ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან

AutoSharing Option
ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძეს ქურდული სამყაროს მიმდევრობაში ბრალი დასდეს და 6 წელი მიუსაჯეს. მასთან ერთად დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი გაასამართლეს. დემეტრაძე ამბობს, რომ სრულიად უდანაშაულოა. სასამართლოზე, როცა მოსამართლემ ბოლო სიტყვის უფლება მისცა, დემეტრაძემ განაცხადა, - სამართლიან განაჩენს ვითხოვ, სხვას არაფერსო.

გამამტყუნებელი განაჩენი მაინც დადგა... ადოკატმა მარიკა ფხალაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივარი უკვე შეიტანა. სანამ განაჩენი კანონიერ ძალაში არ შევა, გიორგი დემეტრაძე გლდანის ციხეში დარჩება.

ცნობილი ფეხბურთელზე ბევრი რამ დაიწერა და ითქვა. როგორც ამბობენ, ციხეში გიორგიმ თვითმკვლელობაც სცადა. ცნობილია საბადრაგო სამსახურთან
მომხდარი კონფლიქტიც. ჩვენ შევეცადეთ ამ და სხვა კითხვებზე პასუხები თავად ფეხბურთელისგან მიგვეღო.

- გიორგი, ასეთ განაჩენს ელოდით?
- არ ველოდი, დარწმუნებული ვიყავი, მოსამართლე უპირობოდ გამამართლებდა და სასამართლო დარბაზიდან გამათავისუფლებდა. არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ჩემს სიმართლეში სასამართლოზე მყოფი საზოგადოება დარწმუნდა. ხომ ნახეთ ყველამ, პროკურატურამ ჩემი ბრალის დადასტურება ვერ შეძლო, ვერ შეძლო თუნდაც ერთი მოწმე მოეყვანა.

- ამბობთ, რომ უდანაშაულო ხართ. მაშინ რატომ აღმოჩნდით პატიმრობაში, რატომ გაგწირეს?
- ალბათ, ასე იმიტომ გამწირეს, რომ პროკურატურას არ დავეთანხმე და უარი ვთქვი, იმ აბსურდზე, რასაც ჩემგან ითხოვდნენ. არ დავიბრალე ის, რაც არ ჩამიდენია.

- ვატო ყიფიანი ახალი ბრალდებით ისევ დააკავეს. თქვენს ურთიერთობაზე გვიამბეთ, იგი თქვენს გამოყენებას ხომ არ ცდილობდა?
- ვატო ყიფიანი მამაჩემის ძმაკაცის შვილია. წლებია, ოჯახებით ვმეგობრობთ. ჩემს დაკავებამდე 2-3 თვე კიევში, ჩემს ბინაში ცხოვრობდა. ციხიდან რომ გაუშვეს, საქართველოდან კანონიერად წავიდა. დანაშაულია ჩემს ბინაში რომ ცხოვრობდა?..

დაკავების დღეს ჩემმა მეგობარმა, დავით გაგნიძემ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. არ უთქვამს, რაზე მიბარებდა. კახა მისირელთან ერთად ვაკეში წავედი. დათოს ვერ შევხვდი, რადგან მანამდე დამაკავეს. პოლიციელებმა სრულიად უმიზეზოდ ხელები გადამიგრიხეს და ძირს დამაგდეს. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. არანაირი ფული არ მქონია. ტყუილია, თითქოს 30.000 დოლარი ჩემგან ამოიღეს. მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვთამაშობ და მითხარით, საიდან უნდა ვიყო ქურდული სამყაროს წევრი? დაედასტურებინათ მაშინ, რომ რაიმე ქურდულ გარჩევაში მივიღე მონაწილეობა.

სასამართლოზე ისიც გაირკვა, რომ ვატოსთან სატელეფონო საუბარიც კი არ მქონია, არათუ რაიმე სახის შეთანხმება.

- როგორც ვიცი, პროკურატურა საპროცესო გარიგებას გთავაზობდათ. 2-წლიან პატიმრობაზე უარი რატომ თქვით. თბილისის სააპელაციო სასამართლოში პოზიციას ხომ არ შეიცვლით და პროკურატურასთან გარიგება ხომ არ შედგება? ასე უკვე მოიქცა, თქვენი მეგობარი დავით ფეიქრიშვილი და მალე გათავისუფლდება.
- მითხარით, რატომ უნდა ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია?! დამერწმუნეთ, რაიმე ბრალი რომ მიმიძღვოდეს, ალბათ სხვა გზას ავირჩევდი. მეუბნებოდნენ თუ ვაღიარებდი, 2 წელს მომცემდნენ, მაგრამ უარი ვთქვი.

- ცნობილია, რომ ბადრაგთან პრობლემები გქონდათ და სასამართლოში ცალკე ჰყავდით გამოკეტილი. გვიამბეთ ამ ინციდენტზე...
- სასამართლოში წამოყვანის წინ, საკნიდან გამოყვანისას, ყველანაირად გვამოწმებდნენ. ენა უნდა გამოგვეყო, რომ პირის ღრუც შეემოწმებინათ. მოთხოვნას ვემორჩილებოდი. ერთ დღეს, როცა ენა გამომაყოფინეს, საბადრაგო სამსახურის თანამშრომელმა უკმეხად და აგრესიულად მითხრა, - ბიჭო, ენა წესიერად გამოყავიო. შევეპასუხე, - რას ნიშნავს წესიერად გამოვყო, ხომ არავიში გეშლები-მეთქი. მაშინ ჩემს საცემრად გამოიწია, მაგრამ სხვებმა შეაჩერეს.

იმ დღიდან მოყოლებული ასე მსჯიდნენ. ბადრაგს სასამართლოში დილით მივყავდი და პატარა საკუჭნაოში შევყავდი. ფაქტობრივად, მთელი დღე მარტო ვიყავი გამოკეტილი, ხმის გამცემიც არავინ მყავდა. თან იქ საშინლად ციოდა, ყველა მხრიდან ქარი უბერავდა. ვცადე საჩივრის დაწერა, მაგრამ მივხვდი, აზრი არ ჰქონდა და ვერაფერს მივაღწევდი. სასამართლოს დასრულებამდე ასეთ პირობებში ვიყავი.

- როგორია თქვენი ერთი დღე ციხეში?
- მინდა თუ არა, დილის 6 საათზე მეღვიძება. 7 საათზე პურს გვაწვდიან ე.წ. კარმუშკიდან. ნახევარ საათში საუზმე მოაქვთ. იცით, ალბათ, რომ დაკავებულებს სასეირნოდ გაყვანა ყოველდღე ეკუთვნით. დილით, 9-დან 10 საათამდე სუფთა ჰაერს ვსუნთქავ. პატიმრები კორპუსის სახურავზე ავყავართ, სადაც განთავსებულია სასეირნო ადგილი. იქიდან რომ ჩამოვდივარ, მერე საკანში ვვარჯიშობ. ამასობაში სადილობის დროც მოდის. საკანში რადიო გვაქვს და განსაკუთრებით რადიო "პალიტრას" ვუსმენთ. ვკითხულობთ ჟურნალ-გაზეთებს. ერთმანეთს ვესაუბრებით, მერე ვვახშმობთ და 10 საათზე იძულებული ვარ, დავიძინო.

- ამ დროს ძილი აუცილებელია?
- 10 საათზე საკანში შუქს გვიქრობენ, რადიოს თიშავენ და სხვა რა გზა დაგვრჩენია, ვიძინებთ.

- გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ საკანში თავის მოკვლა სცადეთ, მართალია?
- თავის მოკვლა არ მიცდია და არც ვაპირებ. ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი.

- მაინც ჩაგეკითხებით, როგორც ვიცი, მაჯა დასერილი გქონდათ რამდენიმე ადგილას და ეს დაზიანება კარცერში მიიღეთ.
- კარცერში მართლა ვიჯექი 5 დღე. იქ ხმამაღალი სიცილის გამო ჩამსვეს. ძალიან რთულ პირობებში ვიყავი. ყოველ დილით, 10 საათზე ციხის თანამშრომელი კარცერში შემოდიოდა, საწოლს აკეცავდა და საღამოს 10 საათამდე ბოქლომს ადებდა. ფაქტობრივად, მთელი დღე ფეხზე ყოფნა მიწევდა. დილას ვარჯიშით ვიწყებდი, მაგრამ ვარჯიშით რომ დავიღლებოდი, მერე არ ვიცოდი რა მეკეთებინა. იქვე ხელსაბანი იყო, რომელსაც წვეტიანი კუთხე ჰქონდა და იმით მართლა ვცადე თავის დაზიანება - წვეტიან კუთხეს მაჯა რამდენჯერმე ჩამოვუსვი და დავიზიანე, რადგან მინდოდა ბადრაგს ციხის საავადმყოფოში გადავეყვანე. შესაძლოა, ეს თვითმკვლელობის მცდელობად ჩათვალეს. თვითმკვლელობას ნამდვილად არ ვაპირებ!

- მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი სასამართლო სხდომებზე არ დაგკლებიათ. ბევრი გადავსებულ დარბაზში შესვლას ვერ ახერხებდა. რას ეტყვით თქვენს გულშემატკივარს?
- მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ჩემი უდანაშაულობის სჯერა და მხარს მიჭერს. უდანაშაულო ვარ და სამართლიან განაჩენს გულწრფელად ველოდი...


kvirispalitra.ge
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)







.
მკითხველის კომენტარები / 5 /
თავისუფლება დემეს ! მაგრად მიყვარს ეს ფეხბურთელი. ვისთვის უნდა გამოეძალა ფული თვითონ ცოტა აქვს!?
0
gamagrdi , amaT male moerebaT bolo!!!
0

სიახლეები პოპულარული