ფანებმა რუსეთის ნაციონალური ლიგის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მელქაძე აღიარეს

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის ნაციონალური ლიგის (რანგით მეორე ლიგა) ვებგვერდმა ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. გამარჯვებული ორი ვერსიით სახელდება: პირველ ვარიანტს თავად ინტერნეტპორტალი ასახელებს, მაგრამ საუკეთესოს გამოვლენის საშუალებას გულშემატკივრებსაც აძლევს.

გამოცემამ პირველ ადგილზე კრასნოიარსკის "ენისეის" მცველი ილია გულტიაევი დაასახელა, რომელმაც 4 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და გუნდს 4 ქულა მოუტანა. ნომინაციაში მოსკოვის "სპარტაკის" დუბლებისა და ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი მელქაძეც იყო წარდგენილი, მაგრამ ის სამეულში ვერ მოხვდა.

სამაგიეროდ, გულშემატკივარმა თავის რჩეულად სწორედ წარმოშობით ქართველი
დაასახელეს - მელქაძეს გამოკითხულთა 23,6 პროცენტმა დაუჭირა მხარი და გულტიაევზე (21,3 %) წინ დააყენა.

გიორგიმ ნოემბერში პირველ ლიგაში 3 გოლი გაიტანა. ამას გარდა, რუსეთის პირველი ლიგის ნაკრებში მიიწვიეს, რომლის ფორმითაც ლარნაკაში კვიპროსის ახალგაზრდულ ნაკრებთან ითამაშა და გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. მელქაძემ მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა, შეხვედრა კი 1:1 დასრულდა.

სხვათა შორის, გიორგი ახლა საქართველოში იმყოფებოდა და მასთან ინტერვიუს ჩაწერა გვსურდა, რაზეც თავად უარზე არ იყო, მაგრამ... საამისოდ "სპარტაკში" საკმაოდ რთული ფორმალური პროცედურის გავლა იყო საჭირო და სამწუხაროდ, მის წასვლამდე ეს ვერ მოხერხდა.

ახლა ეს სამტრედიელი ახალგაზრდა რუსეთის მოქალაქეა, "სპარტაკის" მთავარი გუნდის ფორმაც მოურგია და ჯერჯერობით, თავის მომავალს საქართველოს არ უკავშირებს, მაგრამ არავინ უწყის, როდის რა შეიცვლება და ჩვენი ყურადღებაც ამით არის განპირობებული.

სხვათა შორის, ამ კუთხით არანაკლებ საინტერესოა 19 წლის ნახევარმცველი ნიკა ყიფიანიც, რომელიც წლეულს ქართველებთან ერთად ახნას "ეთნიკოსის" ძირითად შემადგენლობაში თამაშობს.

"მამლუქების" თემას შევეხეთ და აქვე ვიტყვით, რომ რუსეთის პრემიერლიგის პერმის "ამკარის" მცველი გიორგი ჯიქია, რომელიც ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს (მაგრამ არ ათამაშეს), შესაძლოა, მოსკოვის "სპარტაკში" გადავიდეს.

პერმის "ამკარის" ხელმძღვანელობა ტრანსფერში 3 მილიონ დოლარს ითხოვს, რაზეც "სპარტაკი" უარზეა, რადგან იანვარში ქართველის გაცილებით იაფად გადაბირებას იმედოვნებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ უსვამთ ხაზს - მიიწვიეს და არ ათამაშეს. საქართველოს ნაკრებში მაკარიძესაც იწვევნ და კვასხვაძესაც, მაგრამ ათამაშებენ. მოვა დრო და ჯიქიას ძირითადშიც ათამაშებენ თუ თავს გამოიჩენს
დემე
21:25 14-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული