშებდი.

- ახალ ჩემპიონატთან შეგუება რთული იყო?
- საბერძნეთის ჩემპიონატი ძლიერია. ისეთი გუნდები თამაშობენ, როგორებიც "ოლიმპიაკოსი", "აეკი" და "პანათინაიკოსი" არიან, მაგრამ მე ისეთ გუნდში მოვხდი, სადაც ფინანსური პრობლემები იყო.

სამაგიეროდ გუნდს ჯენარო გატუზო წვრთნიდა, მეკარეებს კი გარტანო პეტრელი, რომელიც ბუფონთან და დე სანკტისთან მუშაობდა. მან ბევრი რამ მასწავლა, ჩემი დღევანდელი თამაში მისი დიდი დამსახურებაა.

საბერძნეთში ადაპტაციის გავლა მარტივი გამოდგა. კუნძულ კრიტზე ვცხოვრობდი, იქ კი ყოველთვის მზე ანათებს. გუნდში თამაშის მოსვლისთანავე თამაში დავიწყე და გულშემატკივარმა შემიყვარა.

ერთ წელიწადში საუკეთესო მეკარე გავხდი. შემდეგ "აეკიდან", "პაოკიდან" და "ოლიმპიაკოსიდან" შემოთავაზებები მივიღე. "ოლიმპიაკოსი" ავირჩიე, მაგრამ ისე განვითარდა მოვლენები, რომ 3 თვეში კონტრაქტის გაწყვეტა მომიწია და აქ აღმოვჩნდი.

- აქ მოსვლამდე რა იცოდი რუსულ ფეხბურთზე?
- ყოველთვის მსურდა რუსულ ჩემპიონატში თამაში. პირველ რიგში, რუსული ენა ვიცი, მერე კიდე მომწონდა არხი, სადაც აჩვენებდნენ და აანალიზებდნენ რუსულ ფეხბურთს. შემიძლია ვთქვა, რომ საბერძნეთთან შედარებით, აქ თამაში ბევრად რთულია. იქ გახსნილი ფეხბურთია, სულ შეტევები, აქ კი პირიქით. რუსეთში ძალიან ცივა: ხან ყინვაა, ხან თოვლი. თამაშის დროს სულ ვმოძრაობ, რომ არ გავიყინო. სიცხე კი, რომელიც საბერნეთში იყო არ მაწუხებდა, პირიქით მომწონდა. რუსეთში ძალიან რთული ჩემპიონატია და თუ აქ თავი გამოიჩინე ეს დიდი პლიუსია.

- "კრილიას" შემადგენლობაში თავს საკმაოდ დამაჯერებლად გრძნობ, არადა დიდი ხნის მანძილზე ევგენი კონიუხოვი ადგილს არავის უთმობდა.
- აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ სათადარიგოთა სკამზე ვყოფილიყავი. თავიდანვე ვთქვი, რომ თამაში მსურს.

- ზურაბ წიკლაური ამბობდა, რომ შენით "ჩელსი" ინტერესდებოდა...
- იმავე ღამეს, როცა "კრილიასთან" კონტრაქტი გავაფორმე, "ჩელსის" დირექტორმა დამირეკა, ჟოზე მოურინიომ ნახა შენი თამაშები და მოეწონეო. "ტიბო კურტუამ ტრავმა მიიღო, მეკარეს ვეძებთ და ორშაბათს ჩამოდი", - პირდაპირ ასე მითხრა. არც კი დავიჯერე. ავუხსენი სიტუაცია.

შემეძლო "კრილიაში" არც მოვსულიყავი და ახლა "ნოტინგემ ფორესტში" მეთამაშა. როცა "ოლიმპიაკოსთან" კონტრაქტი გავწყვიტე, "ნოტინგემის" ვარიანტი გამომიჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ივლისში ინგლისში ახალი კანონი მიიღეს, რომლის თანახმადაც, პრემიერლიგაში სათამაშოდ ეროვნულ ნაკრებში თამაშების გარკვეული რაოდენობა უნდა გქონდეს ჩატარებული და ნაკრები ტოპ-70-ში უნდა შედიოდეს.

სწორედ მეორე პირობამ შემიშალა ხელი. გული დამწყდა, მაგრამ არაუშავს, ახლა თავს აქ წარმოვაჩენ. ასეთია ბედისწერა.

- ეროვნულ ნაკრებში თამაშისას, ბევრი მსოფლიო ვარსკვლავის წინააღმდეგ ითამაშე, ვის გამოარჩევდი?
- კრიშტიანო რონალდოს, როცა პორტუგალიას ვეთამაშეთ. როცა პირველი საჯარიმო შეასრულა, ბურთს ვერც კი ვხედავდი. საბედნიეროდ კარს ასცდა. მეორე დარტყმულზე კი რეაგირება მოვასწარი. კიდე ქარიმ ბენზემას, ფრანკ რიბერის, ანდრეს ინიესტას გახსენება შემიძლია.

ზოგადად, თუ თამაშზე ვიტყვი, ესპანეთთან საუკეთესო იყო. იმ შეხვედრაში ტრავმა მივიღე. ყველაზე სასიამოვნო შეხვედრა კი "დინამოში" ჩავატარე, როცა თასი მოვიგეთ.

- პორტუგალიის წინააღმდეგ 22 წლის ასაკში ითამაშე, ნერვიულობდი ასეთი ვარსკვლავების წინააღმდეგ რომ გიწევდა თამაში?
- პირიქით, მსგავსი გუნდების წინააღმდეგ ძალიან მსურდა თამაში. გრანდებთან თამაში მიყვარს. ასეთ მატჩებში თავის წარმოჩენაა შესაძლებელი. ძალიან მიყვარს სანახაობრივი თამაში. "კრილიაშიც" კი როცა პირველად გამოვედი მოედანზე, ნერვიულობის ნაცვლად ვიღიმოდი.

- 2009 წელს "დინამომ" საქართველოს თასი მოიგო. იმ შეხვედრაში ორი პენალტი მოიგერიე.
- როცა პენალტს მირტყამენ, გულს ვენდობი. წინა წელს საბერძნეტში 11-დან 5 პენალტი მოვიგერიე.

- წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ევროპის ძლიერი გუნდი გიწვევს, მაგრამ სათადარიგოთა ვარიანტად, რას აირჩევდი?
- წარმოდგენა არ მჭირდება, ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე. ამ კითხვაზე პასუხად რეალური ისტორია მაქვს: "ოფის" შემდეგ "ოლიმპიაკოსთან" გავაფორმე კონტრაქტი და ძირითადში უნდა მეთამაშა. მაგრამ მწვრთნელი და სპორტული დირექტორი შეიცვალა. გავიგე, რომ სათადარიგოთა სკამზე მომიწევდა ჯდომა და ჩემპიონთა ლიგის ხილვა სკამიდან. უარი ვთქვი და წამოვედი.

- რით განსხვავდება საქართველოს, საბერძნეთისა და რუსეთის ჩემპიონატები?
- საბერძნეთში, როგორც ვთქვი, გახსნილი ფეხბურთია, რუსეთში კი ტაქტიკაზე ფიქრობენ და აქცენტს დაცვაზე აკეთებენ. საქართველოშიც დაახლოებით იგივე სქემაა.

- ყველაზე მეტად რომელი ჩემპიონატი მოგწონს?
- ინგლისური. ძალიან მომწონს, როცა გუნდები უტევენ: ჩაწოდებები, დარტყმები...

- სამარაში სტაბილურად რამდენიმე ათასი გულშემატკივარი ესწრება შეხვედრას, გრძნობ მხარდაჭერას?
- ამისულაშვილი მიყვებოდა, რომ სამარაში თამაშებზე გულშემატკივართა საკმაო რაოდენობა დადის, ამიტომ ვიცოდი რა მელოდა. "ოფიში" 10000-იანი სტადიონი ყოველთვის სავსე იყო. ტრიბუნიდან შეძახილებს ყურადრებას არ ვაქცევ.

- როცა ფოტოს ან მაისურს გთხოვენ, როგორ რეაგირებ ამაზე?
- ჩემთან ამაზე ხშირად არ მოდიან. სამარაში მხოლოდ ერთხელ მთხოვეს მაისური, ისიც სამარული ფეხბურთის მუზეუმისთვის. საბერძნეთში კი ბევრი მაისური დავარიგე.

- სამარაში უკვე რამდენიმე თვე გაატარე, რა მოგეწონა ყველაზე მეტად?
- ბაზიდან ჯერ არსად გავსულვარ. ზოგჯერ მეგობრები საჭმელად გამიყოლებენ, ამიტომ რესტორნების და ბაზის გარდა არაფერი მინახავს. ვიცი, რომ სამარაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება.

რას ვაკეთებ ბაზაზე? როცა ვარჯიშები არ გვაქვს, ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ. ბიჭებთან საერთო ენა მალე გამოვნახე, განსაკუთრებით გაბულოვთან, ჩოჩიევთან, მიროსლავთან და იბრაჰიმთან.

- რითი ერთობი ხოლმე?
- გააჩნია, სად ვიმყოფები. აქ არაფერს ვაკეთებ, მხოლოდ ვვარჯიშობ, მაგრამ ზოგჯერ მეგობრებთან ერთად კინოში წასვლა მსურს. მიყვარს კინო და გადაღებებშიც მიმიღია მონაწილეობა. რამედნიმე წლის წინ The Hangover-ის ქართულ ვარინატში მივიღე მონაწილოება - დამირეკეს, განვიხილე და დავთანხმდი.

ყველაზე საყვარელი ფილმი? კონკრეტულად ერთს ევრ გამოვყოფ, მიყვარს ძველი ქართული და რუსული ფილმები. კიდე ჰოლივუდის ფილმები მიყვარს , "ბონდიანა" და "12 განრისხებული მამაკაცი".

- საახალწლო არდადეგების გატარებას სად გეგმავ?
- მამაჩემი ისრაელში მკურნალობს. თუ კარგი ანალიზები ექნება და ექიმები სახლში გაუშვებენ, მაშინ ოჯახთან ერთად თბილისში ვიქნები. თუ არა, მაშინ მამასთან ისრაელში ჩავფრინდები და მასთან ვიქნები.
მკითხველის კომენტარები / 14 /
რამდენი შურიანი არსებაა ამ საქართVელოში, კაცი შრომობს დ. შესანიშნავად თამაშობს, რ. გინდათ? რუსეთმა ვიზა რო. გააუქმოს საქართველოსთან პირველი თქვენ გაიქცევით..
(გერმანიიდან)
"vitom patriotebi"
17:27 07-12-2015
0
ძალიან დადებითი პიროვნებაა და მაღალი პროფესიონალიც.
ჯანი რივერა
12:10 07-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული