მივყვეთ ქართული ლეგიონის უქმეების მონაგარს...
დანია
სუპერლიგაში დუბლი შეასრულა 23 წლის ფორვარდმა დავით სხირტლაძემ, რომლის "სილკებორგი" სტუმრად "ჰორსენსს" ხვდებოდა.
თავიდან მასპინძლები ორი ბურთით დაწინაურდნენ და სწორედ აქ მოევლინა გუნდს მხსნელად ქართველი, რომელმაც ჯერ 1:2 გახადა ანგარიში, რომელიც მალევე 1:3 გახდა "სილკებორგის" მცველთა უყურადღებობის გამო, მაგრამ ორ წუთში სხირტლაძემ ფანტასტიკური გოლი გაიტანა - ფლანგური პასის შემდეგ "მაკრატელათი" 2:3
ეს იყო "სილკებორგის" მეორე ქულა მიმდინარე გათამაშებაში და პირველი 3 გოლი (აქამდე ოთხი ტური "მშრალად" ჩაატარა). რა თქმა უნდა, სხირტლაძის ასეთი თამაში ძალიან გვახარებს. თუ ის სტაბილურობას შეინარჩუნებს და გოლებსაც გაიტანს, უნდა ველოდოთ, რომ მისით საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბიც დაინტერესდება.
ბელორუსი
უმაღლეს ლიგაში შეუჩერებელია ბატე, რომლის ქართველი ლეგიონერი ვალერიან გვილია, შეიძლება ითქვას, უკვე მოერგო გუნდს და ამ უქმეებზე გოლიც გაიტანა. ბატე-მ შინ 3:1 სძლია "მინსკს". ამ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა სწორედ გვილიამ, რომელმაც სტუმართა მიერ 24-ე წუთზე გატანილი გოლი ტაიმის მიწურულს გაქვითა და თავიდან ბოლომდეც ითამაშა.
პაპუნა მოსემღვდლიშვილის "სლავია" (მოზირი) გასვლაზე უგოლოდ დაუზავდა "მიკაშევიჩს". ქართველი განაცხადში არ ყოფილა.
ჰოლანდია
ერედივიზიონში შესანიშნავი სტარტის (4:1 სტუმრად "ვილემთან") შემდეგ შინ მოულოდნელად დამარცხდა (1:2) "ვიტესი", რომელიც "დენ ჰააგს" მასპინძლობდა.
არადა, თავიდან ქართველების გუნდი დაწინაურდა, მაგრამ მერე მოდუნდა და თამაშის სადავეები ხელიდან გაუშვა.
კაპიტანი გურამ კაშია და ვალერი ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ეს უკანასკნელი 61-ე წუთზე შეცვალეს.
რუსეთი
პრემიერლიგის III ტურმა ქართველების გარეშე ჩაიარა. გიორგი ჭანტურია "ურალის" სათადარიგოთა შორის იყო ცსკა-სთან შინ წაგებულ (0:1) მატჩში.
არ შედგა ქართული დერბი ყაზანში, სადაც "რუბინი" "სპარტაკს" მასპინძლობდა (1:1). არც საბა კვირკველია ("რუბინი") და არც ჯანო ანანიძე ("სპარტაკი"). ტრავმირებული ანანიძე, რომელსაც ჩინებული სტარტი ჰქონდა, სავარაუდოდ, მომდევნო ტურისთვის იქნება მზად. მოსკოველთა შორის არ უთამაშია რუსული პასპორტის მქონე გიორგი მელქაძესაც.
I დივიზიონში მამუკა კობახიძის "ნეფტეხიმიკი" სტუმრად "ზენიტის" მეორე გუნდს დაუზავდა - 2:2. კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა.
ჩეხეთი
უმაღლეს ლიგაში "ბრნოსა" და "ტეპლიცეს" მატჩი უგოლოდ დასრულდა. ისევე, როგორც პირველ ორ ტურში, საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი ზურაბ ცისკარიძე ამჯერადაც "ტეპლიცეს" რეზერვისტებს შორის იყო და მოედანზე არ გამოჩენილა. "ტეპლიცეს" 3 ტურის შემდეგ 1 მოგება და 2 ფრე აქვს. ის ერთადერთი გუნდია ჩეხეთის მთავარ ლიგაში, ჯერ გოლი რომ არ გაუშვია, თუმცა ვერც შედეგიანობით (1 გოლი) დაიკვეხნის.
ლევან ყენიას "სლავიას" გასვლითი მატჩი ჰქონდა "იჰლავასთან". თამაში 1:1 მორჩა. ამჯერად, საქართველოს ნაკრების შემტევი თავისიანების გულშემატკივრობით დაკმაყოფილდა - ბოლომდე რეზერვში დარჩა.
ბელგია
პროქსიმუს ლიგაში (რანგით მეორე) "ტუბიცემ" "ლომელი" მიიღო და მძიმე მარცხი იწვნია - 0:4. მასპინძელთა ქართველი შემტევი ლევან შენგელია 55-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში, როცა ანგარიში 0:2 იყო. 37-ე წუთიდან "ტუბიცე" კაცნაკლული თამაშობდა.
უკრაინა
უმაღლეს ლიგაში გიორგი გადრანისა და დავით ხოჭოლავას "ჩერნომორეცმა" გუშინ დონეცკის "ოლიმპიკს" უმასპინძლა და 3:0 სძლია. გადრანი არ გამოჩენილა, ხოჭოლავამ კი თავიდან ბოლომდე ითამაშა.
ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" სტუმრად 1:0 მოუგო "ოლექსანდრიას". ქართველი შემტევი ნახევარმცველი 61-ე წუთზე შეცვალეს.
სანდრო კობახიძე "ვორსკლასთან" ერთად თავის ყოფილ გუნდს, "დნიპროს" ეწვია და ქულას გამორჩა - 1:1. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი 86-ე წუთზე შეცვალეს.
უკრაინის ახალგაზრდულ ჩემპიონატში "შახტარის" 21-წლამდელებმა სტუმრად 1:1 ითამაშეს კარპატელ თანატოლებთან. 78-ე წუთზე ანგარიში გიორგი არაბიძის (სრულად ითამაშა, 51-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო) მიერ სტანდარტული სიტუაციიდან გაკეთებული პასით გათანაბრდა.
პორტუგალია
სეგუნდას შემდეგ ამ უქმეებზე დაიწყო პრიმეირა (უმაღლესი) ლიგის მარათონიც. პირველ ტურში სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მაკარიძე, რომელსაც "მორეირენშეს" კარი ანდეს "პაკუშ ფერეირასთან" საშინაო მატჩში - 1:1.
მეორე ტურის მატჩები გაიმართა სეგუნდა ლიგაში, სადაც ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" სტუმრად ქულები გაუყო "ვიზელას" - 2:2. ჩვენებური განაცხადში არ ყოფილა.
იტალია
თასისთვის ბრძოლას აგრძელებს "ემპოლი", რომელმაც მასიმო მაკარონეს დუბლით შინ "ვიჩენცას" აჯობა (2:0) და 1/16-ფინალში გავიდა. ტოსკანელთა განაცხადში იყო რომან ჭანტურია, განსხვავებით ლევან მჭედლიძისგან, რომელსაც "ემპოლიდან" წასვლას უწინასწარმეტყველებენ.
პოლონეთი
ექსტრაკლასაში ლაშა დვალის "შლიონსკმა" სტუმრად ვერაფერი გააწყო ლიგის დებიუტანტ "არკას" წინააღმდეგ - 0:2. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სრულად ითამაშა.
გიორგი მერებაშვილის "ვისლა" (პლოცკი) დღეს "იაგელონიას" უმასპინძლებს.
უნგრეთი
ბუბა დაუშვილის "დიოშდიორი" სტუმრად 1:3 დამარცხდა "ჰალადაშთან" და 5 ტურის შემდეგ 2 მოგებით (6 ქულა) 12-გუნდიან უმაღლეს ლიგაში მე-8 პოზიციაზეა. ქართველი საყრდენი ნახევარმცველი 66-ე წუთზე შეცვალეს.
ავსტრია
ბუნდესლიგაში ვენის "რაპიდმა" გიორგი ქვილითაიას გარეშე გაანადგურა (4:0) "ადმირა". თბილისის "დინამოს ექსფორვარდი ჯერჯერობით ტრავმას იშუშებს.
დასავლეთ რეგიონალლიგაში ლუკა ძიძიგურის "კუფშტაინი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ალტახის" მოყვარულებთან და 4 ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა. ქართველმა შემტევმა 90 წუთი ითამაშა.
აზერბაიჯანი
პრემიერლიგის II ტურში "გაბალამ" ქართულ დერბის უმასპინძლა. ადგილობრივმა კლუბმა, რომლის ღირსებას ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი იცავს, ზაურ სვანაძის "ინტერი" მიიღო და უგოლო ფრეს დასჯერდა. კვეკვესკირი 76-ე წუთზე შეცვალეს, ზურაბ ხიზანიშვილმა (86-ე წუთზე გააფრთხილეს) კი ბაქოელთა გუნდში სრულად ითამაშა.
ასევე უგოლოდ დასრულდა "ქიაფაზისა" და ქართველების აზალ-ის დაპირისპირება. ნახევარმცველი ნუგზარ კვირტია სასტარტოში იყო და 76-ე წუთიდან დაასვენეს, ხოლო კიდევ ერთი შუახაზელი დავით ჯანელიძე 77-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.
ყაზახეთი
პრემიერლიგის მეორე ეტაპზე სამივე "ქართული" გუნდი საუკეთესო ექვსეულში თამაშობს. ყაზახეთში პირადი საგოლე ანგარიში (და უშუალოდ მატჩისაც) გახსნა ოთარ მარცვალაძემ (90 წუთი), რომელმაც "ორდაბასი" "აქტობესთან" დრამატულ საგარეო მატჩში (4:4) დააწინაურა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო გოგიტა გოგუაც, რომელიც 53-ე წუთზე შეცვალეს.
"ირტიშის" ძირითადში იყო შემტევი ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი. მისი გუნდი ვერაფერს გახდა ყაზახური ფეხბურთის გრანდ "ასტანასთან" საგარეო მატჩში - 0:3.
კახა ცხადაძის დამოძღვრილმა "ქაირათმა" კი სტუმრად 3:1 მოუგო "ოკჟეტპესს".
ნორვეგია
ტიპელიგაში (უმაღლესი) XX ტურის მატჩი ჩაატარა "სტაბეკმა". გიორგი გოროზიას გუნდი "ვიკინგს" ესტუმრა და ქულები გაუყო - 2:2. "სტაბეკის" ქართველმა გამთამაშებელმა გიორგი გოროზიამ 90 წუთი დაჰყო მოედანზე. გოროზიას გუნდი, ჯერჯერობით, გავარდნის რეალურ კანდიდატად რჩება.
ფინეთი
ირაკლი სირბილაძის კპვ-მ შინ 3:3 ითამაშა აუტსაიდერ "ჯაზთან". ქართველმა ფორვარდმა სრულად ითამაშა.
ესტონეთი
მეისტრილიგაში (უმაღლესი) ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა" შინ იოლად გაუმკლავდა "პიარნუს" - 3:0. ბეგლარიშვილი 71-ე წუთზე შეცვალეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"