კახა ცხადაძე: მე მიყვარს საქართველოს ნაკრები, გულშემატკივართან კი პირნათელი ვარ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ყაზახეთის ყველაზე ტრადიციულ კლუბ "ქაირათში" მთავარ მწვრთნელად რომ მივიდა, ამ გუნდის საქმე კარგად ვერ იყო. თითქოს, ჯადოსნური ჯოხი აიქნიაო, ცხადაძემ ერთმანეთის მიყოლებით მოიგო მატჩები, მათ შორის - გუშინაც და ახლა მისი გაწვრთნილი გუნდი მეორე ადგილზეა ლიდერ "ასტანას" შემდეგ, რომელსაც 10 ქულით ჩამორჩება.

"ქაირათმა" ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც წარმატებით ითამაშა - გასვლაზე 1:0 მოუგო ალბანურ "ტეუტას", შინ კი 5:0 გაანადგურა. ახლა ცხადაძე შოთა არველაძის პირისპირ დადგება. წილისყრამ ისე ინება, რომ შოთას "მაკაბი" მეორე
საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ "ქაირათს" დაუწყვილა. ორი ქართველის შერკინება უდავოდ დიდი ინტრიგაა ჩვენი ფეხბურთის ქომაგთათვის...

"ლელო" ცხადაძეს ალმათიში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- მოდით, ცოტა უკან დავიხიოთ და ის მომენტი გავიხსენოთ, როცა "ქაირათში" მიხვედით გიორგი ჩიხრაძესთან ერთად. რბილად რომ ვთქვათ, მაშინ გუნდი არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში. როგორ შეძელით მოკლე ხანში სიტუაციის მკვეთრად გამოსწორება?
- რომ ჩავედი, პირველივე შეხვედრა მოვიგეთ. მერე იყო მარცხი. ამას მოჰყვა რამდენიმე გამარჯვება დიდი ანგარიშით. მერე იყო ძალიან დასანანი წაგება "ასტანასთან"... ბოლო სტატისტიკურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 14 მატჩიდან 12 მოვიგეთ, 2 კი ფრედ დავასრულეთ... რა თქმა უნდა, შედეგი მისაღებია, მაგრამ ჩვენ მივილტვით პროგრესისკენ. ყველაფრის თავი და თავი ალბათ მაინც ის არის, რომ ფეხბურთელებმა ბოლომდე გაითავისეს ჩემი მოთხოვნები.

აქ ზღაპრული სამუშაო პირობებია. ყველანაირად ვგრძნობთ მხარდაჭერას კლუბის ხელმძღვანელობისგან. მხოლოდ ფინანსებს არ ვგულისხმობ. თუნდაც, სარეაბილიტაციო საშუალებებით, გნებავთ, დანადგარებით... არ არსებობს რაიმე ახალი საფეხბურთო დანადგარი, ხელსაწყო თუ სისტემა, ჩვენ არ გვქონდეს.

მეც და გიორგი ჩიხრაძეც ძალიან თავდაჯერებულები ვართ. გულშემატკივრებისგანაც ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ალბანურ "ტეუტასთან" მატჩზე 20 ათასი მაყურებელი მოვიდა.

- ერთ-ერთ შეხვედრაში ქომაგებმა ქართული ბანერით გადაგიხადეს მადლობა. ერთობ ამაღელვებელი სანახაობა იყო...
- მართლაც სასიამოვნო ჟესტი იყო. რამდენიმე თვეა, აქ ვარ და აქაურებისგან უდიდეს სითბოს ვგრძნობ. ამისთვის მინდა ამ დიდებულ ხალხს მადლობა გადავუხადო.

- ჩემპიონატში "ქაირათმა" სასწაული სპურტი განახორციელა. შემთხვევით, ოქროზეც ხომ არ ფიქრობთ?
- სიმართლე გითხრათ, როცა აქ ჩამოვედით, პირველი რიგის ამოცანა იყო, ოპტიმალური თამაში მოგვეძებნა. მერე ჩავიფიქრეთ, რომ ექვსეულში მოხვედრა არ იქნებოდა პრობლემა... ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. კი, ჯერაც სოლიდურია ჩამორჩენა "ასტანასთან", მაგრამ ჩემპიონატიც გრძელია. ჩვენ მოგვეცემა საშუალება, მინდორზე დავამტკიცოთ ყველაფერი.

აქვე უნდა ვთქვა, რომ "ასტანა" ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ ვიბრძვით როგორც ჩემპიონატში, ისე ყაზახეთის თასის გათამაშებაშიც, სადაც ნახევარფინალში ვართ. გრაფიკი ძალიან მჭიდროა, ინტენსიური. წამითაც არ გვაქვს მოდუნების საშუალება.

- გადავიდეთ ევროთასებზე. კლუბის ხელმძღვანელობა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას გისახავთ მიზნად?
- რა თქმა უნდა, მიზანი ეს არის. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ძალიან რთული მოწინააღმდეგე გვერგო შოთა არველაძის "მაკაბის" სახით. ჩემი აზრით, ამ წყვილში გამარჯვებულს ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის დიდი შანსი ექნება.

- ალბათ, არ გინდოდათ, ასეთ ადრეულ ეტაპზე მაინცდამაინც შოთას წინააღმდეგ რომ გეთამაშათ...
- ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ რას ვიზამთ - ფორტუნამ ასე გადაწყვიტა. მერჩივნა, შოთასთან ჯგუფში მეთამაშა, მაგრამ... თქვენც იცით, ამდენი წლის მეგობრები ვართ, ძმებივით ვართ, მაგრამ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი საქმის პროფესიონალები ვართ. ამიტომ ძალიან დაძაბული ორრაუნდიანი ბრძოლა იქნება.

- ყაზახეთის ჩემპიონატში გამოჩნდნენ ქართველი ფეხბურთელები. საინტერესოა, "ქაირათში" რომელიმე ქართველის აყვანას ხომ არ აპირებთ?
- მინდა, წარმატება ვუსურვო აქ მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს. მაგალითად, გოგიტა გოგუა უკვე ერთ-ერთი ლიდერია თავისი გუნდის, ძალიან კარგი პრესა აქვს. რაც შეეხება "ქაირათისა" და ქართველი ფეხბურთელების თემას, ჩვენთან ძალიან მკაცრი კანონებია ლეგიონერებთან დაკავშირებით. სწორედ ამ კანონების გამო გავხდით იძულებულნი, გუნდიდან გაგვეშვა ძალიან ძლიერი ცენტრალური მცველი, თავისი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელი... ამ ეტაპზე არ იგეგმება გუნდში ქართველი ფეხბურთელის მიწვევა.

- ცალკე უნდა გკითხოთ "ქაირათის" ორ ვარსკვლავზე, ანდრეი არშავინსა და ანატოლი ტიმოშჩუკზე. ტიმოშჩუკი გასაგებია, მაგრამ როგორ შეძელით ის, რომ ჭირვეული ხასიათის მქონე არშავინი პირველ პლანზე გუნდის ინტერესებს აყენებს და თავგანწირვით თამაშობს?
- მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ორი ვარსკვლავი მართლაც ყველაფერს აკეთებს გუნდის წარმატებისთვის. ორივე ჩვენ გვერდით არის. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ტიმოშჩუკს უფრო მალე დავუახლოვდი. მის ადამიანურ თვისებებზე რომ მოვყვე, ერთი სიტყვაც მეყოფა - შესანიშნავი! ასევეა არშავინიც. ის მხოლოდ გუნდური ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. ამ ორი ფეხბურთელის კოლოსალური გამოცდილება გუნდს დიდ სამსახურს უწევს.

ჩვენც კმაყოფილები ვართ მათი გარჯით. სხვათა შორის, "ტეუტასთან" მატჩის შემდეგ არშავინმა ხუმრობით მითხრა - არსენ ვენგერს უნდა შეგადაროთო. რატომ-მეთქი, ვკითხე და მითხრა - ისიც სადღაც 70-ე და 75-ე წუთებს შორის მცვლიდა და თქვენცო...

- რას იტყვით საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე?
- ჩვენ ვნახეთ, რომ სწორი თამაშის, კონცენტრაციისა და სათამაშო დისციპლინის განუხრელად დაცვის ხარჯზე ძალიან ბევრი რამეა შესაძლებელი. პლეი ოფში არაერთი ისეთი ნაკრები გავიდა, რომელთა იქ ყოფნასაც ტურნირის დაწყებამდე ვერაფრით წარმოვიდგენდით...

საქართველოს ნაკრებმა სწორედ ამ კომპონენტებით დაამარცხა შოტლანდიის ძლიერი გუნდი და გერმანიასთან ითამაშა ისე, როგორც ითამაშა. მას შემდეგ, რაც ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა, ჩვენ ვთქვით, რომ უნდა გვებრძოლა მსოფლიოს მთავარ საფეხბურთო ფორუმზე მოსახვედრად...

- სწორედ საქართველოს ნაკრებზე უნდა გკითხოთ. როგორ აფასებთ გუნდის თამაშს იმ პერიოდში, როცა თქვენ აღარ ხართ გუნდის თავკაცი და საერთოდ, რას იტყვით ვლადიმირ ვაისზე?
- ჩემგან ახლა ცოტა უხერხული იქნება შედარებები და პარალელები...

პირდაპირ დაწერეთ - ვლადიმირ ვაისს, როგორც ძლიერ მწვრთნელს, ძალიან დიდ პატივს ვცემ. მე მიყვარს საქართველოს ნაკრები, მიყვარს მისი ფეხბურთელები. ქართველ გულშემატკივართან კი პირნათელი ვარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
კობოაშვილს ფეხბურთი კი არა თანამდებობა აინტერესებს
Tengo
15:03 10-09-2016
0
კახა ძალიან პროგრესული მწვერთნელია და ადამიანიც. ის ყოველთვის სწავლობს და ვითარდება. დარწმუნებბული ვარ საქართველოს ნაკრები ბევრს ისწავლიდა მისგარ ცოდა მეტი დრო რომ მიეცათ. რა მოხდა თავისი შვილი რომ Aთამაშა, რა შვილები და ნათესავები ყოველთვის წინა პლანზე არ გვყავს ქართველებს=? სარკეში ჩავიხედოთ სანამ სხვას რამეს ვეცილებით.
vato
02:41 09-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული