თემურ ქეცბაია: ოცი წელი დუმდით, ამიტომ ეტირა დედა ფეხბურთს!

AutoSharing Option
კუდ-ის მიერ ტოტალიზატორებთან კორუფციულ გარიგებებში მონაწილე მოთამაშეთა გამოვლენა მიწისძვრა იყო, რასაც ლამის დამანგრეველი ცუნამი მოჰყვა.

ცუნამის გარდა სხვა არაფერი ითქმის, რაც გუშინ მოხდა: სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. უნდა ემსჯელათ საქართველოს ჩემპიონატში გარიგებებზე. ანონსირებულიც იყო, რომ შეხვედრის მონაწილეები "ერთიან პოზიციას დააფიქსირებდნენ".

თუმცა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მსჯელობასა და ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას ვინ ჩივის, შეკრება ისე დაძაბულად წარიმართა, უეფას მიერ გამოვლენილი მორიგი უმძიმესი ბრალდებებიც კი გადაფარა.

შეხედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ, ოღონდ დეტალურად იხილეს კუდ-ის ფარული ჩანაწერები, სადაც
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მატჩების ჩაწყობაზე "ჭუკჭუკებდნენ".

ამის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მორიგი სკანდალური მასალები ამოატივტივა:

- უეფადან გამოგზავნილი წერილიდან ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების კიდევ სამი მატჩი ცნეს საეჭვოდ და გვთხოვეს, ყურადღება მივაქციოთ. ლაპარაკია 2010 წლის 21 ნოემბერს "ვიტ ჯორჯიასა" და ცხინვალის "სპარტაკს" შორის გამართულ შეხვედრაზე (0:1), მეორე 1 დეკემბერს იმავე გუნდებს შორის თასზე "ვიტ ჯორჯიას" გამარჯვებით დასრულდა (2:1). ასევე საეჭვოდ ჩათვალეს 12 თებერვალს ჩემპიონატის მატჩი ფოთის "კოლხეთსა" და "სამტრედიას" შორის (2:1)). "ვიტ ჯორჯიასა" და "სპარტაკის" სათასო შეხვედრის შედეგიც კი წინასწარ იყო განსაზღვრული.

უეფას წერილში იყო დეტალური ამონაწერი აზიური ტოტალიზატორებიდან, ამ შეხვედრებში რომელ წუთზე, რა ცოცხალი ფსონი იდებოდა. ჩვენ საკითხი უნდა გამოვიძიოთ და უმოკლეს ვადაში უეფას პასუხი გავცეთ, რა მოხდა. ჩენთვისაც ცნობილი იყო რაღაც, მაგრამ, ცხადია, მოთამაშეთა დაკავებამდე ასეთ დეტალებს არ ვფლობდით. ისე, ამერიკელები "ოსკარით" ალ პაჩინოსა და რობერტ დე ნიროს რომ აჯილდოებენ, ჩვენ ეს პრიზი როინ ონიანს უნდა გადავცეთ. არ მეგონა, ასეთი მსახიობი თუ იყო.

ჩვენი სურვილია დღეს სატკივარზე ვილაპარაკოთ, სად მივდივართ და რა ვქნათ.

არჩილ არველაძე: - მატჩებს ყველგან აწყობენ, მაგრამ მომხდარის გამო მრცხვენია. ჩვენი ფეხბურთის სახელს უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, ზოგი უნდა მოიკვეთოს, ახალგაზრდებს კი გამოსწორების საშუალება მივცეთ. ზოგს ეს გამოუცდელობითა და უტვინობით მოუვიდა.


ვეტერან ფეხბურთელთა შეკრება ხმაურიან დაპირისპირებაში რევაზ ძოძუაშვილის გამოსვლის შემდეგ გადაიზარდა:
- ფეხბურთს ცნობილი ვეტერანები სწორედ მათ ჩამოგვაშორეს, ვინც ეს სენი დანერგა. აქ ჩუმად არიან ისინი, ვისაც სიტყვა ეთქმის. მაინცდამაინც ფიფამ და უეფამ უნდა გვითხრას, რომ მივხვდეთ? ეს მწვრთნელს არ უნდა ეპარებოდეს, მაგრამ ყველამ ვიცით, მათზე ლიცენზიას ვინ გასცემს. მიუშვით სადავეებთან ფეხბურთელები, მსაჯები, მწვრთნელები და აღარ იქნება ეს პრობლემები. ვინ არის ამ სცენარის დამწერი? ჩვენ გარდა საქმის გამკეთებელი ვინ არის?

ერთხელ ფეხბურთელი, რომელიც ფორმაში არ იყო, იაკუშინმა ძირითადში დააყენა. სთხოვეს, შევცვალოთო და იუარა, უნდა იწვალოსო. ჩვენ, ძველი ფეხბურთელები რომ ჩამოვიშორეთ, იმიტომაც გვაქვს საქმე კარგად, ჰოდა, ახლა ღირსები ხართ და უნდა იწვალოთ. თქვენც უნდა მიხვდეთ, დიდი ფეხბურთი ცოდნით, პროფესიონალიზმით, გამოცდილებით, მხოლოდ დიდი ფეხბურთელებიდან მოდის.

ლაპარაკისას ძოძუაშვილმა ხელი გაიშვირა იქით, სადაც ისხდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ფედერაციის გენერალური მდივარი რევაზ არველაძე, ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე ჩივაძე, გია ფირცხალავა და საპატიო ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ ხურცილავა.

ზვიად სიჭინავა: - ვინ, ამათ უნდა იწვალონ? ჩივაძე არ იყო დიდი ფეხბურთელი, ხურცილავა თუ ქეცბაია?

ლადო ვარძელაშვილი: - ეტყობა, ჩემზეა ლაპარაკი.

ძოძუაშვილი: - ჩემნაირი ბევრი გყავს, ხურცილავასა და ჩივაძეს რომ ამბობთ, ძოძუაშვილი რატომ არ დაიყენეთ გვერდით? ჰოდა, იწვალეთ, ღირსები ხართ. (სიჭინავას) შენ აქ სხვა რამეზე ხარ მოსული, იმას ვგულისხმობ, ვინც დუროვის ცირკში მუშაობდა, ცირკაჩი.

ძოძუაშვილის აგდებულმა ტონმა სიჭინავა ააღელვა: - მე იქაც პროფესიონალი ვიყავი და აქაც. შენ ცოტა ჭკვიანურად ილაპარაკე, ნუ "ბლატაობ".

მათ შორის ხალხი რომ არ ჩამდგარიყო, ვინ იცის...

ვარძელაშვილი: - აქ იმის გასარკვევად არ მოვსულვართ, სად იმუშავებს ძოძუაშვილი. ქართული ფეხბურთის სატკივარი უნდა განვიხილოთ.

ძოძუაშვილს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია შეეპასუხა:
- მე გავცემ ძოძუაშვილს პასუხს. ეს ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი არავის სჭირდება. 20 წელია ხმა არ ამოგიღიათ, ვისაც დიდი ფეხბურთი გითამაშიათ და ქართულ ფეხბურთს ამიტომ ეტირა დედა. მხოლოდ ახლა ამოიღეთ ხმა, როცა საქმე გაფუჭდა. ფეხბურთს მოედნები და უამრავი სტადიონი რომ წაართვეს, სად იმალებოდით? იყავით სადღაც მიყუჟულები და ელოდებოდით, როდის რა მოხდებოდა. ასე სადაა, ძმაო...

ქეცბაიას ვახტანგ კოპალეიშვილი და გოჩა მაჩაიძე არ დაეთანხმნენ, სხვა ვეტერანი ფეხბურთელებიც შეეპასუხნენ. უთხრეს, ჩვენ ადრეც ვიღებდით ხმასო.

დარბაზში ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ფედერაციის ხელმძღვანელთა მოთხოვნით შეკრება ჟურნალისტებისთვის დაიხურა. თუმცა შევიტყვეთ, რომ დუღილის ტემპერატურა არ დაცემულა. დახურულ დარბაზში მდგომარეობა ისევ ძოძუაშვილის მონაწილეობით დაიმუხტა, რომელიც ამჯერად არჩილ არველაძეს ეკვეთა.

გულდასაწყვეტი იყო, ისეთი ხმები გამოდიოდა დარბაზიდან, სადაც თითოეული ჩვენგანისთვის სათაყვანო ადამიანები ფეხბურთზე სალაპარაკოდ შეიკრიბნენ, სინამდვილეში კი ჩხუბამდე ცოტა დააკლდათ. თუმცა, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ვფიქრობ, საფეხბურთო სამყაროს ასეთი ემოციური და გულახდილი ლაპარაკი სჭირდებოდა. ვითომ აკადემიურ, სინამდვილეში კი ფუჭ, არაფრისმომცემ, ფარისევლურ ლაპარაკსა და წაყრუებას შედეგი არასოდეს მოუტანია.

საბოლოოდ, შეხვედრაზე მედია მაინც დაუშვეს, მაგრამ ამ დროისთვის ვნებები ჩამცხრალიყო. ვითარება ლადო ვარძელაშვილმა განმუხტა, რომელმაც პირობა დადო, რომ სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გამოვლენილ შემთხვევებთან დაკავშირებით უმკაცრეს ზომებს მიიღებს.

სიჭინავას თქმით კი, უახლოეს დღეებში უეფას მოთხოვნებისა და არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით ფედერაცია კონკრეტულ ზომებს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩემპიონატში ნახევარი გუნდები რომ უპულოდ თამაშობს,ასეთი ამბავი არ იყო მოსალოდნელი?35 წლის ონიანი უხელფასოდ პერსპექტივისთვის თამაშობდა თუ,ყანისმაგვარ მინდვრებზე,2 ათეული,ფეხბურთელების დედის მაგინებელი მაყურებლის ხათრით?და ეს არ იცოდნენ მწვრტნელებმა?და ერთი კიდე,ამატი არ დაჭერა და პატიება თუ შეიდლებოდა მაშინ დემეს რას ერჩოდნენ?ისე ამ 20 წლის მანძილზე არც ქეცბაიას განგაში ზარები და ამოღებული ხმა მახსოვს ვიღუპებითო.
davit berekashvili
22:01 04-05-2011
0
ეხლა ვსხედვართ ჩემთან მე, ვანო, გელა და კომპანია და გულიანათ ვიცინით, ჰა, ჰა, ჰა...
ეს რა მაგარი პაპეტმასტერები ვართ, როგორ ვათამაშებთ ამ ხალხს ჩვენს დაკრულზე! მოგვიანებით კბილებით მასაჟს გამიკეთებს ვერა და ყველეფერი ისეა როგორც დაგიბარებიათ ... ქართული ფეხბურთი, ჰაჰაჰა, ამათ გონიათ ფეხბურთის განვითარების საშუალებას მივცემთ, სასაცილოა, კარგი ცირკია :) ეჰ, წავედი ეხლა ვერასთან...
პრეზიდენტი
05:39 05-05-2011
0

სიახლეები პოპულარული