სამარცხვინო ბოძი: ანტირეკორდი

AutoSharing Option
პირდაპირ ვთქვათ, გასული კვირა სამარცხვინო ლაქად დარჩება ქართული სპორტის, განსაკუთრებით კი ჩვენი ფეხბურთისა და კალათბურთის ისტორიაში. ჯერ ფეხბურთზე, უფრო სწორად, ფეხბურთელებზე ვთქვათ. არა გვგონია, ქართულ ფეხბურთში რაც მოხდა, იმაზე უფრო ღრმად უარყოფითი კვალი არ დატოვოს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

სპორტი გულგრილს არავის ტოვებს, მით უფრო, როცა მოვლენების ეპიცენტრში შენი რაიონის თუ ქალაქის გუნდი - განსაკუთრებით ფეხბურთია. საქართველოში ადამიანები ყველგან მოუთმენლად ელიან ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ყოველ მომდევნო ტურს. ქომაგები გათამაშების ცხრილს ჩაჰკირკიტებენ, აანალიზებენ, ბჭობენ, ვარაუდობენ, ნერვიულობენ, ხარობენ... და ამ დროს, თურმე ფიქციაა ყველაფერი
- ფარული შეთქმულება-გარიგებების ხაფანგში გაბმული მსხვერპლი ყოფილა ალალი გულშემატკივარი.

და, როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ გაჰყვება კიდევ ფეხბურთით მღელვარების ჟინი მათ, ვინც ასე მწარედ მოატყუეს? კი ბატონო, ვამბობთ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, მაგრამ დავფიქრებულვართ, რამდენი დრო დასჭირდება და რა მანძილია გასავლელი, ვიდრე ჭირი სასარგებლოდ შემოგვიბრუნდება? ნეტარ არიან მორწმუნენი!

ქართულ ფეხბურთში თავჩენილი უბედურება არ გვქონდა გამოტირებული, რომ ჩვენმა კიდევ ერთმა სიამაყემ - კალათბურთმა "გვასახელა", თანაც როგორ. ბარაქალა მას, ვინც ისეთ ფაქტს გაიხსენებს, რისი მოწმენიც გასულ შაბათს გავხდით კალათბურთში სუპერლიგის გათამაშებაში შსს-"სოხუმის" მატჩის მსვლელობისას. ვერა, ვერ გაიხსენებს, სპორტის ისტორიამ არ იცის, არა მარტო კალათბურთში, საერთოდ, მოედანზე ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს მსაჯი... ქალისთვის.

ვფიქრობთ, ასეთ რამეს "მაზავშჩიკებთან" შეკრული ფეხბურთელიც არ იკადრებდა, არანაირ საფასურად არ შეირცხვენდა თავს, მსაჯ ქალს მოედანზე ცხვირპირს არ ჩაუმტვრევდა. მეტიც, ვინმე "მაზავშჩიკს" რომ ფარული კონკურსი გამოეცხადებინა საშინელებათა სცენარზე, ასეთ რამეს ვერანაირი "თავზეხელაღებული სცენარისტიც" ვერ მოიფიქრებდა.

მაგრამ ჩვენ ხომ ყველაფერში ორიგინალურები ვართ და, აჰა, ერთი ანტირეკორდიც მივითვალეთ.

თენგიზ გაჩეჩილაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული