"საქართველოც მომენატრა, თანაგუნდელებიც და ის სტადიონიც, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი. გახარებული და ბედნიერი ვარ.
უკვე ნახევარი წელიწადია, რაც ბელგიაში ვარ. ადამიანი მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს და წინსვლა განაგრძოს. ტრავმის მერე ფორმის აღსადგენად დრო დამჭირდა. მერე კი დუბლებში სტაბილურად ვთამაშობდი. ვცდილობ, იმედები გავამართლო და კარგად წარმოვაჩინო
კმაყოფილი ვარ, რომ "გენტის" 19-წლამდელთა გუნდში სისტემატურად მენდობიან, მათამაშებენ და ჩემი ეიმედებათ. ახალი წლიდანაც მომზადებას 19-წლამდელებში დავიწყებ. არსად მეჩქარება, მთავარია, პროგრესი განვაგრძო და სისტემატურად ვითამაშო. იმედია, მალე მოვა ის დრო, როცა პირველ გუნდში გადავალ და ვითამაშებ.
ბელგიელებთან კონტრაქტი კიდევ წელიწად-ნახევარი მაკავშირებს და მჯერა, პირველ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება მომეცემა", - ამბობს ტაბიძე.
მისი აზრით, "გენტი" საშუალო დონის ევროპული კლუბია:
"ამის მიუხედავად, "გენტს" ნებისმიერ კლუბთან ტოლ-სწორად თამაში შეუძლია. ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურმა მატჩებმაც დაგვანახვა.
ასეთ დიდ ტურნირზე "გენტს" სადებიუტო სეზონი ჰქონდა. ამის მიუხედავად, ჯგუფურმა ეტაპი გადალახა. თან, ისეთ გუნდებთან მოუწია ჭიდილი, როგორებიც არიან "ლიონი", "ზენიტი" და "ვალენსია". ვფიქრობ, "გენტი" შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას დამსახურებულად აგრძელებს.
კლუბი აშკარად პროგრესირებს - ჯერ იყო და ზაფხულში ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ახლა კი ლიგაზე მიაღწია კარგ შედეგს. ქომაგები ბედნიერები არიან, რომ მათთვის აღმავლობის პერიოდი დგას და ჩვენს სტადიონზე მშვენიერი საფეხბურთო განწყობაა. მიხარია, ასეთი გუნდის მოთამაშე რომ ვარ".
ჯიმი ტაბიძე ბელგიაში 2 იანვარს გაემგზავრება, 4-ში კი ვარჯიშები ეწყება, რათა მეორე წრისთვის მოემზადოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"