მათე ღვინიანიძე ’’მიუნხენში’’ რჩება

AutoSharing Option
ორი დღის წინ რუმინულმა "პროსპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათე ღვინიანიძე ანთალიაში შეკრებაზე მყოფ ბუქარესტის "დინამოს" შეუერთდა და იქ დამკვიდრებას ცდილობდა. ვერ გეტყვით, ივარჯიშა თუ არა "მიუნხენ 1860"-ის 24 წლის ქართველმა მცველმა რუმინული გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ 30 იანვარს ბელგრადის "პარტიზანის" წინააღმდეგ ჩატარებულ საკონტროლო მატჩში არ უთამაშია.

ამ ამბავმა გვაფიქრებინა, რომ ღვინიანიძის ბუქარესტული ტრანსფერი არ განხორციელდებოდა. გუშინ რუმინულ და გერმანულ წყაროებს გამუდმებით ვადევნებდით თვალს და ამ თემაზე მხოლოდ გერმანული tz-online.de-ს ინფორმაციას წავაწყდით. ეს ვებგვერდი იტყობინება, რომ ღვინიანიძე სეზონს
მიუნხენში ჩაამთავრებს. იქვე ქართველის აგენტის, კარლ ჰერცოგის სიტყვებიცაა მოყვანილი, რომელიც ამბობს, რომ მათეს ზამთარში სხვაგან გადასვლა უკვე გამორიცხულია.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ ვერ გადავიდა იგი "დინამოში". არადა, ღვინიანიძის გაყიდვა თვით "მიუნხენის" ინტერესებშიც შედის. ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას მათეს რუსეთსა და უკრაინაში გადასვლასაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, როგორც ხედავთ, ჯერ არც ამ საქმიდან გამოსულა რამე. ღვინიანიძეს კლუბის შეცვლა დიდი ხანია სურს და, ალბათ, საწადელს ზაფხულში აისრულებს. "ტრანსფერმარკტის" ცნობით, ამჟამად მისი სატრანსფერო ღირებულება 750 ათას ევროს შეადგენს.

"მიუნხენ 1860"-ში იგი 2006 წელს გადავიდა მოსკოვის "ლოკომოტივის" დუბლებიდან და ამ ოთხწელიწადნახევრის განმავლობაში, იშვიათი გამონაკლისებისა და ტრავმების გამო გაცდენილ პერიოდს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, "ცისფერი ლომების" ძირითადი ფეხბურთელი იყო.

მიმდინარე სეზონში ღვინიანიძემ მიუნხენელთა შემადგენლობაში რვა ოფიციალური მატჩი ჩაატარა, აქედან ექვსჯერ სასტარტოში იყო გამწესებული.






.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული