[ექსკლუზივი] კახა ცხადაძე: ამ მისიით ვართ იქ და ეს აუცილებლად უნდა შესრულდეს!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, თანაშემწე გიორგი ჩიხრაძესთან ერთად, პირველი არასრული სეზონი ჩაამთავრა ალმათის "ქაირათში". 48 წლის სპეციალისტმა კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი გუნდი ჩაიბარა და სეზონი მეორე ადგილზე დაასრულებინა. ჩამორჩა მხოლოდ "ასტანას", ბოლო წლების ყაზახური საკლუბო ფეხბურთის ლიდერს, რომელთანაც თასის ფინალშიც დამარცხდა, მოყინულ მინდორსა და თოვლში, სადაც არაფრით შეიძლებოდა ფეხბურთის თამაში...

მომავალ სეზონში კი ცხადაძეს ერთადერთი მიზანი ექნება - ჩემპიონობა.

"ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა "ქაირათის" მწვრთნელთან, რომელიც მომქანცველი სეზონის შემდეგ სამშობლოში ისვენებს...

- მოდით, ამ კითხვით დავიწყოთ: როგორც მწვრთნელს, რა მოგცათ
"ქაირათში" გატარებულმა პირველმა სეზონმა?

- ჩემთვისაც და ყველა მწვრთნელისთვისაც სასიამოვნოა ისეთი დონის გუნდში მუშაობა, სადაც ამდენი მაღალი კლასის შემსრულებელია. ასეთ პირობებში მწვრთნელი გამუდმებით იზრდება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში აქამდე არასოდეს მიმუშავია ისეთი დონის ფეხბურთელებთან, როგორებიც არიან ტიმოშჩუკი და არშავინი. ისინი დღესაც ძალიან ბევრ, ევროპული დონის გუნდს გამოადგებოდნენ... ასევე, მინდა აღვნიშნო კოტდივუარელი გოუ, ვინც ბოლო სამ ყაზახურ სეზონში 70 გოლი გაიტანა...

ერთი სიტყვით, ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ სამწვრთნელო ცოდნის გაღრმავებასა და სრულყოფაზე იფიქრო. ჩვენი სამწვრთნელო შტაბი რამდენიმე ახალი წევრით შეივსო. ფეხბურთი წინ მიდის და არ უნდა ჩამორჩე, ფეხი უნდა აუწყო.

- როგორი იყო სეზონი "ქაირათისთვის"?
- ალბათ, სწორი იქნება, თუ სეზონს გავყოფთ ორ ნაწილად. ჩემპიონატში გუნდის გამოსვლას დადებითად შევაფასებდი. ჩვენი ხელმძღვანელობით "ქაირათმა" ყაზახეთის ჩემპიონატში 29 მატჩი ჩაატარა, 22 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 3 წააგო, გაიტანა 73 გოლი და გაუშვა - 25, დააგროვა 71 ქულა. თუ მხოლოდ იმ ქულებს დავთვლით, რომელიც ჩვენი ხელმძღვანელობით დაგროვდა, აღმოჩნდება, რომ "ასტანას" 6 ქულით გავუსწარით. როცა ჩვენ მივედით გუნდში, იმდენად დიდი იყო ლიდერთან ჩამორჩენა, ჩემპიონობას ვეღარ შევწვდით...

წარუმატებელი იყო "ქაირათის" თამაში ევროთასებზე. როგორც გახსოვთ, დავმარცხდით შოთა არველაძის "მაკაბისთან". ისიც გეხსომებათ, თავიდანვე რომ ვთქვი - ჩვენ ორს შორის გამარჯვებული აუცილებლად მოხვდებოდა ევროპალიგის ჯგუფში და ეს ასეც მოხდა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ შოთის ხელმძღვანელობით "მაკაბი" ჯგუფური ეტაპის დაძლევასაც მოახერხებს და აქვე მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით მას წარმატებები ვუსურვო...

რაც შეეხება ყაზახეთის თასის ფინალს, ამას ფეხბურთს ძნელად თუ დავარქმევთ. შეუძლებელი გახდა, ასეთ მინდორზე ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა. რა თქმა უნდა, მარცხი სამწუხარო იყო, მაგრამ მე მაშინვე ვუთხარი ჩემს ფეხბურთელებს, რომ ამით არაფერი არ მთავრდება. მჯერა, არაერთხელ შევძლებთ ჩვენი გულშემატკივრების გახარებას...

ასე რომ, სეზონს ვერც წარმატებულს ვუწოდებთ და ვერც - წარუმატებელს. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის დიდი ამბიციები, რაც აქვს კლუბის ხელმძღვანელობას და ეს ნამდვილად არ არის რეალობას მოწყვეტილი ამბიციები. ხელმძღვანელობა გვიქმნის შესანიშნავ პირობებს და საპასუხოდ ჩვენგანაც ყოველთვის მაქსიმუმს ელოდებიან.

მინდა, მათ მადლობა გადავუხადო ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მიმართ დიდი ნდობისთვის. შემოგვთავაზეს ახალი ხელშეკრულება და, როგორც იცით, ჩვენსა და "ქაირათს" შორის კონტრაქტი გაგრძელდა.

- კონტრაქტზე აუცილებლად ვისაუბრებთ. მანამდე, ისევ თასის ფინალზე გკითხავთ. შეიძლებოდა თუ არა, რომ შეხვედრა სხვა დროს, უფრო ხელსაყრელ საფეხბურთო პირობებში ჩატარებულიყო?
- საქმე ისაა, რომ ფინალი უნდა გამართულიყო ასტანაში. იქ არის ძველი, ხელოვნური მოედანი, რომელზეც რთულია იმ ფეხბურთის თამაში, როგორსაც ჩვენი ხელმძღვანელობით "ქაირათი" თამაშობს - ვგულისხმობ მოკლე და საშუალო გადაცემებს... ამიტომ, ფინალი გადმოიტანეს ალმათიში. თამაშის დაწყებამდე "ქაირათის" პრეზიდენტი შემოვიდა ჩვენთან და მე მას პირდაპირ ვუთხარი, რომ ასეთი მინდორი დაახლოებით 50 პროცენტით დააქვეითებდა ჩვენს შემტევ პოტენციალს. ჩვენ მთელ სეზონში 93 გოლი გავიტანეთ... თან ფინალის გადატანაც აღარ ხერხდებოდა, რადგან საამისოდ შესაფერისი თარიღი ვერ გამოიძებნა...

მიუხედავად მინდვრის ასეთი მდგომარეობისა, ჩვენი უპირატესობა იყო აშკარა და ამას აჩვენებს სტატისტიკაც, თუმცა... წავაგეთ. ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება და ეს მარცხი კიდევ უფრო ზრდის ჩვენს სამომავლო მოტივაციას.

- ახლა, რაც შეეხება კონტრაქტის გახანგრძლივებას. ახალი ხელშეკრულება ხანგრძლივ პერიოდზეა გათვლილი. საინტერესოა, თუ იქნება შეთავაზება უფრო სახელიანი და ძლიერი კლუბისგან, შეგელევათ "ქაირათი"?
- კონტრაქტი გახანგრძლივდა მთელს სამწვრთნელო შტაბთან. როგორც იცით, აქ ჩემთან ერთად მუშაობს გიორგი ჩიხრაძე, ვინც თავისი საქმის ძალიან დიდი პროფესიონალია. ყველა ვაკეთებთ ერთ საერთო საქმეს. კლუბის ხელმძღვანელობა ყველანაირ პირობას გვიქმნის იმისთვის, რომ წარმატებულები ვიყოთ.

თქვენ კარგად მიცნობთ და იცით საქმისადმი ჩემი მიდგომა. არ შემიძლია მისი სანახევროდ გაკეთება, ბოლომდე უნდა მივიყვანო ის. 6 წელი ვიმუშავე ბაქოს "ინტერში" და ამ ხნის განმავლობაში არაერთი, თან ძალიან მიმზიდველი შეთავაზება მქონდა...

ახლა ჩვენ წინაშე დგას კონკრეტული ამოცანა - "ქაირათი" ყაზახეთის ჩემპიონი უნდა გახდეს და ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ამ მისიით ვარ იქ და ეს აუცილებლად უნდა შესრულდეს! აი, მერე კი, თუ იქნება კონკრეტული წინადადება, შეიძლება ამაზეც ფიქრი.

ჩვენი მოტივაცია უდიდესია, რადგან უკვე 12 წელიწადია, "ქაირათი" აღარ ყოფილა ყაზახეთის ჩემპიონი და ეს ნავსი უსათუოდ უნდა გავტეხოთ. ჩვენ გვყავს ბრწყინვალე გულშემატკივრები, მათ ძალიან ვუყვარვათ და ისინი იმსახურებენ დიდ სიხარულს.

- მიზნები დიდია, მაგრამ ახერხებთ გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას?
- უკვე გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ ბირთვს აუცილებლად შევინარჩუნებთ! ერთადერთი, ანატოლი ტიმოშჩუკი დაგვტოვებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო ასეთ ფეხბურთელთან მუშაობა, ამას გარდა, ის არის შესანიშნავი პიროვნება. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მარჯვენა ხელი იყო მინდორზე. 37 წლის ფეხბურთელი ნებისმიერ ვარჯიშსა და თამაშს ბოლომდე პასუხისმგებლობით ეკიდება.

