მაღალი ბურთების მეფე

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ თავდამსხმელსა და უბადლო გოლიადორს ზაურ კალოევს დღეს 80 წელი შეუსრულდა...

სიცოცხლეშივე ლეგენდები დადიოდა ამ მართლაც გამორჩეული ნიჭის მქონე ფეხბურთელზე; ეგ კი არა, დღესაც ბევრი მიიჩნევს, რომ ზაურ კალოევს მხოლოდ საქართველოში კი არა, საერთოდ, მსოფლიოს მასშტაბით არ ჰყავდა კონკურენტი თავით თამაშში. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან თავდამსხმელს მართლაც ჩინებული კარიერა ჰქონდა და არაერთი ინდივიდუალური თუ გუნდური ჯილდოც მოუგია.

ზაურ კალოევი 1931 წლის 24 მარტს დაიბადა, ფეხბურთის თამაში თბილისის 35-ე სკოლაში დაიწყო. 1950-52 წლებში თბილისის „სპარტაკში“
ასპარეზობდა, 1953 წლიდან კი თბილისის „დინამოშია“ და ქართული ფეხბურთის ორ გამორჩეულ თაობასთან ერთად მოუწია თამაში: ჯერ, ავთანდილ ღოღობერიძის, ვლადიმერ მარღანიას, ვლადიმერ ელოშვილისა და ავთანდილ ჭკუასელის მხარდამხარ ასპარეზობდა, მერე კი გივი ჩოხელის, სერგო კოტრიკაძის, შოთა იამანიძის, ვლადიმერ ბარქაიას, გიორგი სიჭინავას, მურთაზ ხურცილავას, ილია დათუნაშვილის, სლავა მეტრეველისა და მიხეილ მესხის მართლაც ვარსკვლავთკრებულს უმშვენებდა მხარს.

თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ზაურ კალოევი საკავშირო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (1953 წელს) იყო და ორჯერ (1959, 1962 წლებში) ბრინჯაოს მედალი მოპოვა. „დინამოს“ მაისურით საკავშირო ჩემპიონატში 203 მატჩი ჩაატარა და 95 გოლი გაიტანა, თასზე 15 შეხვედრაში - 13 გოლი, ხოლო საერთაშორისო მატჩებში კი მართლაც ფანტასტიკური მაჩვენებელი ჰქონდა: 61 შეხვედრაში 56 გოლი! სხვათა შორის, ქართული ფეხბურთის ისტორიაში საერთაშორისო მატჩებში „დინამოს“ საუკეთესო ბომბარდირი სწორედ ზაურ კალოევი გახლავთ; ყველა ტურნირებზე (ჩემპიონატი, თასი, საერთაშორისო მატჩები) გატანილი გოლებით კი მეორე მაჩვენებელი (164) აქვს და მხოლოდ და მხოლოდ რამაზ შენგელიას ჩამორჩება. სამაგიეროდ, ერთ მატჩში საშუალო შედეგიანობის პროცენტით (0,59) ზაურ კალოევი ინარჩუნებს პირველობას.

... გარკვეულ მიზეზთა გამო, 1957 და 1958 წლებში ზაურ კალოევს „დინამოდან“ წასვლამ მოუწია და ის ორი სეზონი მოსკოვის „ლოკომოტივში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც საკავშირო თასი მოიპოვა. 1959 წლიდან ანდრო ჟორდანიას დიდი მონდომებით კალოევი თბილისში „დინამოში“ დააბრუნეს და ზედიზედ ოთხი სეზონის განმავლობაში ჩვენი უპირველესი გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც ხდებოდა. ეგ კი არა, ზედიზედ ორჯერ, 1959 და 1960 წლებში საკავშირო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისათვის განკუთვნილ პრიზსაც დაეუფლა: პირველად, 22 მატჩში 16 გოლი გაიტანა, მეორედ, 23 შეხვედრაში - 20 გოლი. საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობდა 1960 წლის ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში; 1960 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში იყო, მაგრამ გივი ჩოხელის, სლავა მეტრეველისა და მიხეილ მესხისგან განსხვავებით პარიზში თამაშმა არ მოუწია. საფეხბურთო კარიერა 1964 წელს დაასრულა, - „დინამოსთვის“ საჩემპიონო სეზონში, ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი მწვრთნელად მუშაობდა. გარდაიცვალა 1998 წელს...

ზემოთ, ზაურ კალოევის პარტნიორები ვახსენეთ და ამ მართლაც გამორჩეული გოლიადორის გახსენება გასული საუკუნის 60-იანი წლების „დინამოს“ ასევე გამორჩეულ ვარსკვლავებს, მურთაზ ხურცილავას, სერგო კოტრიკაძესა და ილია დათუნაშვილს ვთხოვეთ.

მურთაზ ხურცილავა: „ზაურიზე მხოლოდ და მხოლოდ, კარგი მახსენდება; ჯერ ერთი, ბრწყინვალე პიროვნება გახლდათ და მართლაც ძალიან ძლიერი თავდამსხმელი იყო. აი, კლასიკურ ცენტრფორვარდს რომ ეძახიან, ისეთი იყო და ვისაც ზაურის თავით თამაში უნახავს, ერთ რამეში უნდა დამეთანხმოს: მხოლოდ ჩვენთან კი არა, ანალოგი მსოფლიო ფეხბურთში არ მოეძებნებოდა! სისწრაფეც ჰქონდა, ტექნიკაც, ფეხითაც ძლიერად თამაშობდა, მაგრამ თავით ისეთი გოლები გაჰქონდა, უნდა დამდგარიყავი და ცქერით დამტკბარიყავი; კარგად მახსოვს, 1962 წელს, მოსკოვში, გადაჭედილ „ლუჟნიკებზე“ ჩვენმა „დინამომ“ იქაურ „სპარტაკს“ 2:0 რომ მოუგო; ორივე გოლი მიხეილ მესხის გადაცემით ზაურ კალოევმა თავით გაიტანა და იმდენად ლამაზად და ეფექტურად შეასრულა ორივეჯერ, მსგავსი არასდროს მინახავს! ეგ კიდევ არაფერი: ორივე გოლის მერე გადაჭედილი „ლუჟნიკები“ ფეხზე წამოუდგა ზაურ კალოევს და ტაში დაუკრა! მერწმუნეთ, ასეთი რამ არც მანამდე და არც მერე მოსკოვში არასდროს მომხდარა...

...თავით თამაში ხელოვნებამდე ჰყავდა აყვანილი, - თითქოს, მომენტს ელოდებაო, ჰაერში ახტომისას ცოტას შეყოვნდებოდა-ხოლმე და აი, ამ პაუზით უგებდა კიდეც ფაქტობრივად ყველა ორთაბრძოლას მეტოქეთა მცველ-მეკარეებს; ყოველივე ამას, რაღა თქმა უნდა, თანდაყოლილი ნიჭის გარეშე ვერ მიაღწევდა, მაგრამ შრომაც არანაკლებ უყვარდა: ვარჯიშის მერეც რჩებოდა და თავით თამაშს ხვეწდა. აღარაფერს ვამბობ ზაურის და შოთა იამანიძის ზღაპრულ კომბინაციებზე: ერთმანეთში... 30-მეტრიან „კედელს“ რომ გაითამაშებდნენ-ხოლმე, აი, ეს მართლაც სასწაული იყო...

...ჩვენ დროს ერთმანეთში „სხვა“ დამოკიდებულება და პატივისცემა იყო; ჩემზე უფროსი გახლდათ და მუდამ მამის სახელით მივმართავდი, თუმცა თვითონ უფროს-უმცროსობას არავის აგრძნობინებდა და ყველას მიმართ უდიდესი პატივისცემითა და სითბოთი იყო განმჭვალული...

სერგო კოტრიკაძე: „ზაური არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ, - მისგან პატარა წყენაც კი არავის ახსოვს. როგორც ფეხბურთელზე კი, ახალი რა უნდა ვთქვა: თავით ვინმეს ასე ეთამაშოს, მსგავსს ვერავის ვიხსენებ და საერთოდაც, ამ კომპონენტში ზაური მართლაც განუმეორებელი და შეუდარებელი გახლდათ. თანაც, მხოლოდ თავით გოლის გატანას არ ვგულისხმობ: საჰაერო ორთაბრძოლებში, ფაქტობრივად, უკონკურენტო იყო. ერთ ნახვად ღირდა ზაურ კალოევისა და შოთა იმანიძის გათამაშებული კომბინაციები; აღარაფერს ვამბობ მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ფლანგურ ჩაწოდებებზე, თითქმის უმრავლეს შემთხვევაში ზაურის ზუსტი და ლამაზი თავური დარტყმით რომ მთავრდებოდა-ხოლმე;

იცით, ვის ვადარებდი ყოველთვის? ყველა ქართველმა სპორტის მოყვარულმა იცის „პტიცა“ ვინც იყო - ვლადიმერ უგრეხელიძე, 60-იანი წლების ჩვენი კალათბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავი ჰაერში რომ ახტებოდა, პაუზას აკეთებდა-ხოლმე და მერე ისე გზავნიდა ბურთს კალათში. აი, ასეთი იყო ზაურიც - ჰაერში რომ აფრინდებოდა, მეტოქეთათვის ვერაფრით ამოუხსნელ პაუზას დაიჭერდა და მერე, თავით ბურთს ზუსტად გზავნიდა მოწინააღმდეგის კარში.

კარგად მახსოვს, სწორედ ასეთი გოლი გაუტანა ვლადიმერ მასლაჩენკოს, - ეს უკანასკნელი ვერაფრით გარკვეულიყო, თუ როგორ შეძლო ჰაერში „შეჩერებულმა“ ზაურ კალოევმა ზუსტი თავური დარტყმის შესრულება. იმდროინდელი პოპულარული რადიოკომენტატორი ვლადიმერ სინიავსკიც ყოველთვის აღტაცებული იყო კალოევის დიდოსტატური თამაშით და საერთოდაც, არც ის იყო შემთხვევითი ფაქტი, როცა 1960 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად გაემგზავრა. სამწუხაროდ, ზაურს იქ თამაში არ მოუწია - ვიქტორ პონედელნიკის სახით საკმაოდ სერიოზული კონკურენტი ჰყავდა, თუმცა თვითონ ნაკრებში მოხვედრის ფაქტიც იმ დროს ძალიან ბევრს ნიშნავდა.

ნურავის ეგონება, რომ მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი დაბალი დონის გათამაშება იყო, - პირიქით, ფაქტობრივად, 15 ქვეყნის ნაკრებების შეჯიბრებაში კაცი ორჯერ რომ საუკეთესო ბომბარდირი გახდებოდა, ესე იგი, მართლაც ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო. სწორედ ასეთი გახლდათ კიდეც ზაურ კალოევი - არაჩვეულებრივი პიროვნება და ბრწყინვალე ფეხბურთელი...

ილია დათუნაშვილი: „ზაური ტიპური ცენტრფორვარდი იყო, აი, კლასიკურ ცხრა ნომრებს რომ ეძახიან; თავით ისე თამაშობდა, არც მანამდე და არც მანამდე მსგავსი არავინ მინახავს; ფეხითაც ძლიერად ურტყამდა და ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ თბილისის „დინამოს“ ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად მიიჩნევა. მართლაც დიდი ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ პიროვნული თვისებებითაც ისე იყო დაჯიალდოებული, ყველას მიმართ სიკეთესა და სითბოს რომ გამოხატავდა. სამწუხაროდ, რამდენიც გნებავთ, იმდენი მაგალითია, როცა უდიდეს სპორტსმენს ხასიათი... არ უვარგა და ადამიანებთან ურთიერთობაშიც ყოველდღიურად მოიკოჭლებს; საბედნიეროდ, ზაური ამ მხრივ სასიამოვნო გამონაკლისი გახლდათ და ვინ უნდა მისულიყო თხოვნით, რომ არ დახმარებოდა.

მართლაც დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მედიდურობა არავისთვის უგრძნობინებია: ჩემზე ექვსი წლით უფროსი გახლდათ, მაგრამ ასაკში სხვაობას ჩვენი ურთიერთობისათვის ხელი არ შეუშლია. იცით, რომ ორი წელი მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშობდა და 1959 წლის დასაწყისში „დინამოში“, ვინ მოთვლის მერამდენედ მობრუნებულმა ანდრო ჟორდანიამ კვლავაც თბილისში დააბრუნა; მანამდე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქუთაისის „ტორპედოში“ ვთამაშობდი და 1959 წელს მეც „დინამოში“ გადმომიყვანეს - აი, ასე დაიწყო ჩემი და ზაურის ურთიერთობა. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ზაური ისე ათამაშდა, მისი შემჩერებელი არავინ იყო - აბა, ეხუმრებით ზედიზედ ორჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობას? ან, როგორ ფიქრობთ, შემთხვევით შეარქმევდნენ ფეხბურთელს „მაღალი ბურთების მეფეს“, - აი, სწორედ ასეთი ეპითეტით მოიხსენიებდა მაშინდელი ქართული თუ საკავშირო პრესა ზაურ კალოევს.

მაგრამ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ისე როგორც იმდროინდელი „დინამოს“ რამდენიმე ფეხბურთელი, ზაურიც არაერთხელ გახდა მაშინდელი საბჭოური შოვინიზმის მსხვერპლი. აბა, სხვა რა სახელი უნდა ვუწოდოთ იმ ფაქტს, რომ ასეთი დონის ცენტრფორვარდს საბჭოთა კავშირის ნაკრებში მხოლოდ სამი მატჩი ჰქონდა ჩატარებული. თუმცა, რატომ გვიკვირს: მიხეილ მესხი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში გამოიძახეს, სამაგიეროდ, საბჭოთა კავშირის ნაკრებში მას... ჰუსაინოვი „ამჯობინეს“! აი, ასე ხდებოდა ზაურისა და სხვა ქართველი ფეხბურთელების შემთხვევაშიც: ათი კი არა, სხვებზე „ოცდაათი თავით“ მაღლა უნდა ყოფილიყავი, საკავშირო ნაკრებში ადგილი რომ დაგემკვიდრებინა...

მკითხველის კომენტარები / 1 /
ო, როგორ უყვარდა ცხონებულ ეროსის! ერთ რამედ ღირდა მისი აღტაცება ზაურის გოლებით. განსაკუთრებით შეთამაშებული იყო მესხთან და იამანიძესთან. მახსოვს მისი გოლები 1962 წლის 9 სექტემბერს მოსკოვში, სპარტაკთან. სპარტაკი იმ წელს ჩემპიონი გახდა. დინამომ კი დაჯაბნა ორივე თამაშში. მოსკოვში მესხმა და კალოევმა მასტერკლასი ჩაუტარეს სპარტაკს და მის მოსკოველ ფანებს. მთელი მოსკოვი ტაშს უკრავდა. ზაური ახტებოდა მესხის ჩაწოდებულ ბურთზე და თურმე შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ერთხანს ,,ჩერდებოდა" ჰაერში. არაჩვეულებრივი პიროვნებაც ყოფილა. ერთხელ მყავს ნანახი სტუდენტობის წლებში - 1968 წელს, თსუ-ში.
ზურაბი
21:49 28-10-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული