"მაოხრებელი გზირი" - არალეგიტიმური ნოდარ ახალკაცი, უმცროსი

AutoSharing Option
ჩაწყობილი თამაშების თემა დღეისათვის არა მხოლოდ ქართულ ფეხბურთში, არამედ მთლიანად ქვეყნის ცხოვრებაში ყველაზე აქტუალურია. სამართალდამცავებმა უკანონო გარიგებებში მონაწილე ორგანიზებული ჯგუფი გამოავლნიეს, ჩვეული მეთოდებით მოხდა დანაშაულის გახსნა და ინფორმაციის საზოგადოებისთვის "შოუს" ფორმატში მიწოდება. 2 მაისის ყველა საინფორმაციო გადაცემა ქართულ, და არა მარტო ქართულ, მედიასივრცეში სწორედ ხსენებული თემით დაიწყო.

ჩაწყობილი თამაშები თითქმის ყველამ დაგმო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს ადამიანები საუბრობდნენ ისე, თითქოს ეს პირველი შემთხვევა ყოფილიყო და მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე ქართულ ფეხბურთში უკანონო გარიგებები მხოლოდ დღეს ხდება.

გასაოცარია, რომ
ჯოხის გადატეხვა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებზე ხდება, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ვიდეოში ვიხილეთ. საოცარია ასევე, რომ არავის გახსენებია ჩვენი ფეხბურთის უახლოესი წარსული, თურმე უკანონო გარიგება მხოლოდ კონკრეტული ფეხბურთელის ქმედებაში გამოიხატება, თურმე ქართულ ფეხბურთს მხოლოდ როინ ონიანის მიერ აუტზე გადაგდებული ბურთი ანგრევს და ამ შემზარავ საქციელთან შედარებით, ნოდარ ახალკაცი უმცროსი ფრთიანი ანგელოზია.

სანამ გიორგი ბეჭვაიას და როინ ონიანს ქართული ფეხბურთი საბოლოოდ "დაუნგრევიათ", ნოდარ ახალკაცის "საგმირო საქმეების" გავიხსენოთ.

ნოდარ ახალკაცი-უმცროსი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზარ-ზეიმით დანიშნეს (და არა აირჩიეს), მან, პრაქტიკულად, პირველივე განცხადებაში აღნიშნა, რომ ძველი ფედერაცია არაფერს აკეთებდა და მხოლოდ ფულის კეთებაზე იყო გადასული. ახალკაცს ფედერაციის ძველმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ არ უპასუხა, მაგრამ როცა უმცროსმა ახალკაცმა ეს კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა, ჟორდანიამაც ხმამაღლა თქვა - იმას რატომ არავინ ამბობს, რომ მე ფედერაცია მილიონ-ნახევრიანი ვალით გადავიბარე, ახალმა პრეზიდენტმა კი წელში გამართული ფედერაცია ჩაიბარა, სტრუქტურა, რომელსაც ვალი არ ჰქონიაო. ჟორდანიამდე ფედერაციის პრეზიდენტი უფროსი ნოდარ ახალკაცი იყო... უმცროსი ნოდარ ახალკაცის "მოღვაწეობის" დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის ვალი 9 876 840 ლარს შეადგენდა.

ყველაზე საინტერესო ერთი გარემოებაა - ზვიად სიჭინავა, რომელიც ორშაბათს საღამოს ონიანს და ბეჭვაიას რამდენიმე ათასი ლარის აღების გამო ლამის დედას აგინებდა, რამდენიმე თვის წინ ნოდარ ახალკაცის საქმიანობის შეფასებისას, ასეთ კომენტარს აკეთებდა, - "რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა დაისაჯოს ამ ვალების გამო, ვფიქრობ, რომ ეს არ არის იურიდიული პასუხისმგებლობის საქმე. ეს არის არასწორი მენეჯმენტი და მართვა."

თურმე, თუ ადამიანი მილიონებს არასწორად განკარგავს და საბიუჯეტო ორგანიზაციას აზარალებს, ეგ მენეჯმენტის პრობლემაა და თუ ბეჭვაია ბურთს არასწორად გადააგდებს აუტზე, ეს - სამშობლოს ღალატი.

სად არის დღეს ნოდარ ახალკაცი, არავინ იცის, მაგრამ ყველა კარგად ვხედავთ, რა უქნა მან ქართულ ფეხბურთს. მისი მოღვაწეობის პერიოდში მოწვეულ იქნა მსოფლიოს ორი ყველაზე ძვირადღირებული სპეციალისტი, რომლებსაც მილიონები გადაუხადეს, ამ დროს კი საქართველოს ეროვნული ზედიზედ ორჯერ გავიდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ქვეჯგუფებში ბოლო ადგილზე.

გავიხსენოთ 2007 წლის 13 მაისი, რომელიც, ალბათ, ყველაზე სამარცხვინო იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ზუსტად 4 წლის წინ, 2007 წლის მაისში, ნოდარ ახალკაცმა არჩევნები პირწმინდად წააგო გიორგი ნემსაძესთან, თუმცა ის არ გაუშვეს.

ის, რაც მაშინ მოხდა "ქორთიარდ მერიოტში", ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ხელმძღვანელი რგოლების არჩევის დროს, წარმოდგენის ყოველგვარ საზღვარს სცილდება.

საერთოდ, პირველად, ასე ცალსახად და გადაჭრით, სწორედ მაშინ აგრძნობინა ხალხს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ქვეყანაში აღარავითარი არჩევნები - არც სპორტში, სხვა ორგანიზაციებში თუ საქვეყნო - აღარ იქნებოდა. უნდა ითქვას, რომ ახალკაცს არ აკლდა სახელისუფლებო მხარდაჭერა და ფინანსური უზრუნველყოფა, მაგრამ პოსტზე ადამიანის ნაძალადევად გათრევის შემთხვევაში, შედეგი სწორედ ისეთია, რამაც გუშინ წინ მთელი საქართველო გააოგნა.

ნოდარ ახალკაცმა ხუთი ბედნიერი წელი გაატარა ქართულ ფეხბურთში, ქართულმა ფეხბურთმა კი ამდენივე უბედური წელიწადი მის ხელში.

P.S. მომიტევოს ნოდარ ახალკაცი-უფროსის სულმა. ამ დიდმა მწვრთნელმა გაანგრია რუსული კედელი და ევროპას ქართული გენია აჩვენა. მაგრამ, როგორც შვილები არ აგებენ პასუხს მამების შეცდომებზე, ისე შვილებისთვის მამების ღვაწლი ინდულგენცია არ არის. ვიდრე ნოდარ ახალკაცი, უმცროსის შეცდომები და მისი მმართველობისდროინდელი ფინანსური მაქინაციები საფუძვლიანად არ იქნება შესწავლილი, ქართული ფეხბურთის აღორძინება ისევ მითად და ზღაპრად დარჩება, ხოლო ელიტური კორუფცია კიდევ მრავალი წელი იქნება ჩვენი დასავლეთელი მეგობრების რჩევების მთავარი თემა.

ლევან მარტაძე (გაზეთი "ბანკები და ფინანსები")
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხალხნო გამოირეცხეთ თვალები!
ეს არის გათახსირებული "მაზავშიკი"არველაძეების საკუთრება რასაც თქვენ ფეხბურთის ასოციაციას უძახით,სანამ ეგენი არ წაბრზანდებიან მაგ სისტემიდან ფეხბურთს მომავალი არ უჩანს
vova
20:24 05-05-2011
0
ახალკაცი გამოუცდელი კი არა, მერაბ ჟორდანიასნაირი არაკაცი იყო.უბედურება ისაა რომ კანონის წინაშე პასუხი არცერთმა აგო.
dima
19:47 05-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული