...ეს ამბავი სპორტის აკადემიის ლექტორმა თავად გვითხრა. შეგახსენებთ, რომ გოჩა ალადაშვილი ერთადერთი ქართველი სპეციალისტია, რომელსაც ამ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში უმუშავია - იყო კურიტიბას უნივერსიტეტის სპორტის კათედრის გამგე, ერთი ხანობა, ბრაზილიის ქალ სტუდენტთა ნაკრების სამწვრთნელო სტაფის წევრი ფიზმომზადების მწვრთნელის რანგში გახლდათ და გუნდს მსოფლიო უნივერსიადაზეც ახლდა...
რამდენიმე წლის წინათ, გოჩა ალადაშვილი საქართველოში დროებით დაბრუნებას აპირებდა. მაგრამ ეს დრო რამდენიმე წლით გაეწელა და ამ პერიოდში ქართულ კლუბებთან თანამშრომლობდა - რუსთავის "მეტალურგთან", ბოლნისის "სიონთან", ქობულეთის "შუქურასთან", ბათუმის "დინამოსთან"... რამდენჯერმე
ბოლო სამი წელია, ალადაშვილი სპორტის აკადემიის ლექტორია.
"ახლახან, ბრაზილიიდან დამიკავშირდნენ და მუშაობა პარანას შტატის ქალაქ კასკაველის გუნდში შემომთავაზეს. ეს ქალაქი არგენტინასთან 300 კილომეტრშია, თვითმფრინავის ბილეთები უკვე ამიღეს და მალე ბრაზილიაში გავემგზავრები.
მიხარია, რომ წლების შემდეგ ისევ ვბრუნდები ქვეყანაში, რომელიც ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა, სადაც ფეხბურთი უმაღლეს დონეზეა განვითარებული და უზომოდ უყვართ. იქ მე უამრავი მეგობარი მყავს და უცხოობას ნამდვილად არ ვგრძნობ", - ამბობს ალადაშვილი.
ქართველი სპეციალისტი თავის ახალ სამსახურზე გველაპარაკა:
"კლუბის დირექტორმა, ევანდრუ როჟეირო რომანომ მიმიწვია, რომელიც ბრაზილიის პარლამენტის დეპუტატი და კასკაველის უნივერსიტეტის სპორტის კათედრის გამგეა. ის წარსულში ცნობილი არბიტრი გახლდათ და, სხვათა შორის, იმ შეხვედრასაც სჯიდა, რომელშიც რომარიომ თავისი მე-1000 გოლი გაიტანა...
როგორც მითხრეს, სამეცნიერო დარგში სამწვრთნელო შტაბის კოორდინატორი ვიქნები, სამწვრთნელ პროცესს დავგეგმავ და გუნდის ვარჯიშებშიც მივიღებ მონაწილეობას. ამას გარდა, კლუბის საერთაშორისო დეპარტამენტიც ჩამაბარეს.
გუნდის მთავარი მწვრთნელი კარმინო კოლუმბინია, რომელიც ადრე "პალმეირასსა" და საუდის არაბეთში მუშაობდა. როდესაც მას ჩემი კანდიდატურა შესთავაზეს, მონაცემები დეტალურად შეისწავლა და მითხრეს, თურმე, სიამოვნებით დათანხმებულა - ჩვენ სწორედ ასეთი სპეციალისტი გვჭირდებაო".
ალადაშვილი ამბობს, რომ საქართველოსთან კავშირის გაწყვეტას არ აპირებს:
"უცნაურია, რომ საქართველოში უფრო გამიჭირდა სამსახურის მოძებნა, ვიდრე - ბრაზილიაში. გვერდში სპორტის აკადემიის რექტორი, გურამ ძაგანია დამიდგა და ლექციებს ვკითხულობდი. როცა ბრაზილიაში მიწვევის ამბავი შეიტყო, მითხრა, შენ ამ ქვეყანაში საქართველოს დესპანი იქნები და რა დროსაც უნდა დაბრუნდე, ჩვენთან იმუშავებო. რა დასამალია და, პრაქტიკული მუშაობაც მსურდა.
გული მწყდება, ჩემი ცოდნა რომ ვერ გამოვიყენე. მაგრამ ხდება ხოლმე, რას ვიზამთ... მე ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი ვარ და იქიდანაც შევეცდები, რომ კლუბებს თუ ფეხბურთის ფედერაციას ჩემი კავშირებით დავეხმარო. ბინას კლუბი მიქირავებს, სხვა პირობებიც საკმაოდ კარგია.
ბედნიერი ვარ, რომ ბრაზილიურ კლუბში ქართველი მიმიწვიეს. "კასკაველი" პარანას ჩემპიონატში თამაშობს, მაგრამ სამწლიანი გეგმა შეადგინეს, რომლის მიზანიც სერია B-ში მოხვედრაა.
შესაძლოა, ბევრმა ვერ გაიგოს, "კასკაველი" რა დონისაა. საწყენად არავინ მიიღოს და, მიმაჩნია, რომ მსგავსი გუნდი საქართველოში არ გვყავს. მე ფაქტებს გეტყვით და თავად განსაჯეთ - კლუბს 43-ათასიანი სტადიონი, მშვენიერი ბიუჯეტი აქვს და თანამედროვე სავარჯიშო კომპლექსიც ემსახურება. ასეთით, საქართველოში ბევრი კლუბი ვერ დაიკვეხნის".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"