რატომ ჩამოვედი საქართველოში
ევროპაში ფეხბურთელები განსაკუთრებულ პროგრესს 15-დან 17 წლამდე აღწევენ, რაც მედიცინით, ვიტამინიზაციით, აღდგენითი საშუალებებითა და სპეციალური კვებით, აგრეთვე კარგი სავარჯიშო პირობებით ხერხდება. საქართველოში კი ასეთი პირობები არ არსებობს და ნიჭიერი ბავშვების ზრდა ბრკოლდება. თუმცა მთავარია, რომ
მეორე მხრივ, ევროპაში იმდენად მაღალია ცხოვრების დონე, ეზოში ფეხბურთის თამაში ბევრს ეზარება და კომპიუტერული ფეხბურთი ურჩევნიათ. მათ სხვა პროფესიებით საშუალო ევროპელ ფეხბურთელზე მეტის გამომუშავება შეუძლიათ.
2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გერმანიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა და კატასტროფული პროცესების შესაჩერებლად ახალი სისტემის შექმნა გადაწყვიტეს, რომელიც ბავშვებს ფეხბურთით დააინტერესებდა: რეგიონებში ჩამოაყალიბეს საფეხბურთო ცენტრები, სადაც ცნობილ სპეციალისტებს მაღალი ხელფასები დაუნიშნეს. ამ ცენტრებს კი ბავშვები მასობრივად ეტანებოდნენ. ამას გარდა, კარი გაუღეს უცხო ქვეყნიდან ჩასულ ფეხბურთელებსაც, როგორც თავის დროზე ფრანგებმა და ახლა გერმანიის ნაკრებში პოლონელები, აფრიკელები და თურქები თამაშობენ.
საქართველოსა და სხვა მსგავს ქვეყნებში კომპიუტერული სიზარმაცის ვირუსი ნაკლებად მოქმედებს, ბავშვებისთვის ფეხბურთი ცხოვრებისეული წინსვლის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა და დიდი სტიმულიც აქვთ სავარჯიშოდ. ხელს საკმაოდ მდიდარი საფეხბურთო ტრადიციებიც გიწყობთ.
მენეჯერის საქმე აუთვისებელი და პერსპექტიული ბაზრების აღმოჩენაა. დიდი ხანია, ვიცნობ ქართულ ფეხბურთს, მის პოტენციალს, ისტორიას, ვიცი, რომ აქ ბევრი ტალანტი იბადება. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გყავთ, მაგრამ ფიზიკური მომზადება, ათლეტიზმი აკლიათ და პოტენციალს ვერ იყენებთ. ეს იმიტომ, რომ არ არსებობს პირობები, ინფრასტრუქტურა.
პოსტსაბჭოური ქვეყნების ხალხებს ჩეხეთში სახელი გაუფუჭდათ, მაგრამ ქართველებს ინტელექტუალური, ნიჭიერი და თავისუფლების მოყვარული ხალხის სახელი გაქვთ, მაგრამ მე ხალხის მენტალიტეტი მაინტერესებდა, რაც ჩვენს სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. ხორვატიასთან მატჩისას დავრწმუნდი, რომ საქართველოში ფეხბურთი ძალიან პოპულარულია. სტადიონზე იყო ფანტასტიკური ატმოსფერო, ხალხი საოცრად ემოციურად განიცდიდა თითეულ მომენტს, შეტევას, გოლზე ასეთი რეაქცია კი არსად მინახავს და დავრწმუნდი, საქართველო ძალიან საინტერესო ბაზარია, სადაც შეიძლება აღმოვაჩინო მარგალიტი, რადგან მარგალიტი ემოციურ და ნიჭიერ ერში უფრო იბადება.
ბევრი რუსეთის და უკრაინის კლუბებში თამაშობს და ევროპაში ბევრს ამიტომაც არ იცნობენ. თქვენი პრობლემა ისაა, რომ ევროპიდან შორს ხართ. აქ არც კარგი ინფრასტრუქტურაა, სხვათა შორის, კარგი ვითარება ჩეხეთშიც არ არის. ასე რომ, ამ პრობლემას მოგვარება სჭირდება.
საქართველოს ნაკრები აღმოჩენაა
ხორვატიასთან მატჩით გაოცებული დავრჩი. ასეთი დონის გუნდის დამარცხება გრანდებსაც უჭირთ. გითხარით, ვიცოდი ქართველების პოტენციალი-მეთქი და მიკვირდა, ძლიერი ნაკრები რატომ არ გყავდათ.
ახლა კი კარგი კომბინაციაა: ქეცბაია კარგი მწვრთნელია, პლუს ნიჭიერი ფეხბურთელები და ხარისხიანი თამაში. თუ ამას დაემატება სრული კონცენტრაცია და უეკთესი სათამაშო დისციპლინა, საქართველო ბევრ ასეთ შეხვედრას მოიგებს.
ქეცბაიამ გასაოცარი ტაქტიკური მანევრები განახორციელა. აქ გავიგე, ბევრს დვალიშვილის და იაშვილის თამაში არ მოეწონაო. ამ დროს მათ გუნდისთვის უდიდესი საქმე გააკეთეს: ქეცბაიამ მათ პირველ ტაიმში ხორვატების დაცვის დაღლა დაავალა, რაც ორივემ მშვენივრად მოახერხა. მეორე ტაიმში კი, ამ დაღლილი დაცვის წინააღმდეგ დასვენებული, სწრაფი ფეხბურთელები შეიყვანა და აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა, თქვენებმა ბურთის კონტროლი შეძლეს. ძალიან გონივრული და მოულოდნელი ჩანაფიქრი იყო, რომელმაც გაამართლა. ამით ქეცბაიამ ბილიჩს აჯობა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ ჩეხეთის ნაკრებს საქართველო აუცილებლად მოუგებს.
ძალიან მომეწონა მეკარე რევიშვილი, მშვიდად და საიმედოდ თამაშობდა, რაც ფეხბურთელებსაც გადაედოთ. თანაც, იმასაც გააჩნია, ვისთან ხარ მშვიდი - ხორვატია ძალიან ძლიერი ნაკრებია.
გადაუჭარბებლად ვიტყვი, თქვენმა დაცვამ ხორვატიასთან ისე ითამაშა, ევროპაში საუკეთესო ნაკრებთა უკანახაზელები რომ მოქმედებენ.
კალაძეს ყველა იცნობს, დანარჩენები ტოპლიგებში არ არიან, მაგრამ საკმაოდ ნორმალურ გუნდებში თამაშით კლასი ეტყობათ.
ჩემი აზრით, ლაშა სალუქვაძეს ტოპლიგაში თამაშის პოტენციალი აქვს. მოვიხიბლე მისი სათამაშო დისციპლინით, ითამაშა უშეცდომოდ და კარგადაც აზღვევდა.
კარგი იყო ხუბუტიაც, ათლეტური, მებრძოლი, აგრესიული და დინამიკური მცველი. კარიერის მაღალ დონეზე გაგრძელება შეუძლია. ასეთ მცველს ინგლისსა და გერმანიაში ეძებენ.
ძალიან სწრაფი და უხერხული თავდამსხმელია მარცვალაძე, არაფრისგან მომენტს ქმნის. 26 წლის არის? ძლიერი ევროპული გუნდების დასაინტერესებლად საუკეთესო ასაკია.
სხვა ფეხბურთელებიც მომეწონენ, მაგრამ მთლიანობაში გუნდია გამოსარჩევი, ეს ტაქტიკურად კარგად განსწავლული ნაკრებია, რომელმაც იცის, რას და როგორ აკეთებს. სხვაგვარად ხორვატების ვარსკვლავურ გუნდს ვერ დაამარცხებდა.
ასათიანთან კონტრაქტი გავაფორმე
შვიდი წელია, მალხაზ ასიათანს ვიცნობ და მისით დიდი ხანია, დაინტერესებული ვარ. მან მშვენიერი კარიერა აიწყო და კარგი სახელიც მოიპოვა. ახლახან თანამშრომლობაზე შევუთანხმდი და ხანმოკლე კონტრაქტი გავუფორმე. მისი ევროპაში წაყვანა ზაფხულშიც მსურდა, მაგრამ “ლოკომოტივის” მწვრთნელ სიომინსა და პრეზიდენტ ნაუმოვს მასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ ჰქონდათ და შეთანხმება გაძნელდა.
არადა, ასათიანი “ლოკომოტივის” საკვანძო ფეხბურთელი იყო და ძალიან კარგი პირობებიც ჰქონდა. ამის გამო რუსეთიდან წასვლა ბევრს არ სურს. მით უფრო, რომ ფინანსური კრიზისის შემდეგ მსგავსი პირობების შეთავაზება ევროპაში მხოლოდ ტოპკლუბებს შეუძლიათ. მაგრამ ევროპაში რუსეთის პრემიერლიგის მოთამაშეებს კარგად არ იცნობენ.
ახლა თავისუფალი აგენტია და კლუბის მოძებნას ვცდილობ, მაგრამ ევროპაში სეზონი განახლდა და ასეთ დროს გუნდში მოუმზადებელი ფეხბურთელის აყვანას ერიდებიან.
.