GMG სტუდენტურ ლიგას გააშუქებს

AutoSharing Option
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა.

საუნივერსიტეტო ლიგის პრეზიდენტად პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენერალური მდივანი პაატა ბურჯალიანი აირჩიეს, რომელიც მრავალი პროექტის ავტორი გახლავთ. მას სჯერა, რომ ახალი წამოწყებაც წარმატებული იქნება.

„ჩვენ შევიძინეთ ძლიერი პარტნიორები, რომლებიც ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს გვერდში დაუდგნენ. ეს გვაიმედებს, რომ სტუდლიგა მაღალი დონის ტურნირი იქნება.

ამ პროექტის განხორციელება 2008 წელს შოთა ბაქრაძეს, დიმიტრი ბოკერიასა და ირაკლი ნაკაიძეს სურდათ, მაგრამ რუსეთის აგრესიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ხელი შეუშალა.

ახლა კი ეს შესაძლებელი
გახდა უმაღლესი სასწავლებლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტისა და განათლების სამინისტროს თანადგომით.

საუნივერსიტეტო ლიგაში მონაწილოების სურვილი ათმა უმაღლესმა სასწავლებელმა გამოთქვა, ცხრა თბილისურთან ერთად გუნდს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიც გამოიყვანს. სექტემბრიდან ტურნირი რესპუბლიკურ მასშტაბს შეიძენს და მინიმოედნიდან დიდი მოედანზე გადავალთ, რადგან ჩამოსაყალიბებელია საუნივერსიტეტო ნაკრები საერთაშორისო ტურნირებზე გაემგზავრება.

დამზადებულია და მალე ამოქმედდება ჩვენი ოფიციალური ვებგვერდი, სადაც მატჩების შედეგებს ონლაინ რეჟიმში გაეცნობით.

ტურნირის პარალელურად, სტუდენტები მის გაშუქებაშიც ჩაერთვებიან. მადლობა მინდა გადავუხადო კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელ კახა შენგელიას, რომლის დახმარებითაც ფეხბურთით დაინტერესებული ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები ტურნირის მიმოხილვას მოამზადებენ, რომელიც ყოველ ოთხშაბათს GMG-ის ეთერში გავა. პირველი გადაცემა კი უკვე შემდეგ ოთხშაბათს დაიგეგმა” - თქვა ბურჯალიანმა.

სანდრო კვიტაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: ”სტუდენტური საფეხბურთო ლიგის დაარსება სერიოზული ნაბიჯია და მიღებული ფორმაა ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ამერიკაში. სტუდენტური სპორტის მასობრიობა ქვეყანაში სპორტის საერთო დონესაც განაპირობებს. პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საინტერესო იდეა გუნდებში ექიმებად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მიწვევაა, რომლითაც ისინი პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ. დარწმუნებულიც ვარ, რომ ტურნირი მაყურებელს დააინტერესებს. გაოცებული დავრჩი, როდესაც სპორტის სასახლეში სტუდენტურ საკალათბურთო ტურნირზე მაყურებლის ტევა არ იყო - ამდენ ხალხს საკავშირო ჩემპიონატში მონაწილე თბილისის “დინამოს” კალათბურთელები თუ კრებდნენ”.

პრეზენტაციის შემდეგ კი სტუდლიგის წილისყრა გაიმართა. ტურნირის პირველი ეტაპი 3 აპრილს დაიწყება და 5 ივნისს დამთავრდება. ოთხი საუკეთესო ბრძოლას 12 ივნისს პლეიოფში გააგრძელებს, გამარჯვვებულს კი 19 ივნისს დანიშნული ფინალი გამოავლენს.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ვერ გავიგე სტუდენტი მარტო ფეხბურთს თამაშობს?
kopala
09:12 25-03-2011
0
სტუდენტური ლიგა ძალიან კარგი წამოწყება არის და გისურვებთ წარმატებას! რაც უფრო მეტი რეგიონი და სასწავლებელი ჩაერთვება მით უკეთესი. გაზრდას და გაძლიერებას გისურვებთ!
uzlevi
05:01 25-03-2011
0

სიახლეები პოპულარული