გია ჭანტურია: იმედია, ეს პროცესი ყველას ჭკუას ასწავლის!

AutoSharing Option
სპორტული საფეხბურთო არბიტრაჟის პირველ გადაწყვეტილებებზე "ლელო" უკვე წერდა: "სამტრედია" ვალტერ გუჩუას დავალიანების გასტუმრებაზე შეუთანხმდა, "ზესტაფონთან" დავაში ვეტერანი 37 წლის მეკარე გია ჭანტურიაც გაამართლეს და კონტრაქტის გაწყვეტის გამო ყოფილ კლუბს 29 ათასი ლარის გადახდა დაავალეს.

"ამ დღეს 2008 წლის 17 ოქტომბრიდან, მთელი წელიწადნახევარი ველოდი. მიხარია, რომ სიმართლემ და კანონიერებამ გაიმარჯვა. მადლობა თემურ მახარაძეს. რომ არა ეს კაცი, სიმართლეს ვერავის დავუმტკიცებდი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ "ზესტაფონის" დირექტორატის წევრი იყო, მახარაძემ დაადასტურა, რომ ჩემი ნებით კი არ ვაცდენდი ვარჯიშებს, არამედ ეს "ზესტაფონის" პრეზიდენტ
ილია კოკაიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ბორჯომში მომხდარი უსიამოვნების შედეგი იყო. სიმართლის თქმის გამო მახარაძეც გააგდეს და კონტრაქტი მასაც უსაფუძვლოდ შეუწყვიტეს.

უსიამოვნება კი 2008 წლის 17 ოქტომბერს ბორჯომში მოხდა, როდესაც "ზესტაფონმა" "ბორჯომი" ვერ დაამარცხა - 1:1. გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოდა და, ცხადია, აუტსაიდერთან ფრემ ყველა გაგვაწბილა. კოკაია გამწარდა და გასახდელში ისეთი შეურაცხმყოფელი ტონით გველაპარაკა, თითქოს ბავშვები ვიყავით. ეს ვერ მოვითმინე და ვუთხარი, ყველა თამაშს ჩვენ კი არა "ჩელსიც" ვერ იგებს-მეთქი. ნათქვამი იუკადრისა და დატუქსვა მომინდომა, მაგრამ კუთხეში არ დავმდგარვარ, კაცი ვარ და ღირსება გამაჩნია.

კონტრაქტი სწორედ ამის გამო გამიწყვიტა. თუმცა ვერ წამომედგინა, საქმე აქამდე თუ მივიდოდა, ვიფიქრე, გული მოულბება და ყველაფერი დალაგდება-მეთქი, მაგრამ "ზესტაფონში" ვარჯიშზე მისულს გამომიცხადეს, რომ პრეზიდენტმა კლუბიდან დამითხოვა. ჩემპიონატის შემდეგ ტურამდე ზესტაფონის სტადიონზე მასთან დალაპარაკება ვცადე, მაგრამ დაცვამ ახლოს არ მიმიშვა, გაშვებული ხარ და აღარ მოხვიდეო.

ლოგიკურიც იყო, რაც შემდეგ მოხდა, ანგარიშზე ხელფასი არ დამერიცხა და მივხვდი, თავს თუ არ დავიცავდი, ამ უკანონობის გამო არავინ შეწუხდებოდა. მაშინ ფედერაციას კოკაიას მეგობარი ნოდარ ახალკაცი ხელმძღვანელობდა. როდესაც ფედერაციის სატრანსფერო განყოფილებამ საკითხი განიხილა და გამამართლა, "ზესტაფონს" თანხის გადახდა დაავალა, მაგრამ ახალკაცმა მეგობრის კლუბს გადაწყვეტილების აღსრულება არ მოსთხოვა".

საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე ამბობს, რომ ბრძოლა სხვა ფეხბურთელების ინტერესებისთვისაც დაიწყო:

"ვფიქრობდი, კარიერას მაინც ვამთავრებ, დასაკარგი არაფერი მაქვს და ჩემს დღეში სხვა ფეხბურთელები რომ არ ჩავარდნენ, ეს საქმე ასე არ უნდა დავტოვო-მეთქი. მსგავსი ამბავი მანამდეც ბევრჯერ მომხდარა, მაგრამ ბიჭებს პრობლემების შექმნის ეშინოდათ და კლუბებს მათი დაჩაგვრა შერჩათ. მე კი ვცადე და ხანგრძლივი პროცესის შედეგად სიმართლემ გაიმარჯვა. იმედია, ეს პროცესი ყველას ჭკუას ასწავლის და დღეიდან საქართველოში ფეხბურთელთა უფლებების დაცვა სავალდებულო გახდება.

სხვათა შორის, ჩემმა პროცესმა უამრავი პრობლემა გამოაჩინა, რაც დროთა განმავლობაში მოგვარდა კიდეც. მაგალითად, არ არსებობდა საფეხბურთო არბიტრაჟი, რასაც ფიფა მოითხოვდა. საკითხის განხილვისას ფეხბურთის ფედერაცია ამ პრობლემას წააწყდა და საბოლოოდ არბიტრაჟი ჩამოაყალიბა."

ცხადია, არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ გაახარა, მაგრამ ამბობს, რომ ჯერ საქმე არ დასრულებულა:

"ახლა მთავარია, არბიტრაჟის გადაწყვეტილება სწრაფად აღსრულდეს. სიმართლე ადრეც დადგინდა, მაგრამ "ზესტაფონს" თანხა არ გადაუხდია. კოკაია კი პროცესის გამართვამდე ამბობდა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილებას არ ცნობდა. არადა, დავინტერესდი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც თქვა, რომ არბიტრაჟის დაფუძნებაში "ზესტაფონიც" მონაწილეობდა. ასე რომ, უნდა თუ არა, გადაწყვეტილების დამორჩილება მოუწევს. საფეხბურთო არბიტრაჟმა და ახალკაცისდროინდელმა ფედერაციამაც დაადასტურა, რომ მართალი ვარ, დროა სიმართლე "ზესტაფონმაც" აღიაროს. ეს სამარცხვინო საქციელი არ იქნება."

მიუხედავად ხანგრძლივი დაპირისპირებისა, ჭანტურია ამბობს, რომ "ზესტაფონის" პრეზიდენტის მიმართ პირონული სიძულვილი არასოდეს ჰქონია:

"ბატონი ილიასგან ბევრი სიკეთე მახსოვს, ზესტაფონში დიდი საქმეები აკეთა და პირადად მეც ვგრძნობდი მის მხარდაჭერას. ასე რომ, ხაზს ვერასოდეს გადავუსვამ, მასთან დაპირისპირება არც მსურდა. პირიქით, თავიდან პრობლემის უკონფლიქტოდ, უხმაუროდ მოგვარებაზე ვზრუნავდი, მაგრამ ეს თავად არ ისურვა და სხვა გზა არ დამიტოვა.  ვფიქრობ, ეს საქმე ისევ მას, "ზესტაფონს" და მთლიანად ქართულ ფეხბურთს წაადგება, რადგან ფეხბურთელის უფლების დაცვის გარეშე კლუბში და მთლიანად ქართულ ფეხბურთში სასურველი გარემო ვერ ჩამოყალიბდება", - გვითხრა ჭანტურიამ.








.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული