გოლები მხოლოდ აზერბაიჯანში გაგვაქვს

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატში თავი ორმა ქართველმა გამოიჩინა. "ყარაბახმა" "გაბალა" 3:0 გაანადგურა და 63-ე წუთზე გიორგი ადამიამ სტუმრებს მეორე გოლი გაუტანა, "თურანმა" კი სტუმრად მოიკ-ი 2:0 დაამარცხა და 26-ე წუთზე ანგარიში გიორგი ჭედიამ გახსნა.

აზერბაიჯანის ქართულ ლეგიონზე უფრო ვრცლად ხვალ ვისაუბრებთ. რაკი გოლები ვახსენეთ, შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირებში გამორჩეული ლადო დვალიშვილი ტრავმირებულია და სამწუხაროდ, ლეგიონის უახლოეს მიმოხილვაში მის წარმატებებზე ვეღარ დავწერთ.

იტალიის სერია A-ში "ბარი"-"ჯენოას" შეხვედრა 0:0 დასრულდა. კახა კალაძემ გენუელთა ოთხკაციანი დაცვის ცენტრში ითამაშა და შეუცვლელად გაისარჯა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბოლო
დროს ჩინებულ ფორმაშია და "ჯენოამ" კონტრაქტის გახანგრძლივება ამიტომაც შესთავაზა, აი, კალაძის გუნდი კი საყოველთაო აზრით, დღევანდელი შემადგენლობით მხოლოდ უძლიერესთა შორის დასარჩენად არ უნდა იბრძოდეს. სერია B-ში "ემპოლი"-"ასკოლის" მატჩმა ლევან მჭედლიძის გარეშე ჩაიარა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ქართული დერბი" გაიმართა, სადაც ლევან კობიაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ალექსანდრე იაშვილი და მისი მეგობრები ძალიან გაამწარეს. "ჰერტამ" სტუმრად "კარლსრუე" 6:2 შეარცხვინა, ქართველებს კი ამ რვა გოლიდან ერთშიც არ მიუძღვით უშუალო წვლილი. კობიაშვილმა კვლავ დაცვის მარცხენა ფლანგზე ითამაშა და მოედანზე 90 წუთი დაჰყო, "კარლსრუეს" კაპიტანი იაშვილი კი 71-ე წუთზე შეცვალეს. იმ დროისთვის ანგარიში "მხოლოდ" 1:3 იყო. ერთპიროვნული ლიდერი "ჰერტა" უახლოეს მდევარს ოთხი ქულით უსწრებს, "კარლსრუე" კი, რომელიც სეზონის დაწყებამდე პირველ ბუნდესლიგაში აღზევების ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნევდნენ, გააფთრებით იბრძვის მეორეში დასარჩენად.

ინგლისის ჩემპიონშიფში ზურაბ ხიზანიშვილმა "ნორვიჩისა" და "რედინგის" მთელი დაპირისპება სტუმართა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ისევე როგორც საფრანგეთის მეორე ლიგაში გიორგი მაკარიძემ "ლე მანის" რეზერვისტებში.

"ვიტესმა" სტუმრად ჰოლანდიის მოქმედი ჩემპიონის, "ტვენტეს" წინააღმდეგ მედგრად კი იბრძოლა, მაგრამ მაინც დამარცხდა - 0:1. გურამ კაშიამ არნემელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჭანტურიას ოფიციალურ ვიტესურ დებიუტს კი კვლავაც ველით.

საბერძნეთში "ერგოტელისმა" შინ 2:1 მოუგო "კავალას", მასპინძელთა დაცვის ცენტრში გიორგი შაშიაშვილმა სრული მატჩი ჩაატარა. "პანიონიოსმა" პაოკ 1:0 დაამარცხა, მაგრამ მის რიგებში დავით კვირკველიას დებიუტი ჯერ არ ჰქონია. იგი "პანიონიოსის" 18-კაციან განაცხადშიც არ მოხვედრილა.

შოთა არველაძისა და ალექსანდრე ამისულაშვილის "ქაისერისფორს" დღეს სერიოზული გამომცდელი ეყოლება "ფენერბახჩეს" სახით. მატჩი სტამბულში გაიმართება.







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული