ვფიქრობ, ეს წერილი ყველამ ბოლომდე და დიდი ყურადღებით უნდა წაიკითხოს:
..."ლელოს" ხუთშაბათის ნომერში წავიკითხე თქვენი წერილი და კითხვაზე, რა გვჭირს და როგორ შეიძლება, თუნდაც დროებითი გამოსავალი ვიპოვოთ, იქ არის პასუხი. უნდა დაგეთანხმოთ ბოლომდე და რადგან ჩემი აზრი გაინტერესებთ, შეგვიძლია, განვაზოგადოთ თემები...
ძალიან კარგად ვიცი
თვითონ ქართულმა კლუბებმაც იციან, რომ სამხრეთ ამერიკაში ორ კაპიკად შეიძლება კვალიფიციური ფეხბურთელების პოვნა. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. არის ასეთი მცველი - რონკალია, რომელიც დღეს თამაშობს "სელტაში", მანამდე იყო "ბოკა ხუნიორსში" და ხელფასი რამდენი ჰქონდა იცით? - 1 000 დოლარი!..
არგენტინელების თემა გავაგრძელოთ. ჩვენ დღემდე ვიხსენებთ იმ არგენტინელ ფეხბურთელებს, რამდენიმე წლის წინ "ბორჯომში" რომ თამაშობდნენ - დე პორასი და სებალე. ისინი მართლაც კარგად თამაშობდნენ ჩვენთან, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ არც ერთ მათგანს წამყვან არგენტინულ გუნდში არ უთამაშია. გამოდის, რომ არგენტინის დაბალ ლიგებშიც შესაძლებელია ჩვენთვის გამოსადეგი ფეხბურთელების მოძებნა.
უნდა ავითვისოთ აფრიკული ბაზარიც. იაია ტურეს აგენტი გავიცანი მონტე-კარლოში ყოფნისას. მეექვსე ბინას ყიდულობდა იქ. არადა, იყო დრო, ტურე უკრაინაში, დონეცკის "მეტალურგში" თამაშობდა. ასე ხომ კლუბებიც აშენდებიან, ფეხბურთელებიც და ფეხბურთელების აგენტებიც?! უბრალოდ, სწორად უნდა მოიძებნოს კადრი.
იაფი ფეხბურთელები თავისუფლად შეიძლება მოიძებნონ კარიბის ზღვის ქვეყნებშიც. ამერიკული MLS-ის გუნდებს რომ გადავხედოთ, თითქმის ყველა კლუბში არიან ფეხბურთელები ჰონდურასიდან, გვატემალიდან, იამაიკიდან... აგერ, კარიბის ზღვის ქვეყნების ჩემპიონატი მიდის ახლა და აშშ-მა შინ ძლივს (3:2) მოუგო მარტინიკას...
სამხრეთამერიკულ ქვეყნებში, ხან ერთში და ხან მეორეში, არის ფინანსური კრიზისი და ეს თავისუფლად შეგვიძლია, საჩვენოდ გამოვიყენოთ. ვამბობ სრული პასუხისმგებლობით: კავენაგი, ვინც ახლახან შეეშვა ფეხბურთს, ბოლოს წავიდა კვიპროსში, მაგრამ შეიძლებოდა, საქართველოში ჩამოსულიყო. რა თქმა უნდა, ის ძალიან იაფად არ წამოვიდოდა ჩვენთან, მაგრამ არც ისეთ ანაზღაურებას ითხოვდა, შეუძლებელი რომ ყოფილიყო მისი ჩამოყვანა...
ზოგადად, სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი უარს არ ამბობს თავდაპირველად ევროპის ნაკლებად ცნობილ კლუბში თამაშზე, რომელსაც შემდეგ ტრამპლინად გამოიყენებს. ეს მის ინტერესში შედის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი და მისი ინტერესი ხომ ემთხვევა ერთმანეთს? მილიონი გზა არსებობს ფეხბურთელის გადმობირების. შეიძლება, ათი პროცენტი იყიდო ტრანსფერის, ნაწილობრივ გადაიხადო თანხა და ასე შემდეგ...
მეორე მომენტია ის, რომ ჩვენ არ გვყავს მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელები. ერთი და იგივე მწვრთნელები დადიან წრეზე, სხვადასხვა გუნდებში. მე ერთი რამ მაინტერესებს: არსად მათ წარმატება არ აქვთ და როგორ აჰყავთ სხვა გუნდებში?! ასევე არიან ფეხბურთელებიც.
...სტადიონები არ გვაქვსო. მეც ვიცი, რომ "ჩელე არენა" არ არის "მარაკანა", მაგრამ ამ შენს ცუდ სტადიონზე ხომ მაინც უნდა მოიგო?! ეს უპირატესობა ხომ მაინც უნდა გამოიყენო?! კარგი, იმათ აქვთ კარგი სტადიონები და მიუჩვეველი ხარ, ვერ თამაშობ. საკუთარ მოედანზე, სადაც მიჩვეული ხარ, იქ რას აკეთებ?!
17 საათი რომ იმგზავრე და იმიტომ წააგე გასვლაზე, შინ რომ დახვდი დასვენებული და მოწინააღმდეგემ რომ იმგზავრა, როგორღა წააგე ამხელა სხვაობით?!
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის თემა, მაგრამ ეს უცბად ვერ მოგვარდება. ტყუილია, რომ ჩვენი სტადიონების გამო ჩვენთან არავინ ჩამოვა. ჩამოვიყვანოთ, ვინც ჩამოვა და თან ვაშენოთ. არგენტინისა და ბრაზილიის მეორე-მესამე ლიგებში არ აქვთ ფეშენებელური სტადიონები. ის კი არა, იტალიის სერია A-შიც დადგა ბოლო წლებში სტადიონების პრობლემა...
კერძო ინვესტორი უნდა ჰყავდეს ყველა კლუბს. მას სხვანაირად სტკივა, თავისი ჯიბიდან იღებს ფულს. ახლა კი ეს ფული წყალშიც არ იყრება. ჯერ ერთი, ყველა წუწუნებს, არ მიგვიღია რაღაც ნაწილიო და მერე შესატანი გაიზარდა. ისევ იმ ფულიდან ხომ უნდა გადაიხადოს კლუბმა ის შესატანი, რასაც იღებს? გამოდის, რომ შემცირდა დახმარება.
მერე კიდევ - მიეჩვივნენ კლუბები, რომ ეს ფული მაინც იქნება, მინიმუმი ექნებათ არსებობისთვის, ამიტომაც აღარ ფიქრობენ მეტზე.
თვითონ იმაზე საუბარიც კი, რომ ვიღაცამ შეიძლება მოიპაროს სახელმწიფოს ფული, ჩვენი ფული, ძალიან დამთრგუნველია და ერთობ პესიმისტურად განმაწყობს პირადად მე. ეს არც კი უნდა დავუშვათ, არ უნდა დავუშვათ ასეთი აზრის არსებობაც კი, არათუ ის, რომ ვიღაცამ მართლა მოიპაროს!
ძალიან ცუდია, როცა 17 წლის ფეხბურთელი უკვე იყიდება. არის კი მზად ის, რომ ითამაშოს საზღვარგარეთ. ჩვენც, ჟურნალისტებმაც უნდა ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, ამას ჩემს თავზე ვიტყვი და მერე სხვაზე. სადაც უნდა გადავიდეს ფეხბურთელი, ყველაზე კარგს ვწერთ. ესპანეთიდან დანიაში რომ გადავა მოთამაშე, კარგი როგორ არის? ვიღაც შეხედავს, მეტს რომ ითამაშებს და უკეთეს გუნდში წაიყვანსო. თავის მოტყუებაა ეს - დანიის მეორე ლიგიდან ფეხბურთელს ძლიერი გუნდი არ აიყვანს. რა თქმა უნდა, დანიას მხოლოდ პირობითად ვამბობ, თორემ ბევრად უარეს ქვეყნებში მიდიან ჩვენი ფეხბურთელები...
დიდი იმედი მქონდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის და ეს იმედი ჯერაც არ გადამწურვია. ლევან კობიაშვილი და დავით მუჯირი ჯანსაღი ამბიციების მატარებელი ხალხია, მაგრამ თუ არ იქნა შედეგი, არაფერი გამოვა.
გიბრალტარის გუნდმა მოიგო ერთი თამაში. გიბრალტარი ცნობილია ორი რამით - იქ ძალიან ბევრი, ადამიანზე მეტი მაიმუნი ცხოვრობს და კიდევ იმით, რომ თვითმფრინავის ასაფრენი ზოლი აქვთ ძალიან მოკლე და პირდაპირ წყლიდან იჭრებიან ჰაერში, რაც დიდი რისკია. მათაც კი მოიგეს ერთი თამაში, ჩვენ - ვერა. დაუძახეს საზღვართან ახლოს მყოფ ფეხბურთელებს, უფრო ესპანელებს, ლუქსემბურგელებმა - ფრანგებს...
თბილისის "დინამოს" სტადიონზე სულ რამდენჯერმე მოხდა დიდი არეულობა. მათ შორის, ყველას ახსოვს "ზარიასთან" მატჩში მომხდარი ინციდენტი და კიდევ ის, რაც მოხდა "ნეფთჩისთან" თბილისში 1:2 წაგების შემდეგ. ნახევარი სტადიონი გადავიდა მოედანზე... გაგიჟდა ხალხი - "ნეფთჩისთან" წაგება როგორ შეიძლებაო?! ჩემი რამდენიმე ახლობელი დაიჭირეს კიდეც იმ დღეს!..
ახლა 0:5 წავაგეთ და მწვრთნელი ამბობს - ვეცდებით, მალე დავივიწყოთ ეს მარცხი, ამ წაგებიდან დასკვნები გამოვიტანოთო. როგორ უნდა დაივიწყო, "ყარაბაღთან" რომ ასე წააგებ, მე პირადად არ მესმის.
და მაინც, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი საქმე წასულია და ჩვენ საერთოდ აღარ ვიცით ფეხბურთის თამაში. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ასპარეზობამ ევროპის ჩემპიონატზე გააჩინა გარკვეული ოპტიმიზმი. ამ თაობამ გვიჩვენა, რომ აშკარად შეუძლია, გაგვახაროს. ახლა მთავარია, სწორად განვითარდეს მათი ნიჭი. არ უნდა დავკარგოთ ეს თაობა", - გვითხრა ბიძინა ბარათაშვილმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტურეს მაგალითი რომ მოყავს, ჯერ ის დათვალოს, რამდენი აფრიკელი ჩადის ევროპაში და რამდენი რჩება - ათიათასობით ფეხბურთელიდან ვიღაც ერთი რომ გაამართლებს, ეგ არაა მაგალითი, ეგ ცარიელი დემაგოგიაა.
ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები - ყველა გუნდი კერძო უნდა გახდეს. ოღონდ სახელმწიფო დახმარების გარეშე ვერც კერძოები გახდებიან და ვერც მერე გადარჩებიან.
ვინც მინიმუმით დაკმაყოფილდება, გავარდება - ასე ეგონა ჩელებაძესაც, მაგრამ გავარდება და სხვებიც მიყვებიან, ვინც ელემენტარულ დონეზე ვერ დაალაგებს მენეჯმენტს. ამ პრინციპით ბუნებრივად გადაირჩევა კლუბები - ოღონდ ამას წლები ჭირდება, 4-5 სეზონი მაინც. ჩვენთან კიდევ პირველივე წელსვე ევროთასებზე უნდათ ფურორის მოხდენა.
ის, რაც ევროთასებზე მოხდა, ბუნებრივია - ლიდერების დაფინანსება შემცირდა, თუმცა ელემენტარული პირობები ყველას აქვს და ჩემპიონატის ზოგადმა დონემ კონკურენციის ხარჯზე აშკარად აიწია. თუმცა კიდევ ვიმეორებ - ლიდერების ხარჯზე არა, სხვა გუნდების ხარჯზე!
ასე რომ უყურეთ ეროვნულ ლიგას, იქ მეტ სიამოვნებას მიიღებთ და შეეშვით ამ ევროთასებზე ვიშვიშს - იქ ჩვენ კარგა ხანი ვერაფერს ვერ მოვიგებთ და ვერაფერს სასიამოვნოს ვერ ვნახავთ. ამ აზრს შეეჩვიეთ და განცვიფრებულებიც ნაკლებად იქნებით.
პ.ს. როცა თითო გუნდზე დაფინანსების 8 მილიონამდე გაზრდის თავი გვექნება, მერე აღვშფოთდეთ, ყარაბახთან როგორ წავაგეთო, დღევანდელი ფინანსებით რა ლოგიკით უნდა მოითხოვო მოგება?