ვინ დგას დავით გაბედავას უკან?

AutoSharing Option
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ფეხბურთელების გამოვლენას საზოგადოებაში, ბევრი სხვა შემთხვევისგან განსხვავებით, ცალსახა მხარდაჭერა მოჰყვა, რადგან ქართულ ფეხბურთს სჭირდებოდა ის, რასაც ფეხბურთის ფედერაცია და მედია საკუთარი ძალებით ვერასოდეს გააკეთებდნენ.

ცხადია, მომხდარით გულშემატკივარი გაოგნებულია.

- ყველა სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. საერთოდ, ფიქრობდნენ მაგ დროს გულშემატკივარზე? მესმის, უჭირთ, მაგრამ ასეთი გზით ფულის შოვნა როგორ შეიძლება?

- სირცხვილი ყველას, ვინც ამ უზნეობაში მონაწილეობდა. კარგი იქნებოდა, ადრე დაეწყოთ ამის წინააღმდეგ ბრძოლა. იმედია, საქმე არ ჩაიფარცხება.

ბევრი თვლის, რომ მომხდარმა ეროვნული ჩემპიონატის მიმართ ისედაც
მცირე ნდობა სულაც ნულამდე დასცა - როცა ასეთი ამბები მჟღავნდება, სხვაგვარად არც იქნება.

არიან ისეთებიც, ვისი აზრითაც ეროვნულ ჩემპიონატს ახლა არც ერთი ბიზნესმენი აღარ გაეკარება. ამასთან დაკავშირებით საინტერესოდ გვეჩვენა "ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტ ლევან ფხაკაძის სიტყვები.

"მგონია, რომ სიბინძურეების გამოვლენა ფეხბურთის განვითარებას სერიოზულ ბიძგს მისცემს. ეს ამბავი რომ ასე არ დასრულდება, ცხადია. მაგრამ ამ საქმით ყველას აჩვენეს, რა ხდება ჩვენს ფეხბურთში. მაგრამ ის არ დაიღუპება, პირიქით, ეს ამბები შემოტრიალების დასაწყისი უნდა გახდეს. გაკეთდა კეთილი ნების ჟესტი, როდესაც დაკითხვაზე მყოფნი გაათავისუფლეს. ეს იყო მინიშნება, იცხოვრეთ და ითამაშეთ ნორმალურადო და თუ ამ საქმეში გარეული სხვა ადამიანები მერეც ვერაფერს მიხვდებიან, არავის აღარ მოეფერებიან" - თქვა ფხაკაძემ.

ფეხბურთი ყოველთვის იყო და იქნება ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი სპორტის სახეობა ბიზნესისა და ტოტალიზატორებისთვის და ამ ინტერესს გარიგებული მატჩებიც ვერ შეანელებს. სხვაგვარად ფეხბურთს მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტი ბიზნესპარტნიორი არ ეყოლებოდა და ყველაზე შემოსავლიან ბიზნესთა შორის ვერ მოხვდებოდა.

როდესაც თამაში სიბინძურისგან გაიწმინდება, ის ბიზნესისთვის უფრო საინტერესო გახდება და, რაც მთავარია, ეს ჩვენი ჩემპიონატის დონის გაზრდას შეუწყობს ხელს - გარიგებული მატჩები სამსახიობო ნიჭის გამოვლენას უწყობს ხელს, წესიერი მატჩები კი - ფეხბურთელთა ზრდას.

ასე რომ, ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის საინტერესო არის არა მხოლოდ მანიპულატორების და მათთან გარიგებული ფეხბურთელების გამოვლენა, არამედ მთავარი - ვინ დგას მათ უკან? გვენიშნა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას სიტყვები - ამ საქმეში, შესაძლოა, 30 გაბედავა იყოსო.

უნდა ვივარაუდოთ, რომ უარეს ამბებს შევიტყობთ. "იმედს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილის მინიშნებაც გვაძლევს, ეს ხუთი ფეხბურთელი მარტო ვერაფერს გააკეთებდაო. ისიც ითქვა, გარიგებულ მატჩებში 125 ფეხბურთელი მონაწილეობდაო, სულ ჩემპიონატში დაახლოებით 350-მდე ფეხბურთელი მონაწილეობს და ძნელი წარმოსადგენი არ არის, დამტკიცების შემთხვევაში ეს რამხელა მასშტაბის სკანდალში გადაიზრდება.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ინგლისური ტოტალიზატორი "სპორტინგბეტი", "ბეთ ენდ ვინი" და BET365 ცოცხალ ფსონებს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მატჩებზეც იღებდა. ამ მატჩებით არც მედია ინტერესდება, არც გულშემატკივარი და ტოტალიზატორთა ასეთი ყურადღება რას მივაწეროთ?

და მთავარი: გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის დაისჯებიან თუ არა გუნდები? ნაკლებად სარწმუნოა, რომ ამაში გუნდები გარეული არ იყვნენ. ქართული ფეხბურთის "რვაფეხას" საიდუმლოს გასაღები ამ პასუხში იმალება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული