ორი თვე ახალ ევროსეზონამდე

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონი გადამწყვეტ ფაზაშია და მალე ევროპის ყველა ქვეყანაში გაირკვევა ჩემპიონ-პრიზიორთა და ევროტურნირებზე გამსვლელთა ვინაობა. უეფამ სეზონის დაწყებამდე დაადგინა, რომელ ქვეყანას რამდენი ადგილი ეკუთვნის ევროთასებზე და საქართველოს კვლავ ოთხი კვოტა გამოუყო - ერთი ჩემპიონთა ლიგაზე, სამიც - ევროპის ლიგაზე. მოდი, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელთა ევროკალენდარს გავეცნოთ და სამომავლო პერსპექტივებზეც ვიმსჯელოთ.

2011-2012 წლების ევროსეზონი 29 ივნისს დაიწყება. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში რეიტინგითYოთხი უსუსტესი ქვეყნის (სან მარინო, მალტა, ანდორა, ჩერნოგორია) ჩემპიონები დაწყილდებიან და მეორე ეტაპზე გასულ ორ კლუბს გამოავლენენ, მეორე რაუნდში კი
შედარებით ძლიერი ქვეყნების ჩემპიონები მოიყრიან თავს. საქართველო ევროპის საკლუბო რეიტინგში, რომელშიც უეფას წევრი 53-ივე ქვეყნის საევროთასო მიღწევებია დაჯამებული, 38-ე ადგილზეა, რაც განთესილთა შორის მოსახვედრად საკმარისი არ არის. ბულგარეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, ავსტრია, სერბეთი, ისრაელი, კვიპროსი, შვედეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ხორვატია, ფინეთი, ლიტვა, ირლანდია, ლატვია, სლოვენია - ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთის ჩემპიონთან მოუწევს საქმის დაჭერა საქართველოს საუკეთესო კლუბს და თავად განსაჯეთ, ვისთან გვიჯობს დაწყვილება.

ფაქტია, რომ ბრძოლა ყველასთან შეიძლება, თუმცა ჩამოთვლილთაგან რამდენიმე ისეთი ქვეყანაა, მის ჩემპიონთან დაპირისპირება უფრო სასურველი რომ იქნება. ამ ეტაპიდან გავარდნილი ევროპის ლიგაზე ასპარეზობას ვერ აგრძელებს, სამაგიეროდ, თუ ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდამდე გავაღწიეთ, იქ მარცხი ევროპის ლიგაზე გადაგვიყვანს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად კი ჩვენი დონის ქვეყნებისთვის სამი რაუნდის გადალახვაა საჭირო. საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე 13 ან 14 და 20 ან 21 ივლისს ითამაშებს.

გადავინაცვლოთ ევროპის ლიგაზე, სადაც საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და მესამეადგილოსანი ბრძოლას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებენ. იქ ისინი განთესილთა შორის იქნებიან და მატჩებს 1 და 8 ივლისს ჩაატარებენ, მეტოქეებად კი რეიტინგით უსუსტესი ქვეყნების პრიზიორები ეყოლებათ.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან კი ევროპის ლიგაში თასის მფლობელები (ან ან ფინალში ჩემპიონთან დამარცხებულები) ჩაერთვებიან და მათ შორის იქნება საქართველოს წარმომადგენელიც. ქართულ კლუბებს ამ ეტაპზე გაცილებით სოლიდური, რეიტინგით ოდნავ მაღლა მდგომი ქვეყნების გუნდები დაუპირისპირდებიან.
ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე მისასვლელად საკვალიფიკაციო ეტაპების (სულ სამია) გადალახვა და პლეი ოფში გამარჯვებაა აუცილებელი.
ქართული კლუბების შარშანდელი ევროასპარეზობა ნორმალურად უნდა შევაფასოთ. მართალია, რუსთავის "ოლიმპი" ჩემპიონთა ლიგას თავიდანვე გამოეთიშა ყაზახურ "აქტობესთან" მატჩებში და "ვიტ ჯორჯია" ევროპის ლიგაზე ჩეხურ "ბანიკთან" შერცხვა, მაგრამ სამაგიეროდ, იმავე ტურნირზე "დინამომ" და "ზესტაფონმა" ორ-ორი ეტაპი დამაჯერებლად გადალახეს.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის სასტარტო ეტაპების წილისყრა 21 ივნისს გაიმართება.

ევროპის საკლუბო რეიტინგის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება: 1. ინგლისი, 2. ესპანეთი, 3. იტალია, 4. გერმანია, 5. საფრანგეთი, 6. რუსეთი, 7. უკრაინა, 8. ჰოლანდია, 9. რუმინეთი, 10. პორტუგალია.

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი სამი ქვეყანა ოთხ-ოთხი კლუბით იქნება წარმოდგენილი, მომდევნო სამი - სამ-სამით, 7-დან მე-16 ადგილებზე მყოფი ქვეყნები კი - ორ-ორით. ათეულში შემავალი რუსეთის, უკრაინის, ჰოლანდიის, რუმინეთისა და პორტუგალიის გარდა, ეს პატივი წილად თურქეთს, საბერძნეთს, შოტლანდიას, ბელგიასა და შვეიცარიას ხვდათ წილად.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად ხვდება ინგლისისა და ესპანეთის სამ-სამი, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის ორ-ორი და უკრაინის, ჰოლანდიის, რუმინეთის, პორტუგალიის, თურქეთის, საბერძნეთისა და შოტლანდიის თითო კლუბი.

რაც შეეხება ევროპის ლიგას, მის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფებში მესამე ადგილზე გასული გუნდები მოხვდებიან, ამ ტურნირზე ყველაზე მეტი, ოთ-ოთხი წარმომადგენელი კი უკრაინას, ჰოლანდიასა და რუსეთს ეყოლებათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული