არადა, ის ერთ დროს "ორჰუსის" ლიდერი იყო და უთამაშებლობის მიუხედავად, ჯერაც ინარჩუნებს მიმდინარე სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირობის შანსს.
რა ხდება ვაწაძის თავს? ამ და სხვა კითხვებით მათეს დანიაში შევეხმიანეთ...
"რა უნდა გითხრათ?.. არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორიც მე მინდა. ახალი მწვრთნელი მოვიდა, მოიყვანა თავისი ფეხბურთელები
მაინც, რატომ აითვალწუნა ის გუნდის ახალმა დამრიგებელმა? ამის თაობაზე ჩვენებურს ზუსტი პასუხი არ აქვს:
"არ ვიცი, ვერ ვიტყვი ზუსტად, რა ხდება. ფაქტია, არ ვთამაშობ და ჯერაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ვარ. თამაშებს რომ ვიგებდეთ და შედეგი გვქონდეს, კიდევ გავიგებდი, მაგრამ ვაგებთ და მაინც არ მეძლევა შანსი... ალბათ, საქმე მაინც მწვრთნელის გემოვნებაშია. როგორსაც ადრე ვთამაშობდით, ისეთ ფეხბურთს აღარ ვთამაშობთ. მწვრთნელი ითხოვს უბრალოდ წინ დარტყმას და მერე მიდის ბრძოლა "მეორე" ბურთზე", - გვეუბნება ნაკრების ფორვარდი.
როგორც ირკვევა, არის შანსი, რომ მან კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვოს "ორჰუსი", ახალი ვარიანტების დაკონკრეტებას კი ჯერჯერობით ერიდება:
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მთავარია, ჯერ მე დავინტერესდე ახალი გუნდით და მერე მათ შეძლონ თანხის გადახდა. გაშვებით, ალბათ, გამიშვებენ. შემომთავაზეს კიდეც ჰოლანდიური და ბელგიური კლუბების ვარიანტები. "ვიტესი"? არა, სხვა გუნდია".
სხვათა შორის, ვაწაძისთვის ერთ-ერთ თურქულ კლუბში განათხოვრებაც შეუთავაზებიათ, რაზეც მას თავი შორს დაუჭერია. მოგეხსენებათ, ჩვენს სამეზობლოში მთლად დალაგებული სიტუაცია ვერ არის და ჩანს, ეს უნდა იყოს სწორედ უარის მიზეზი.
"რა თქმა უნდა, სათადარიგო სკამზე ჯდომა არ მსიამოვნებს, მაგრამ ეს ფეხბურთია და რაღაცას უნდა გაუძლო, ახალი უნდა ეძებო... მე ძველებური მონდომებით ვვარჯიშობ და შანსს ველოდები. ალბათ, ზაფხულში მაინც წავალ".
დაბოლოს, ვაწაძეს საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზეც ვკითხეთ:
"გულწრფელად ვამბობ, ვლადიმირ ვაისზე პირველი შთაბეჭდილება დადებითია. თუ რა ფეხბურთის მიმდევარია სლოვაკი სპეციალისტი, ამაზე ცოტა დრო რომ გავა, მერე უფრო ზუსტად გიპასუხებთ. ჯერჯერობით კი შემიძლია ეს გითხრათ - ვაისის ვარჯიშები და წვრთნის ინტენსივობა ძალიან მომეწონა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"