გიორგი ლორია თამაშის შემდეგ სარანსკის სასტუმროს ლიფტში გაიჭედა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორია თანაგუნდელებთან ერთად სასტუმროს ლიფტში გაიჭედა. შემთხვევა 4 აპრილს, სარანსკში, "მორდოვიასთან" ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ მოხდა.

ამ სახალისო ფაქტის შესახებ სამარული კლუბის "ტვიტერი" იუწყება და ფოტოსაც აქვეყნებს.

"უმართლებთ თამაშში, არ უმართლებთ ტექნიკაში. "კრილიას" ფეხბურთელები სასტუმროს ლიფტში გაიჭედნენ", - აქვს წარწერა ფოტოს.

4 აპრილს, რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეების გუნდები, "მორდოვია" და "კრილია სოვეტოვი" დაუპირისპირდნენ, თუმცა მოედანზე ნუკრი რევიშვილისა და გიორგი ლორიას დაპირისპირება არ შედგა. ლორიამ
"კრილია სოვეტოვში" მატჩი სრულად ჩაატარა, რევიშვილი კი სათადარიგო იყო მასპინძელთა რიგებში, ისევე, როგორც მისი თანაგუნდელი - მამუკა კობახიძე.

"კრილია სოვეტოვს" 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. რაც შეეხება რევიშვილის გუნდს, "მორდოვია" 16 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და დაქვეითება ემუქრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული