ქართველები უცხოეთში: მამლუქები და ქართული პერსპექტივები

AutoSharing Option
ფოტოზე: ზურაბ ოჩიგავა, გიორგი მელქაძე, ნიკა ყიფიანი
მიხეილ ფოცხვერიას, გია გრიგალავასა და ვაკო გვილიას მაგალითები ამტკიცებს, რომ უცხოეთის მოქალაქეობის მქონე ქართველებში ისეთი მოთამაშეების შერჩევა შეიძლება, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს რომ გამოადგებიან...

ასეთი საინტერესო ფეხბურთელები კიდევ არიან: მამით გერმანელმა და დედით ქართველმა, ბუნდესლიგური "ფრაიბურგის" ნახევარმცველმა ლუკას ჰუფნაგელმა "ჯვაროსნებში" სადებიუტო შეხვედრა შარშან, ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში ჩაატარა, მერე კი ტრავმირებული იყო და აღარ მოუწვევიათ. თუმცა კიდევ გვაქვს იმედი, რომ ის ათამაშდება და საქართველოს ნაკრებს დაეხმარება.

სამწუხაროდ, გადის დრო და არაფერი ისმის პერმის "ამკარის" 22
წლის მცველ გიორგი ჯიქიასა და დრეზდენის "დინამოს" ნახევარმცველ აკაკი გოგიაზე. ჯერჯერობით, მხოლოდ ის ვიცით, რომ ისინი ქართული პასპორტის აღებისგან თავს იკავებენ.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს თავის მომავალს ჯერ არც მოსკოვის "სპარტაკში" დაწინაურებული ნახევარმცველი გიორგი მელქაძე უკავშირებს.

მან რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში 43 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. მელქაძემ 2015 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა, სადაც რუსები ესპანელებთან 0:2 დამარცხდნენ. ის იმ ახალგაზრდა მოთამაშეთა გაფართოებულ სიაში დასახელდა, რომლებსაც რუსები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ეროვნული ნაკრების პოტენციურ კანდიდატებად მიიჩნევენ. 2015 წელს მელქაძემ "სპარტაკთან" ახალი კონტრაქტი 2019 წლის 31 მაისამდე გააფორმა.

ვფიქრობთ, უფრო დამაიმედებელი მდგომარეობაა ნიკა ყიფიანის შემთხვევაში. თბილისში დაბადებული ყიფიანი 19 წლისაა. რინატ დასაევის საფეხბურთო აკადემიის გაზრდილი პლეიმეიკერი მოსკოვის "ლოკომოტივის" 17-წლამდელთა გუნდში გადაიყვანეს, სადაც ბომბარდირი და ლიდერი გახდა. 2014 წლიდან მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ერთხელაც არ უთამაშია.

ნიკა რუსეთის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში მელქაძესთან ერთად გამოდიოდა. საქართველოს ნაკრებში თამაშის პერსპექტივა მას კატეგორიულად არ გამოურიცხავს.

ის ზაფხულში მოსკოვის "ლოკომოტივიდან" კვიპროსში, კერძოდ, ახნას "ეთნიკოსში" გადავიდა, რომელსაც მამუკა ჯუღელი ეხმარება და იქ სამი ქართველიც ჩაიყვანა - გია გრიგალავა, ნიკა კაჭარავა და გიორგი ილურიძე. ფაქტია, რომ ნიკა რუსეთიდან წავიდა და ეს ჩვენს შანსს ზრდის.

ერთი საინტერესო მოთამაშე უკრაინაშია და ადგილის დამკვიდრებას კიევის "დინამოში" ცდილობს - 21 წლის ზურაბ ოჩიგავა (სიმაღლე 186 სმ). მან წლეულს, ზაფხულში, ავსტრიაში მოსამზადებელ შეკრებაზე კიეველთა შემადგენლობაში რიბკას, იარმოლენკოსა და გლადკის მხარდამხარ თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

ოჩიგავა ფლანგის მცველია (მარცხნივაც თამაშობს და მარჯვნივაც). ის უკრაინაში დაიბადა და ამ ქვეყნის მოქალაქეა. შარშან ზაფხულში ის "ილიჩევეციდან" კიევის "დინამო 2"-ში მიიწვიეს, სადაც ასევე უკრაინის მოქალაქეობის მქონე ქართველი მცველი ბადრი აქუბარდია დახვდა. ეს უკანასკნელი ამჟამად "ზუგდიდში" თამაშობს.

ახალ სეზონში ოჩიგავამ კიეველთა შემადგენლობაში ორჯერ ითამაშა. სადებიუტო შეხვედრა აგვისტოში ჩაატარა და თუკი გამოხმაურებებს ვენდობით, საინტერესო მოთამაშეა. ამაზე კლუბის ოფიციალური ვებგვერდის წერილიც მეტყველებს:

"ახალგაზრდა მცველი ზურაბ ოჩიგავა უკრაინის პრემიერლიგაში პირველად მესამე ტურში, "დნიპროს" წინააღმდეგ გამოჩნდა. მთავარმა მწვრთნელმა ის მე-18 წუთზე, ტრავმირებული დომაგოი ვიდას ნაცვლად შეიყვანა მოედანზე. დებიუტანტმა პირველივე წამებიდან აჩვენა, რომ ავსტრიულ შეკრებაზე ოფლი ტყუილუბრალოდ არ უღვრია - შესანიშნავად ითამაშა არა მხოლოდ დაცვაში, არამედ შეტევებსაც დროულად ეხმარებოდა...

დამაჯერებელი დებიუტის შემდეგ ვიტყვით, რომ მას კიევის "დინამოში" დამკვიდრების ყველა შესაძლებლობა აქვს და იმედია, ამ შანსს გამოიყენებს".

ოჩიგავას უკრაინელი ფანიც საინტერესოდ ახასიათებს:

"ეს ძალიან პერსპექტიული ბიჭია! დაიმახსოვრეთ მისი სახელი - ტექნიკურია და კარგადაც აზროვნებს, მაგრამ დაცვაში მისი ადგილი აშკარად არ არის, საყრდენადაც ითამაშებდა და თავდამსხმელების უკანაც".

2015 წლის აპრილში ოჩიგავა უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. მან ბელორუსის ახალგაზრდულის წინააღმდეგ ითამაშა. ოჩიგავა გუნდის გაფართოებულ განაცხადში იყო და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, მაგრამ საბოლოო განაცხადში არ შეიყვანეს.

გასული წლის ივნისში ოჩიგავათი უკრაინის ეროვნული და 21-წლამდელთა ნაკრების ხელმძღვანელობაც დაინტერესდა და ზალცბურგში ჩეხებთან დაგეგმილი საკონტროლო შეხვედრის წინ შეკრებაზე მიიწვიეს, სადაც მასთან ერთად ნაკრებში ზაპოროჟიეს "მეტალურგის" მაშინდელი საყრდენი ნახევარმცველი ვაკო გვილიაც ვარჯიშობდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ ეს ბიჭები. კობიაშვილი, მუჯირი და ვაისი უნდა ადგნენ, მოიცალონ, შეხვდნენ ამ ბიჭებს და დაელაპარაკონ.
დარწმუნებული ვარ შედეგს გამოიღებს.
Georgian
16 ოქტომბერი 2016 17:11
0
სადაა დასაკარგი ფეგბურტელი
irakli
15 ოქტომბერი 2016 13:01
0
გიორგი ჯიქია არ არის დასაკარგი.ორმაგი მოქალაქეობა აქვს.თუ რუსეთის ნაკრებში არ მოხვდა.
jumber
15 ოქტომბერი 2016 10:30
0
ვისაც არ უნდა არც არავის შევეხვეწოთ, ეროვნულში შეიძლება არჩევა
nika
15 ოქტომბერი 2016 08:51
0
არავის სახვეწარი არაფერი არ გვჭირს მშვენიერი ნაკრები გვყავს და მალე აქეთ შეგვეხვეწებიან ეს მამლუქები
iii
15 ოქტომბერი 2016 00:43
0
ბექა ვაჩიბერაძე არ უნდა დაიკარგოს ნაკრებისთვის, მაგ ბიჭს მიაქციეთ ყურადღება
anti
14 ოქტომბერი 2016 21:59
0
https://en.wikipedia.org/wiki/Georgi_Makhatadze

გიორგი მახათაძე, რუსეთის 19 წლამდე ნაკრების კაპიტანი

https://www.youtube.com/watch?v=E-jhj456HEA
ნიკა
14 ოქტომბერი 2016 15:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული