შოთა არველაძესა და თელ-ავივის "მაკაბის" შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა

AutoSharing Option
შოთა არველაძესა და თელ-ავივის "მაკაბის" შორის მოლაპარაკებები კარგა ხანს მიმდინარეობდა. ცნობილი გახდა, რომ ებრაულ კლუბში 42 წლის ქართველი სპეციალისტის დასაქმების შემთხვევაში, მის თანაშემწედ გიორგი დევდარიანი იმუშავებდა. დღემდე მოლაპარაკებების საბოლოო შედეგებზე არაფერი იყო ცნობილი.

როცა დავინტერესდით და შოთას ვკითხეთ, გვითხრა, რომ მას შემდეგ ებრაელები აღარ დაკავშირებიან. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ბოლო ცნობებით, მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული.

ამ ყველაფერში ახალი მწვრთნელით დაინტერესებული გუნდებისთვის ერთი საინტერესო მესიჯი ეს უნდა იყოს: დევდარიანი ჯერ უცხოეთში არ წასულა. შეგახსენებთ, რომ 43 წლის სპეციალისტი წვრთნიდა
საქართველოს ასაკობრივ (U17, U19) ნაკრებებს, იყო "თბილისის", გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძემ კი პირველად თანამშრომლობა 2015 წელს შესთავაზა, როცა "ტრაბზონსფორში" ასისტენტის როლში მიიწვია.

იქიდან წამოსული დევდარიანი ისევ თბილისის "ლოკომოტივის" პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ გაიხსენა და ჭაბუკთა ლიგის 17-წლამდელთა გუნდი ჩააბარა. დევდარიანმა იქაც ივაჟკაცა და პირველივე სეზონში "ლოკომოტივი" ჩემპიონი გახადა - ახლახან, გადამწყვეტ შეხვედრაში, მისმა გაწვრთნილებმა "საბურთალო" 3:0 დაამარცხეს.

საერთოდ, უცნაური ის არის, რომ დევდარიანი ჭაბუკთა ლიგაში მუშაობს და უმაღლეს ლიგაში მისი სამსახურით არავინ ინტერესდება. სადაც წავიდა, საქმეს ყველგან გულით აკეთებდა, მისი გუნდები კი ხშირ შემთხვევაში თავს ლამაზი ფეხბურთით გვამახსოვრებდნენ. ერთი თბილისის "დინამოში" ვერ აეწყო საქმე და დიდხანს ვერც იმუშავა.

ამ კაცის გაზრდილებისა (ყაზაიშვილი, ჭანტურია, ხოჭოლავა, პაპუნაშვილი, ტვილდიანი, ტაბიძე, თევზაძე) და გაწვრთნილების სია და, რაც მთავარია, მისი გუნდების ამბიცია და ფეხბურთის ხარისხი დევდარიანს თითქოს მშვიდი ცხოვრების საშუალებას უნდა აძლევდეს. გაიხსენეთ მისი "თბილისი", რომლის ლამაზმა და შემტევმა ფეხბურთმა მაყურებელი სტადიონზე დააბრუნა...

გაიხსენეთ გორის "დილა", რომელიც მისი ხელმძღვანელობით საქართველოშიც ღირსეულად გამოიყურებოდა და ევროპალიგაზეც პლეი-ოფამდე მივიდა...

2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის ივლისამდე დევდარიანი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა. გუნდმა თბილისში გამართული ელიტრაუნდიდან ფინალურ ეტაპზე ვერ გააღწია. ამის მიუხედავად, დევდარიანის გუნდი ევროპის მომავალ ჩემპიონ ესპანეთს "პირველ ნომრად" მანამდე ეთამაშა (ისევე, როგორც პორტუგალიას), სანამ გუნდს ფიზიკური მომზადება ეყო, ხოლო თურქეთი დამაჯერებლად დაამარცხა...

მაგრამ 2013 წლის ოქტომბრიდან, როცა დევდარიანმა გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, უმაღლესი ლიგის კლუბებში აღარ უმუშავია. "ლელო" ცოტა ხნის წინ წერდა, თითქოს მას ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავდნენ, მაგრამ საბოლოოდ, იქ ასევე დავიწყებული და წარმატებული სპეციალისტი კობა ჟორჟიკაშვილი დაინიშნა.

"მიზეზზე მე რა გითხრათ, ეს გუნდებს ჰკითხეთ. მხოლოდ ის ვიცი, რომ ასეთი დამოკიდებულება გულდასაწყვეტია. ისე გამოდის, რომ არაფერი გამიკეთებია", - ამბობს 43 წლის სპეციალისტი.

საწყენია, რომ ქვეყანაში, სადაც მწვრთნელთა სერიოზული დეფიციტია, უმაღლესი ლიგაში დევდარიანის ადგილი არ გამოინახა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მეტიჩარა რომ არის იმიტომ არ უნდათ
ნიკო
22:54 14-06-2016
0
პაპუნაშვილი როდის გაზარდა? პაპუნაშვილი დოლიძემ გაზარდა ეს არაფერ შუაშია
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული