სად დაიკარგა ქართული ტექნიკა

AutoSharing Option
“ბურთითაა ვიტალი დარასელია, მოატყუა ერთი, მოატყუა მეორე, დარტყმა... გოლ! გოლ!” - კოტე მახარაძის 1981 წლის 13 მაისის მზიანი ღამის ეს ფრაზა ჩვენი გულშემატკივრის გულს დღემდე მალამოსავით ეცხება. მაგრამ დღევანდელი ტენდენციები თუ გაგრძელდება, ერთის მომტყუებელიც აღარ გვეყოლება და ქართული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ტექნიკური თამაშიც ამ კადრებთან ერთად დარჩება ისტორიის კუთვნილებად.


ათი გენიოსი და ერთი მუშა
იყო დრო, საქართველოს ნაკრებში ასარჩევად იყვნენ “ათიანები”, შემოქმედებითი ფეხბურთელები - გიორგი ანჩაბაძისნაირი ნიჭიერი კაციც კი ვერ ეღირსა ეროვნულ ნაკრებში თამაშს, გიორგი დარასელიაც ვერ გამოვიყენეთ სათანადოდ. ნაკრების საყრდენი
გიორგი ნემსაძეც კი შოტლანდიაში პლეიმეიკერად გაამწესეს და ამ პოზიციაზე პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევდნენ. ამ დროს ჩვენს ნაკრებში მუშა ფეხბურთელების დეფიციტი იყო.

ანეკდოტად იყო ქცეული თბილისის “დინამოს” ყოფილი მთავარი მწვრთნელის მიხეილ იაკუშინისა და ყოფილი დინამოელის ალექსანდრე აფშევის ამბავი: შრომისმოყვარე და ათლეტური ყაბარდოელი აფშევი იაკუშინმა 1964 წლის “ოქროს “დინამოში” მიიწვია, მომდევნო წელს კი გავრილ კაჩალინმა გაუშვა და ტაშკენტის “ფახტაქორში” დანიშნულ იაკუშინს მიაკითხა.

“თბილისში ათი გენიოსი მყავდა და ერთი მუშა მჭირდებოდა, აქ კი ათი მუშაა და კიდევ ერთი არ მჭირდება” - ასეთი იყო კაჩალინის პასუხი.

გნებავთ საბჭოური წლების, გნებავთ ყიფიანისა და გეგუჩაძის დროინდელი თბილისის “დინამო” სწორედ ამით გამოირჩეოდნენ. თითქოს რა წარმატება ჰქონდათ გიორგი დევდარიანის “თბილისს”, ვაჟა ჩხაიძის “მრეტებს”, მაგრამ წარმატებულები იყნენ, რადგან ლაღ, შემტევ ფეხბურთს მაყურებელი ყოველთვის ეტანება - ისინი არც თავად წვალობდნენ და არც მაყურებელს აწამებდნენ. “მრეტების” პრეზიდენტის, ვაჟა ჩხაიძის სიტყვებია, რუსთაველის “ჰქმენ რაცა შენი ფერია” ფეხბურთშიც გავითვალისწინოთო და მაყურებელს ამიტომაც შეუყვარდა თავს-რეტის-დამსხმელების, ქინქლაძის, ტყავაძის, სიდამონიძის, ჟორჟიკაშვილის, ჩუხუას (და სხვათა) გუნდი.


პროლეტარიატის დიქტატურა
ახლა პირიქითაა, მუშები რამდენიც გინდა, შემოქმედებითი, მომტყუებელ-დრიბლიორი და თამაშის საკუთარ თავზე ამღები ფეხბურთელები თითქმის აღარ არიან, ეროვნულ ჩემპიონატში გაგვიძვირდა ფინტები, სადღა არიან მომტყუებლები და მაყურებლის გულის გამხარებელი მოთამაშეები. ეს იმიტომ, რომ ბავშვთა ფეხბურთში წლების წინ დაიწყო დამღუპველი პროცესი, როდესაც არასწორად გაანალიზდა “მატაობის” მოყვარული გუნდების თამაშები და ბავშვთა ფეხბურთში მასობრივად დაიწყეს ე.წ. “სწორი ფეხბურთის” დანერგვა, მწვრთნელებს “ჩვენი ფერი” და მაყურებელი დაავიწყდათ, მაგრამ “სხისფერიც” ვერ შემოგვთავაზეს - ეს შეუძლებელია.

მოკლედ, გვქონდა პოეზია და შეგვრჩა პროზაული პლაგიატი. გულშემატკივრებიც წუხან, ნათელი ფერები გაქრა, მოგვიმრავლდნენ ტროპიკული ხის ჭრილივით ერთფეროვანი ფეხბურთელები (ესეც ვაჟა ჩხაიძის სიტყვებია) - ჩვენი ფეხბურთის სახე, ეროვნული ნაკრებიც ამის შედეგს იმკის.

საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელმა მატჩებმა ეს ფიქრები მხოლოდ მე არ აღმიძრა. როგორც კი ოთარ მარცვალაძეში სისხლმა იყივლა, საკუთარ თავზე აიღო თამაში და მოატყუა დარიო სრნა, ლევან კობიაშვილის გოლიც გამოცხვა. თუმცა ზოგადად ქართული ფეხბურთის სამარკო ნიშანი - ტექნიკა დაიკარგა, ვერც ევროპულს ვთამაშობთ და ღამურებივით შუაში გავეჩხირეთ, . აღარ გვაქვს საკუთარი სტილი.


ვეძებოთ და გავხსნათ ინდივიდი
ახლახან “ნორჩ დინამოში” უცნაურ ვარჯიშს შევესწარი: ახალგაზრდა მწვრთნელი მერაბ მდივნიშვილი 8-9 წლის ბავშვებთან მუშაობდა და ასეთ დავალებებს აძლევდა - “ვინც ორ კაცს მოატყუებს და გაიტანს, ორი გოლი ჩაეთვლება, ვინც სამს და გაიტანს - სამი”. ეს იმ დროს, როდესაც ბავშვებს დავიწყებულ და ყვაბაღებულ “მატაობას” უკრძალავენ. ვკითხე, ბავშვმა ხომ სწორი ფეხბურთი უნდა ისწავლოს-მეთქი და ჩვენმა საუბარმა მიკარნახა ეს წერილი.

“სწორი ფეხბურთი ისაა, რაც შენს სისხლშია. სხვისგან გადაღებული, თუ შენს სტილს არ შეუხამებ, უსარგებლოა. ჩემი აზრით, ქართულმა ფეხბურთმა ტრადიციული სახე იმიტომ დაკარგა, რომ ბოლო თხუთმეტი წელია, საქართველოში ბავშვებს შემოქმედებას, სილაღეს უკრძალავდნენ, დაპროგრამებულ ფეხბურთს ათამაშებდნენ, აქცენტი გადაიტანეს მხოლოდ და მხოლოდ პასზე, ბავშვს კი ბუნებრივ ფინტებს უკრძალავდნენ და საუკთესო თვისებებზე ეუბნებოდნენ, ეს შენი ნაკლიაო.

ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში, ნიჭიერ ბავშვებში ინდივიდულიზმი ჩაკვდა და შედეგად მივიღეთ ინკუბატორის წიწილებივით ერთნაირი ფეხბურთელები. ყენია და ანანიძე დაშავდნენ და ნაკრებში შემოქმედებითი ფეხბურთელის პრობლემა შეიქმნა. ასე ლეო მესიც რომ “გაეზარდათ”, დღეს მისი გვარი არავის ეცოდინებოდა.

რამ შეაყვარა ხალხს თბილისის “დინამო”? მესხის ფინტებმა, გუცაევის ცრუ მოძრაობებმა, ყიფიანის, ჩივაძის, კოსტავას და სხვების სწორედაც რომ შემოქმედებითმა თამაშმა, რადგან ფეხბურთი სანახაობაა. 13 მაისი ვიტალი დარასელიას შემოქმედებმა გოლმა მოგვიტანა და ამ დროს ბუნებით მომადლებულ ნიჭზე საკუთარი ნებით უარს ვამბობთ.

ბავშვს ტექნიკა და შემოქმედებითი უნარები 12-13 წლისთვის უყალიბდება და ამ დროს უნდა მივცეთ სწორი მიმართულება. მერე სხვა სახის ვარჯიში სჭირდებათ. მიხეილ მესხმა საკუთარი ფინტი მოიგონა, უცნაურ და არაორდინარული მოძრაობებს ბავშვებშიც ნახავთ და ამიტომაც ვაძლევ გასაქანს: მოატყუონ მეტოქე, აითვისონ ფინტები, დრიბლინგი, მიეჩვიონ ტექნიკურ ფეხბურთს, ითამაშონ, იხალისონ და შეიყვარონ ფეხბურთი, მოკლედ, იყვნენ შემოქმედებითები. მათ ასაკში სქემები დამღუპველია. ჯერ უნდა ვეძებოთ და გავხსნათ ინდივიდი და შემდეგ კოლექტივს რამენაირად მოერგება”.


ქუჩა და თავისუფლება
მნიშვნელოვანი თემაა - ქართული ფეხბურთი და თვითმყოფადობა. “13 მაისის” ერთ-ერთი გამორჩეულად ტექნიკური მოთამაშე ვლადიმერ გუცაევი გვიზიარებს მოსაზრებას, რატომ დავკარგეთ ჩვენთვის დამახასიათებელი სტილი:

“ტექნიკას ვერავინ გასწავლის, ეს ბუნებამ უნდა მოგმადლოს, მწვრთნელმა ხელი არ უნდა შეგიშალოს, ნიჭი კარგ მოედანზე უნდა დახვეწო და კარგმა პირობებმა და ინფრასტრუქტურამ გამოგაჩინოს. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს დროს ეს ყველაფერი საუკეთესო დონეზე იყო, მაგრამ დილიდან საღამომდე ქუჩაში ვთამაშობდით, ქუჩაში კი ტექნიკა იხვეწება, რადგან რთულ ვითარებაში ბურთის მოთვინიერებას ბუნებრივად ეჩვევი.

მეორე მიზეზი მასობრიობის კლებაა:: ადრე ბავშვები ფეხბურთს გაცილებით მეტად ეტანებოდნენ, ახლა ჯგუფებში მოვარჯიშეთა რაოდენობა შემცირებულია. ასეთ პირობებში მოზარდებს ინფრასტრუქტურა მაინც უნდა უწყობდეს ხელს, რათა კარგ სავარჯიშო გარემოში ნიჭი დახვეწო და გამოავლინონ.

სამწუხაროდ, განვითარებულ საფეხბურთო ქვეყნებს მწვრთნელთა კვალიფიკაციით მნიშვნელოვნად ჩამოვრჩით. დასამალი არ არის, რომ ძალიან დაბალ დონეზე ვართ. მწვრთნელთა სკოლას თუ არ ჩამოვაყალიბებთ, პრობლემები კიდევ იჩენს თავს. ბევრ გაუნათლებელ მწვრთნელს ჰგონია, რომ ბავშვებიც “ბარსელონასავით” ერთი შეხებით თამაშს უნდა მიაჩვიოს და ესაა სწორი ფეხბურთიო. მაგრამ საამისოდ მწვრთნელმა შეგირდებს თავისუფლება უნდა მისცეს და გარკვეულ ასაკამდე ქუჩის ფეხბურთი ათამაშოს, რადგან ბავშვმა ტექნიკა სკოლაში უნდა დახვეწოს. თუ მცველს ვარჯიშზე ვერ ატყუებ, ამას თამაშზე მოახერხებ?

“დინამოში” ვარჯიშის შემდეგ ბავშვებს ვეთამაშებოდი - ერთდროულად ხუთის მოტყუება და მოგერიება ადვილი არ იყო. ეგონათ, ვერთობოდი, სინამდვილეში კი ვვარჯიშობდი. ტექნიკასა და “მატაობაზე” რომ არ მემუშავა და მწვრთნელს ეს აეკრძალა, ტექნიკური ვერასდროს გავხდებოდი. ასე რომ, ბავშვს ნიჭი არ უნდა ჩავუკლათ, პირიქით, განვავითაროთ. თემურ ქეცბაიამ მოახერხა და ნაკრები ფეხზე დააყენა, მაგრამ რა უნდა ქნას, როდესაც ტექნიკური, მომტყუებელი ფეხბურთელი თითქმის არ ჰყავს?”


მომტყუებელი ყველა სქემას ანგრევს
კახა გოგიჩაიშვილი, საქართველოს ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” ვეტერანი: ”ძველი ტექნიკა მართლა დავკარგეთ, რაზეც გული ძალიან მწყდება. ალბათ, იმიტომ, რომ ფეხბურთელი სწორ გზაზე მწვრთნელმა უნდა დააყენოს. ახლა კონსპექტის ფეხბურთს ათამაშებენ, მიიღე - მიეცი, მიიღე - მიეცი, მაქსიმუმ, ერთი-ორი შეხება, ტექნიკურ ფეხბურთელს კი ზღუდავენ და, ცხადია, მოტყუება და ფინტები იშვიათი სანახავი გახდა. ამ დროს, ქართული ფეხბურთის პლუსი სწორედ ტექნიკა იყო, პასს ასწავლი, მაგრამ ნიჭს - ვერასოდეს. რადგან ის თანდაყოლილია.

ბავშვებთან ვმუშაობ, რამდენიმე ნიჭიერია და არც ვზღუდავ, პირიქით, გასაქანს ვაძლევ. დღეს მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მეტად მომტყუებელი, ტექნიკური ფეხბურთელი ფასობს. რომელი ზონაში ჩამდგარი გუნდი და სწორად განლაგებული დაცვა დაიჭერს მესის? მომტყუებელი ყველა დაცვას და ტაქტიკას ანგრევს. მთავარი ზომიერებაა, ბავშვს უნდა ასწავლო დროული პასი და თუ ნიჭიერია, ყველაფერს კარგად აითვისებს”.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან კარგი სტატიაა. ბოლო დროს ნაკრების თამაშები ძალიან ერთფეროვანია იმის გამო რო ტექნიკური მოთამაშეები ფაქტიურად არ გვყავს. მარცვალაძე ტექნიკურიაო და ერთი მცველიც ვერ მოატყუა ისრაელში. არ თქვათ ეხ დაღლილი იყოო...
დემეტრაძის ფინტები მენატრება. მე მგონი ბოლო ფეხბურთელი დემე იყო ნაკრებში ვინც პადსებია მაინც იცოდა მაღალ დონეზე და ცოტა მოუქნელ მცველებს თავბედს აწყევლინებდა. ცუდად არ გამიგოთ მაგრამ ჯერ არც ანანიძის ლამაზად მოტყუებული კაცი მინახავს ნაკრების თამაშზე. თუ ვცდები მაშინ გამახსენეთ...
sport-fun
10:38 01-04-2011
0
კარგი სტატიაა. და რაც მთავარია საჭირო თემაზეა. ტექნიკური ფეხბურთელები არ გვყავს. ისინიც კი გვაკლდა მარტში ვისაც შეეძლო მცველის მოტყუილება: ასათიანი,ყენია და ანანიძე. არადა იყო დრო გოგუა ნალჩიკის ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელად ითვლებოდა. ყველაზე ცუდი სწორედ კლასიკური 10-იანის არარსებობაა. თავდამსხმელისთვის პასის მიმცემი არ გვყავს. მაგალითად იგივე ხორვატიელი მოდრიჩის ტიპის ფეხბურთელი: ტექნიკური, მოქნილი კარგი პასით და კარგი დარტყმით.
REzIA Robakidze
11:15 01-04-2011
0

სიახლეები პოპულარული