სფფ უეფა-ს სამსაჯო კონვენციის ოფიციალური წევრია

AutoSharing Option
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უეფა-დან მოვიდა ოფიციალური სერტიფიკატი იმის დასტურად, რომ ამიერიდან, სფფ უეფა-ს სამსაჯო კონვენციის წევრია.

გაწევრიანების პროცესი საკმაო ხანს გრძელდებოდა და რამდენიმესაფეხურიანი შემოწმებისა და დაკვირვების შემდეგ, უეფა-მ წევრობის სტატუსი მოგვანიჭა.

სფფ-ს მსაჯთა განყოფილების უფროსი - ლევან ფანიაშვილი, კონვენციაში გაწევრიანების მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრა.

ლევან ფანიაშვილი: "უეფა-ს სამსაჯო კონვენცია, სამსაჯო საქმეში ორ სფეროს მოიცავს: მსაჯობის ორგანიზებას (ანუ როგორი უნდა იყოს სტრუქტურა) და სწავლებას. სწავლებაში იგულისხმება როგორც რეკრუტირება, ასევე, დამწყებ მსაჯებთან მუშაობა, დამკვირვებლების სწავლება; როგორი უნდა იყოს ინსტრუქტორების მუშაობა და როგორი
უნდა იყოს ტოპ-მსაჯებისა და მათი ასისტენტების სწავლება; რა პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს მათი ფიზიკური მომზადება. ესაა კონვენციის ძირითადი არეალი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააკმაყოფილა მოთხოვნილი მინიმალური სტანდარტები, თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია - გასაძლიერებელია რეკრუტირება, გაცილებით აქტიური მუშაობაა საჭირო დამწყებ მსაჯებთან.

კონვენციაში გაწევრიანების პროცესში, ჩვენზე მომაგრებული იყო უეფა-ს ინსტრუქტორი, რომელმაც ხანგრძლივი პროცედურების გავლის შემდეგ, გასული წლის ნოემბერში, უეფა-ში დადო დადებითი დასკვნა ჩვენს შესახებ, რომელიც ჯერ სამსაჯო კომიტეტმა დაამტკიცა, შემდეგ კი, უკვე ამ წლის იანვრის ბოლოს - უეფა-ს აღმასკომმაც და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატიც მივიღეთ. თუმცა, ჩვენი კონვენციაში გაწევრიანება, ძალაში აღმასკომზე დამტკიცების შემდეგვე შევიდა."

ლევან ფანიაშვილის თქმით, ეს ერთჯერადი აქტი არ არის. სფფ-ზე მომაგრებული უეფა-ს დანიელი ინსტრუქტორი - იორნუესტ ლარსენი მუდმივ მონიტორინგს განახორციელებს, რომ სტანდარტების მინიმალურ ზღვარს არ ჩამოვცდეთ და მუშაობა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს.

"ჩვენ, ასევე, მუდმივი კონტაქტი გვაქვს უეფა-ს ფიზმომზადების ინსტრუქტორთანაც. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ხელახალი შემოწმება მოხდება და ამისთვის ჩამოვა უეფა-ს დელეგაცია. გარდა იმისა, რომ ამ კონვენციაში გაწევრიანება ჩვენთვის გარკვეულ ვალდებულებებს ნიშნავს, რომელიც უნდა შევასრულოთ, უეფა-საც აქვს თავისი პასუხისმგებლობები, რომლის ფარგლებშიც, ეს ორგანიზაცია ფინანსურ დახმარებასთან ერთად, ტექნიკური და ადამიანური რესურსებითაც გვეხმარება" - განაცხადა ლევან ფანიაშვილმა.


სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული