მოლოდინისამებრ, “ზესტაფონს” სლოვაკეთში ისე ეფექტურად არ უთამაშია, როგორც ეს ერთი კვირის წინ საკუთარ კედლებში შეძლო, მაგრამ დასახულ მიზანს მაინც დამაჯერებლად მიაღწია – გია გეგუჩაძის გუნდი “დუკლას” სტუმრად ფაქტობრივად, ტოლსწორად ებრძოლა და მისაღები ანგარიშით დამარცხდა.
ჩვენი გუნდი სლოვაკეთიდან საქართველოში მატჩის დასრულებისთანავე გამოემგზავრა და ამიტომაც შეხვედრის ვრცელ მიმოხილვას “ლელოს” ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზებთ, ახლა კი ძირითად მომენტებზე შევჩერდეთ.
“ზესტაფონის” ძირითად შემადგენლობაში დისკვალიფიცირებული მურთაზ დაუშვილის ნაცვლად, თორნიკე გორგიაშვილი ვიხილეთ, პირველივე წუთებიდან ითამაშა ახალგამოჯანმრთელებულმა თორნიკე აფციაურმა, რომელმაც გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. აფციაური “ზესტაფონის” შეტევებს
“ზესტაფონმა” მატჩი აქტიურად დაიწყო, მაგრამ “დუკლა” მალე მოეგო გონს და იმის მიუხედავად, რომ დიდი ფანტაზიით ვერ უტევდა, დროდადრო მაინც ახერხებდა თავსატეხი გაეჩენა ქართველთათვის. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ბანსკა ბისტრიცელთა გოლი გარდაუვალი იყო. მატჩის ერთადერთი ბურთი მიხალ დურიშმა თავური დარტყმით გაიტანა.
“დუკლას” რეალური საგოლე მომენტები კიდევ ჰქონდა. გაიდოშის შორეული დარტყმა “ზესტაფონის” კარის ძელს მოხვდა, მანამდე კი ქართველი მცველების შეცდომით დურიშმა ვერ ისარგებლა და ბურთი მიზანს ახლო მანძილიდან ააცილა. ეს ყველაფერი მატჩის მეორე ნახევარში მოხდა, პირველი ტაიმის მიწურულს კი დურიშს დუბლის შესრულება შეეძლო. იგი კვასხვაძეს მიუახლოვდა და დაარტყა კიდეც, მაგრამ აქ გიორგი ხიდეშელმა ივაჟკაცა და ბურთს საკუთარი კარის ხაზის გადაკვეთის საშუალება არ მისცა.
სამაგიეროდ, შეხვედრის დასკვნით ნაწილში მასპინძლებმა ხეირიანი ვერაფერი მოიფიქრეს და მატჩის ბოლო წუთებში მეტოქის კართან შტურმისმაგვარიც ვერაფერი მოაწყვეს. მოკლედ, იმის მიუხედავად, რომ წარმატებისთვის გუშინაც ბევრი ოფლი დაღვარა, “ზესტაფონი” შემდეგ ეტაპზე განსაკუთრებული ვნებათაღელვის გარეშე გავიდა. ვერც “დუკლას” ფეხბურთელებისა და ვერც მათი ქომაგების პროვოკაციულმა საქციელმა ჩვენები წყობილებიდან ვერ გამოიყვანა. თუმცა ამაზე ხვალ...
“ზესტაფონს” ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ შეხვედრის ბოლოს გელაშვილმა ხელსაყრელი კონტრიერიშით ვერ ისარგებლა.
მატჩს “ზესტაფონის” მომავალი მეტოქის, ლვოვის “კარპატის” წარმომადგენლები დაესწრნენ და თამაში ვიდეოფირზეც აღბეჭდეს.
მატჩის შემდეგ
გია გეგუჩაძე (ზესტაფონის მთავარი მწვრთნელი): “ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს საბოლოო წარმატებას. ჩვენთვის ეს შეხვედრა საკმაოდ რთული გამოდგა. მოხარული ვარ, რომ ასეთი მაღალი დონის გუნდის არცთუ იოლად გადასალახი ბარიერი დავძლიეთ”.
დუკლა-ზესტაფონი 1:0
22.07. ბანსკა ბისტრიცა. SNP-სთედიუმი. 1 000 მაყურებელი
1:0 დურიში (27)
დუკლა: ბოროში – ბრაშენი (64. პიხი), ადამიკი, პოლიოვკა, სავიჩი – გაიდოში (75. დიურიცა), ჰუჩკო, ვაიდა (67. პლევა), პანჩიკი – სეიე, დურიში
სათადარიგოები: დურჩო, გონოსი, ვშკოვიჩი, პოვაჟანეცი
ზესტაფონი: რ. კვასხვაძე – ბენაშვილი (56. ალადაშვილი), ხიდეშელი, ონიანი, ელიავა – გრიგალაშვილი, ძარია, გორგიაშვილი (56. ბაბუნაშვილი), აფციაური (82. ფიფია) – გელაშვილი, დვალი.
სათადარიგოები: მამალაძე, მ. კობახიძე, მაკარიანი, ს. ლომია
გაფრთხილება: ვაიდა (48), პიხი (70), ადამიკი (76), ელიავა (78)
არბიტრი: დ. სტანკოვიჩი (სერბეთი)
ბანსკა ბისტრიცადან