საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე თბილისის მერიაში საქმიანობდა, იყო "სინათლის ქალაქის" დირექტორი, მაგრამ ფეხბურთი არასოდეს დავიწყებია. ახლახან,
"სამწვრთნელო კურსებზე ძალიან საინტერესო ჯგუფში მოვხვდი, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების ბევრ ცნობილ მოთამაშესთან ერთად ვსწავლობდი. მიხარია, რომ ფეხბურთში არიან ედიკ საჯაია, დათო იმედაშვილი, ლექსო ინწკირველი, დათო ჯანაშია, გიორგი ღამბაშიძე, ზვიად პაპიძე... ისინი გამოცდილებასა და ცოდნას ბავშვებს მოახმარენ.
მეც სულ მსურდა ფეხბურთში დაბრუნება - მწვრთნელად თუ სხვა ფორმით, ამას მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ ეს სფერო მიყვარს და ფეხბურთის სიღრმეებში გარკვევა მსურდა. სამწვრთნელო კურსებზე ამიტომაც შევედი - ეს და ფეხბურთელობა სხვადასხვა პროფესიებია და ფეხბურთს აბსოლუტურად განსხვავებული კუთხიდან უყურებ", - ამბობს ტოგონიძე.
მისი თქმით, საქართველო სამწვრთნელო სწავლებაში გამორჩეული ქვეყანაა:
"არის ქვეყნები, სადაც ლიცენზიას იოლად აიღებ, მაგრამ მე ცოდნის მიღება მსურდა და არა - უბრალო სერტიფიკატის. ამით პოსტსაბჭოეთში საქართველო გამორჩეულია, რადგან ყველაზე მკაცრი და კარგი სწავლებაა, შეღავათს არავის უწევენ. საქმისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ვიცოდი, რომ ბევრი რამ მქონდა სასწავლი, მაგრამ ამ ერთთვიან პერიოდში გაოცებული დავრჩი - ზღვა მასალაა! ფეხბურთის ფედერაციას, გაიოზ დარსაძესა და მის სამწვრთნელო გუნდს ეს საკითხი დალაგებული აქვთ და თუ სურვილი გაქვს, აუცილებლად ისწავლი".
მისი აზრით, ქართულ ფეხბურთში კრიზისი საბჭოური ინერციის დასრულების შემდეგ დადგა:
"დამოუკიდებლობის პირველ წლებში საკმაოდ კარგი ჩემპიონატი, გუნდები და ეროვნული ნაკრებები გვყავდა. მაგრამ დრო გავიდა, საბჭოური ინერცია დასრულდა და უმძიმეს კრიზისში აღმოვჩნდით. ახლა სულ უფრო ნათლად ჩანს, რომ ბოლო 25 წელიწადში ქართული ფეხბურთის საფუძვლის ჩასაყრელად არაფერი კეთდებოდა.
კიდევ კარგი, ახლა სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყო და იმედი მაქვს, ბავშვთა ფეხბურთსა და ინფრასტრუქტურასაც მიხედავენ. ლიცენზირების კურსებს ამ გადასახედიდანაც ვუყურებდი. ლევან კობიაშვილი და კახა ჭუმბურიძე ხშირად მოდიოდნენ, ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის კი მათი ყურადღება დიდი სტიმული იყო.
სხვათა შორის, კობიაშვილი არსებულ ვითარებაზეც გველაპარაკა და მართალი თქვა - მდგომარეობას ერთ ან ორ წელიწადში ვერავინ შეცვლის, საამისოდ გრძელვადიანი პროგრამებია საჭირო.
გაიხსენეთ გერმანიის მაგალითი - დაიწყეს პროგრამის განხორციელება და ახლა მე-3 ნაკრებით კონფედერაციის თასი მოიგეს. აიღეთ ბელგია, რომელიც კრიზისში იყო - პროგრამა დადეს და უკვე საგრძნობი პროგრესი აქვთ. ჩვენი გზაც ეს არის".
ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის თქმით, ყველაზე მეტი პრობლემა რაიონებშია:
"ბავშვთა ფეხბურთში ყველაზე კარგი პირობები თბილისურ საფეხბურთო სკოლებს აქვთ. ჩემი ბავშვი "საბურთალოზე" დადის და კმაყოფილი ვარ, რადგან კარგად მუშაობენ. გამართულად მუშაობს "დინამოს", "ლოკომოტივისა" და ფეხბურთის ფედერაციის, ასევე სულაქველიძისა და მჭედლიძის აკადემიები, "ნორჩი დინამო" - სხვადასხვა პირობების მიუხედავად, ისინი არ გაჩერებულან და ბავშვებს ზრდიან. მათ შორის, ყველაზე ცუდი პირობების მქონეც კი რაიონის სკოლაზე მაღლა დგას, რადგან იქ პირობები არ არის.
ქართული ფეხბურთის კრიზისზე ვლაპარაკობთ, მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყანა ფეხბურთელებს ადრინდელივით მასობრივად ვეღარ ზრდის და შედეგიც ვერ იქნება. გამონათებები ყოველთვის იყო და იქნება. ამის მაგალითი ახლანდელი 19-წლამდელთა ნაკრებია, რომელშიც ძალიან მაგარი თაობა გამოჩნდა.
მაგრამ ყველა რეგიონში ერთი ნორმალური საფეხბურთო სკოლა მაინც რომ იყოს, ბევრად წინ ვიქნებოდით და მხოლოდ გამონათებების იმედად არ დავრჩებოდით. რაიონებში კი ბევრი კარგი სპეციალისტია.
რუსთაველი ვარ, სადაც ჩემი პირველი მწვრთნელი ძალიან ძლიერი სპეციალისტი - ცაცო კასრელიშვილი იყო. ახლახან გარდაიცვალა და ძალიან დამწყდა გული, მის გაზრდილებს ეროვნულ ნაკრებსა და ბევრ ცნობილ ლიგაში უთამაშიათ.
დარწმუნებული ვარ, რეგიონებში ახლაც ბევრი კარგი მწვრთნელია, მაგრამ ლიცენზირების კურსებზე ცოდნამიღებულები რაიონში რომ ბრუნდებიან, მატერიალური ბაზა მუშაობაში ხელს არ უწყობთ. ეს არის პრობლემა და იმედი მაქვს, ამას მალე მიეხედება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"