ასევეა ანდრეი არშავინიც. სანამ აქ ჩამოვიდოდი, მასზე განსხვავებული აზრები მესმოდა, მაგრამ არაფერი მსგავსი! ის დიდი პატრიოტია თავისი გუნდისა და ქვეყნის. ახლა ჩვენი ამოცანაა, როგორმე სრულფასოვნად მოვახერხოთ ტიმოშჩუკის შეცვლა. ვიცი, ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ტიმოშჩუკის პოზიციაზე ქართველი ფეხბურთელი დაიმატოთ?
- არა.

- ცალკე უნდა ითქვას ყაზახეთის ჩემპიონატის უაღრესად გადატვირთულ კალენდარზე. იყო შემთხვევები, როცა ყოველ მესამე დღეს გიწევდათ თამაში...
- ივნისში, ივლისსა და აგვისტოში მართლაც იყო ასეთი შემთხვევები... მაგრამ ისეთი აღდგენითი საშუალებები გვაქვს, ამაზე ნამდვილად ვერ დავიწუწუნებთ. ბოლო შეხვედრაში ძირითად დროში ცვლილება საერთოდ არ გამიკეთებია. ფეხბურთელებს ბოლომდე შერჩათ ენერგია.

- როგორია ყაზახეთში თქვენ მიმართ დამოკიდებულება?
- კარგის მეტს ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. არაერთხელ გაგვიკეთეს სასიამოვნო სიურპრიზი "ქაირათის" გულშემატკივრებმა. ერთხელ 100 კვადრატული მეტრის ბანერიც კი გამოფინეს ჩემი გამოსახულებით.

- კახაბერ, Сенемiз! - "ქაირათის" ფანებმა ცხადაძეს ნდობა უზარმაზარი ბანერით გამოუცხადეს

ყოველ ნაბიჯში ვგრძნობთ ძალიან დიდ სიყვარულს ქომაგების მხრიდან... სხვათა შორის, "ქაირათს" ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს - ჩვენს საშინაო მატჩებზე მუდმივად ესწრება 8-10 ათასი მაყურებელი.

- ბოლოს ესეც მინდა გკითხოთ: როგორია ბაჩანას ჯანმრთელობის მდგომარეობა? ცოტა ხნის წინ თქვენმა ვაჟმა მძიმე ტრავმა მიიღო საქართველოს ჩემპიონატის მატჩში და საინტერესოა, როდის დაუბრუნდება ფეხბურთს?
- ბაჩანამ თურქეთში გაიკეთა ოპერაცია, რომელიც ახალი მეთოდით ჩატარდა. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დაუბრუნდება ფეხბურთს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
კახი ძალიან მწყდება გული არამარტო მე არმედ ყველა ქარტველ გულშემატკივარს რომ შენ წახვედი ნაკრებიდან.
guram
02 დეკემბერი 2016 12:02
0
კახა-ჩიხო ჯიგრები ხართ.
ასურეთი
27 ნოემბერი 2016 23:28
0
შენი და ჩიხოს გაშვება შეიდლებოდა აკედან/////////მაგრამ არაუშავს ხომ დაუმტკიცეტ რომ მაგრები ხარტ შემოგევლეთ.
ასურეთი
27 ნოემბერი 2016 23:26
0
სულით და გულით გისურვებ წარმატებებს ძალიან უსამართლოდ საქართველოდან გაშვებულო მწვრთნელო!!...მაგრამ დადგება დრო ისევ დაბრუნდები...გამარჯვებებით გევლოს კახაბერ!!
არტაგი
26 ნოემბერი 2016 22:26
0
კახა მაგარი კაცი ტა ცჰკვიანი მცვრტნელი ხარრ,,არ გავხარ ... არველადზეებსსს,,
mdzgoli
26 ნოემბერი 2016 16:18
0
ჯიგარი ხარ კახა ცარმატებები
nika
26 ნოემბერი 2016 15:10
0
შენ გენაცვალე კახა,მაგარი მცვრთნელი ხარ და იმედი მაკ მიახცევ შენთვის სასურველ შედეგებს
dato
26 ნოემბერი 2016 15:09
0
მაშ შენ ამბობ რომ არ ჰყოლია
მტერი რუსთაველს
არ გაქცევია სამშობლოდან
სულთამხუთავებს.................
კიდევ ბევრს გავაქცევთ.
ვეტერანი
26 ნოემბერი 2016 14:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული