"აზერბაიჯანული ფეხბურთი ქართულს საკლუბო დონეზე სჯობს"

AutoSharing Option
აზერბაიჯანულ ინტერნეტსაიტ echo.az-ზე აზერბაიჯანის ფეხბურთის დარგობრივი ფედერაციის პრეზიდენტთან, კომპანია "სოკარ ენერჯი ჯეორჯიას" ხელმძღვანელთან მაირ მამედოვთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობასა და აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩემპიონატების გაერთიანების იდეაზე საუბრობს. ამ სტატიას მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

echo.az: ცოტა ხნის უკან გაცნობეთ, რომ უეფა ახალი ევროპული პროექტის განხილვას აპირებს, რომელიც სამხრეთ კავკასიას და შესაბამისად, აზერბაიჯანსაც ეხება.

საუბარია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას საინტერესო განცხადებაზე, რომელიც მომავალში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ერთ ჩემპიონატში გაერთიანებას გულისხმობს.

ზვიად სიჭინავა (Regnews.com): "ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს სომხეთისა
და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციებთან. უდიდეს პატივს ვცემ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმსარულებელ დირექტორს არმენ მინასიანს, ისევე როგორც აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციის გენერალურ მდივანს ელხან მამედოვს. ჩვენ უეფაში ხშირად გვახსენებენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ერთიანი ჩემპიონატის შექმნის იდეას და მეც არაერთხელ ვესაუბრე, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ერთობლივი ტურნირის გამართვის თაობაზე, თუმცა მათი აზრით, ეს შეუძლებელია.

იმედი მაქვს, ოდესმე სომხებიც და აზერბაიჯანელებიც ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ და ჩვენი ჩემპიონატი, სამხრეთ კავკასიის თასი, ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრი იქნება."

ამ თემასთან დაკავშირებით echo.az-ის კორესპონდენტი აზერბაიჯანის საფეხბურთო ფედერაციათა ასოციაციის აღმასკომის წევრს, მაირ მამედოვს ესაუბრა. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯია", რომლის ხელმძღვანელიც მაიერია, ამასწინათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი გახდა. სწორედ ამიტომ, საუბარი უპირველესად სფფ-სთან თანამშრომლობაზე დავიწყეთ.

"თავიდანვე გეტყვით, რომ გარიგების ფასზე საუბარს არ ვაპირებთ, რამდენადაც ეს კომერციული საიდუმლოებაა. თუმცა მოგახსენებთ, რომ რადგან ჩვენ მთავარი სპონსორი ვართ, თანხაც შესაბამისია, - განაცხადა მაირ მამედოვმა. – ჩვენი კომპანია 2006 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა ამ მოკლე დროში საქართველოს ეკონომიკაში წამყვანი პოზიციები დაიკავა და დღეს, ნახევარმილიარდიანი ინვესტიციით ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა.

საქართველოში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მსხვილი ბიზნესი ფეხბურთისგან შორს იდგა, თუმცა ბოლო დროს საპირისპირო ტენდენცია შეინიშნება. ქართულ ფეხბურთთან თანამშრომლობის გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები სხვადასხვა დონეზე, მათ შორის "სოკარ აზერბაიჯანის" ხელმძღვანელთან როვნაგ აბდულაევთან გავიარეთ, რომელიც ამავდროულად აზერბაჯის საფეხბურთო ფედერაციათა ასოციაციის პრეზიდენტია. სწორედ მასთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, საქმე უშუალოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან დაგვეჭირა და არა ამ ქვეყნის კლუბებთან, რამდენადაც, აქ ხარჯები და მოთხოვნები მყისიერად შეიძლება გაიზარდოს, სფფ-ს შემთხვევაში კი ფინანსური მხარე წლიდან წლამდე ფიქსირებულია".
ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, "სოკარ ენერჯი ჯეორჯიას"
ყველა დანახარჯი მიზნამიმართული იქნება და ეს შეთანხმება ხელს აძლევს როგორც აზერბაიჯანულ, ისე ქართულ მხარეს.

"ამრიგად, არც ჩვენ ვრიცხავთ ბრმად სახსრებს ანგარიშზე და ისინიც მხოლოდ საკუთარი სურვილით კი არ განკარგავენ მას, არამედ ყველაფერი შეთანხმებულად კეთდება, - აცხადებს მაირ მამედოვი. – ყველაფერი გაანგარიშებული და დასაბუთებული იქნება. ქართული მხარე, თავის მხრივ, ჩვენი ბიზნესის მხარდაჭერას შეეცდება და უფრო მეტად იზრუნებს ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

ძალიან გვახარებს ის ამბავი, რომ სფფ-ს მხარდაჭერის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ მივიღეთ, სანამ საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლში წარმატებულად გამოვიდოდა. შემდგომმა მოვლენებმა კი ჩვენი არჩევანის სისწორეში დაგვარწმუნა - სადღეისოდ საქართველოს ნაკრები თავის ჯგუფში წარმატებულად გამოდის.

გეტყვით, რომ შეთანხმება ჩვენსა და სფფ-ს შორის ერთწლიანია, თუმცა მისი გახანგრძლივება შესაძლებელია".

რაც შეეხება საქართველოს და აზერბაიჯანის ერთობლივი საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების იდეას, როგორც ჩანს, აზერბაიჯანული მხარე მას დიდი ენთუზიაზმით არ ხვდება.

"პირველ რიგში, ამის თაობაზე მოლაპარაკება ფედერაციების ხელმძღვანელებს შორის, მათ შორის ფიფასა და უეფაშიც უნდა გაიმართოს, - მიიჩნევს მაირ მამედოვი. – ანუ, ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი არაა და თანაც, საკმაოდ რთული პროცესია. თავის დროზე რუსეთი და უკრაინაც აქტიურად განიხილავდენ თავიანთი ჩემპიონატების გაერთიანების შესაძლებლობას, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს.

პირადად მე არ მგონია, რომ ჩვენ შემთხვევაში საქმე მოლაპარაკებებზე შორს წავიდეს. ბარემ აქვე იმასაც ავღნიშნავ, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატი მთლიანობაში უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოს პირველობა. მართალია, სანაკრებო დონეზე ქართველთა პროგრესი აშკარაა, საკლუბო დონეზე ჩვენ ვჯობივართ".

დავუბრუნდეთ "სოკარ ენერჯი ჯეორჯიას" და სფფ-ს თანამშრომლობის თემას - კონტრაქტის გახანგრძლივებისა და აზერბაიჯანისა და საქართველოს ეროვნული გუნდების ერთ შესარჩევ ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში, ჩვენი თანამშრომლობა გუნდების საფეხბურთო დაპირისპირებაზე არაფრით აისახება.

"ეს გამორიცხულია. ხომ თამაშობდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ ცსკა და "შალკე"?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეროვნული ნაკრებების ფორმებზე სპონსორთა ლოგოტიპები გამოსახული არაა. ასე რომ, ამ ორი ქვეყნის ნაკრებები ერთმანეთის წინააღმდეგ მაისურებზე კომპანია "სოკარის" წარწერითაც კი არ წარსდგებიან", - აცხადებს მამედოვი.


მომზადებულია echo.az-ის მიხედვით



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული