დავიჯერე, მაგრამ... შევცდი. თორნიკე თუხარელი თურქეთიდან რუსთავში

AutoSharing Option
თორნიკე თუხარელი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ცნობადი ფეხბურთელია. თამაშობდა "ცხინვალში", ქობულეთის "შუქურაში", "ზუგდიდსა" და ფოთის "კოლხეთში", არაერთხელ ყოფილა ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც...

მაგრამ გასული წლის ზაფხულიდან თუხარელი მხედველობის არიდან გაქრა და მხოლოდ ახლა გამოჩნდა - 25 წლის ფლანგის თავდამსხმელი პრო ლიგა 2-ის "რუსთავში" ვარჯიშობს. როგორც აღმოჩნდა, ზაფხულიდან უცხოეთში დამკვიდრების მცდელობა ჰქონდა.

"ფოთის "კოლხეთში" საკმაოდ კარგი სეზონი ჩავატარე და თურქეთის რეგიონული ლიგის "გერედესფორში" თამაში შემომთავაზეს. პირობებზე შევთანხმდით - თურქეთის მეოთხე ლიგის გუნდში ისეთ ხელფასსა და საკონტრაქტო თანხას შემპირდნენ, ჩვენს უმაღლეს ლიგაშიც კი
სანატრელია.

ამას გარდა, მითხრეს, რომ რაკი "გერედესფორი" პირველი ლიგის "ბოლუსფორის" ფარმკლუბია, გაცილებით მაღალ დონეზე გადასვლის პერსპექტივაც მექნებოდა. ამაზე უარს ვინ იტყოდა?

წავედი, მწვრთნელსა და პრეზიდენტს მოვეწონე და ჩემს ტრანსფერზე მედიაშიც დადებითი გამოხმაურება დაიწერა. პირველი ტურები კარგად ჩავატარე და დამაიმედეს - ჩათვალე, რომ ზამთრიდან "ბოლუსფორში" ითამაშებო. დავიჯერე, მაგრამ...

შევცდი - კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, ვითარება აირია და დანაპირებიც სრულად არ შემისრულეს. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ "ბოლუსფორში" გადასვლაზე სიტყვა აღარ დაუძრავთ.

ასე რომ, იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა და საქართველოში დავბრუნდი. ახლა "რუსთავში" ვვარჯიშობ, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია", - ამბობს თუხარელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მაგარი ზგაპარიააან საოდან იგონებენ
emigranti
18:05 06-02-2017
0

სიახლეები პოპულარული