საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავა ფრანგულ ელიტას დაემშვიდობა - მისი პირველი სეზონი ევროპის ერთ-ერთ ტოპ-ლიგაში წარუმატებელი გამოდგა. მართალია, ჯაბამ და კომპანიამ 4:1 გაანადგურეს "ლიონი", მაგრამ მოიგო მისმა კონკურენტმა "ტულუზმაც" და "რეიმსი" გასავარდნ მე-18 ადგილზე დარჩა. ჩვენებურმა სრულად ითამაშა და სეზონში მე-12 გაფრთხილება
ნასიონალი. ამირან სანაიას (90 წთ) "ლერბიე" სტუმრად "შატორუსთან" 0:3 დამარცხდა და გასავარდნ ზონაშია.
გერმანია. II ბუნდესლიგა. რომ არა გიორგი ჭანტურია, "დუისბურგი" გავარდებოდა, ახლა კი გადათამაშებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ქართველის სუპერგოლის წყალობით "დუისბურგმა" "ლაიპციგს" 1:0 მოუგო. ჩვენებურმა გამარჯვების გოლი 75-ე წუთზე გაიტანა და მაისურა შემოიძრო, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო და 78-ე წუთზე მწვრთნელმა შეცვალა.
სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა ლუკას ჰუფნაგელის "ფრაიბურგმა", ვინც ბოლო 8 წუთი ითამაშა "უნიონთან" წაგებულ (1:2) მატჩში.
III ლიგა. ზოგიერთი გერმანული წყაროს ცნობით, გიორგი პაპუნაშვილმა "ვერდერის" პირველ გუნდში ივარჯიშა. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ქართველი არც მთავარ გუნდში გამოჩენილა და ვერ დაეხმარა დუბლებსაც, რომლებიც სტუმრად "აალენის" 2:1 დამარცხებით სასწაულად გადაურჩნენ გავარდნას. სამწუხაროდ, ასე დასრულდა გიორგის ბრემენული კარიერა, მას იჯარის ვადა ამოეწურა.
იტალია. სერია A. "ემპოლიმ" სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა, გუნდმა ბოლო მატჩში "ტორინოს" მოუგო - 2:1. რომან ჭანტურია განაცხადში იყო, მაგრამ მას არ უთამაშია. შეგახსენებთ, რომ "ემპოლის" კიდევ ერთი ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე დისკვალიფიცირებულია.
ესპანეთი. სეგუნდა დივიზიონი. გიორგი აბურჯანიას (68-ე წუთზე შეცვალეს) "ხიმნასტიკი" ლიდერ "ლეგანესს" დაუზავდა - 0:0. არადა, ქართველის გუნდმა ვერც პენალტი გამოიყენა და ვერც ტაიმნახევრიანი რიცხობრივი უპირატესობა.
პორტუგალია. სეგუნდა ლიგა. გიორგი მაკარიძის "ფეირენშე" სტუმრად ეთამაშა ფრედ "შავეშს" - 1:1 და პრიმეირა ლიგის საგზური მოიპოვა. "ფეირენშე" მესამე ადგილზე გავიდა და მომავალ სეზონს ელიტაში გაატარებს.
ავთო ებრალიძის (მე-80 წუთზე შეცვალეს) "ჟილ ვისენტე" შინ "ფარენშესთან" 2:3 დამარცხდა და ჩემპიონატი მე-11 ადგილზე დაასრულა.
თურქეთი. სუპერლიგა. მართალია, თორნიკე ოქრიაშვილმა კვლავ გაიტანა, მაგრამ მისი "ესქიშეჰირი" შინ "ბასაქშეჰირთან" 1:2 დამარცხდა. თორნიკემ 66-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
მან შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. "ესქიშეჰირი" თითქმის უიმედო მდგომარეობაშია.
ნიკა ძალამიძის (განაცხადში არ იყო) "რიზემ" შინ 1:0 მოუგო "გაზიანთეფს".
რუსეთი. პრემიერლიგა. გიორგი ლორიას (სათადარიგო) "კრილია სოვეტოვი" საბა კვირკველიას (90 წთ) "რუბინს" 1:1 ეთამაშა.
ქართველთა "მორდოვია" სტუმრად "ანჟისთან" 0:3 განადგურდა. ნუკრი რევიშვილი კარში იდგა, ხოლო მამუკა კობახიძე განაცხადში არ იყო.
ჯანო ანანიძის "სპარტაკი" ("ტერეკთან") და ნიკა კაჭარავას "როსტოვი" ("ურალთან") დღეს თამაშობენ.
I დივიზიონი. ქართველთა "სკა ენერგიამ" სტუმრად მოუგო "ტიუმენს" - 2:0. გიორგი ნავალოვსკიმ შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს), ხოლო გიორგი ილურიძე სათადარიგო იყო.
ზურაბ არზიანის (76-ე წუთზე შევიდა) "არმავირმა" 2:0 მოუგო "ლუჩ ენერგიას".
უკრაინა. პრემიერლიგა. დავით ხოჭოლავასა (90 წთ) და გიორგი გადრანის (ტრავმა) "ჩერნომორეცმა" სტუმრად მოუგო "სტალს" - 1:0.
სანდრო კობახიძემ "დნიპროს" სასტარტოში ითამაშა "ოლიმპიკთან" 1:1-ზე დასრულებულ მატჩში. ჩვენებური შესვენებაზე შეცვალეს. "დნიპრომ" სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა.
გიორგი არაბიძემ ბოლო ტურში "შახტარის" ძირითად გუნდში 62-ე წუთიდან ითამაშა. "შახტარი" შინ 2:3 დამარცხდა "ზორიასთან", რომლის რიგებშიც არ იყო ტრავმირებული ჯაბა ლიპარტია.
ასევე ტრავმირებული დავით თარგამაძის "ოლექსანდრიამ" სტუმრად 1:0 მოუგო "ვორსკლას".
პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლაშა დვალის (90 წთ) "შლიონსკმა" 3:2 დაამარცხა "ლეჩნა" და ჩემპიონატი ქვედა 8 გუნდში მე-2 ადგილზე დაასრულა.
ლადო დვალიშვილის "პოგონი" 0:3 დამარცხდა მისსავე ყოფილ გუნდ "ლეგიასთან". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.
I ლიგა. დავით მაკარაძის (სათადარიგო) "სუვალკიმ" სტუმრად მოუგო "ზავიშას" - 2:1.
ჩეხეთი. სინოტლიგა. ჩემპიონატის ბოლო ტურში ლევან ყენიას "სლავიამ" ჩემპიონი "პლზენი" 5:0 გაანადგურა. ყენია მოედანზე მხოლოდ 82-ე წუთზე გამოჩნდა.
ზურაბ ცისკარიძის (მეორე ტაიმი ითამაშა, გააფრთხილეს) "ტეპლიცე" კი სტუმრად "სიგმასთან" განადგურდა - 0:6.
ყენიას "სლავია" საბოლოოდ მე-5 ადგილზე გავიდა, ცისკარიძის "ტეპლიცე" კი - მე-12-ზე.
სლოვაკეთი. აკაკი ხუბუტიას (90 წთ) "მიხალოვცე" შინ "სლოვანს" დაუზავდა - 1:1.
ავსტრია. რეგიონალლიგა. ლუკა ძიძიგურის (72-ე წუთზე შეცვალეს) "კიცბიუელი" 0:3 დამარცხდა "პინზგაუსთან".
კვიპროსი. ირაკლი მაისურაძის (არ უთამაშია) "ანორთოსისი" 2:2 დაუზავდა ჩემპიონ აპოელ-ს. "ანორთოსისმა" ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა.
გადამწყვეტ მატჩში "პაფოსმა" უმასპინძლა "ახნასს", ქულები გაუყო (1:1) და გავარდა. მასპინძელმა ლევან ხმალაძემ შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს). სტუმართა რიგებში სასტარტოში იყვნენ ძმები - ელგუჯა და შოთა გრიგალაშვილები. პირველი 90-ე წუთზე შეცვალეს (გააფრთხილეს), მეორე კი - 75-ეზე. რევაზ ბარაბაძე 87-ე წუთზე გავიდა მოედანზე.
ფინეთი. იკონენლიგა. გიორგი ოსიტაშვილის (90 წთ) კტპ-მ სტუმრად 4:3 მოუგო "ჯაზს". ირაკლი სირბილაძის (90 წთ) კპვ-მ კი ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა - შინ "ოულუს" ვერ მოუგო - 2:2.
ესტონეთი. ზაქარია ბეგლარიშვილის (57-ე წუთზე შეცვალეს) "ფლორამ" სტუმრად 4:2 მოუგო "სილამიაეს".
მოლდოვა. გურამ მაღალდაძის (55-ე წუთზე ჩაერთო თამაშში) "საქსანი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "შერიფთან".
აზერბაიჯანი. ბაქოს დერბიში ზაურ სვანაძის "ინტერი" "ნეფთჩისთან" 2:4 დამარცხდა. გიორგი ლომაიამ, ლაშა კასრაძემ და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს, ლაშა სალუქვაძემ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა.
ნუგზარ კვირტიასა (78-ე წუთზე შეცვალეს) და სანდრო გურულის (68-ე წუთზე შემოვიდა) აზალ-ი სტუმრად "გაბალასთან" 0:2 დამარცხდა.
სომხეთი. გოგიტა გოგატიშვილის (79-ე წუთზე შეცვალეს) "განძასარი" სტუმრად დაუზავდა "პიუნიკს" - 0:0.
ყაზახეთი. კახა ცხადაძის "ქაირათმა" სეზონში პირველი მარცხი აგემა გოგიტა გოგუას (სათადარიგო) "ირტიშს" - 1:0.
უზბეკეთი. გიორგი კვესიეშვილის (90 წთ) "ყიზილყუმმა" შინ მოუგო "ანდიჟონს" - 2:1. სამწუხაროდ, ჩვენებურმა 24-ე წუთზე ავტოგოლით "გამოიჩინა" თავი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"