"ირაო" ბავშვების სამსახურში

AutoSharing Option
ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო სკოლა "ირაო" საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა "ფეხბურთი ბავშვებს", გია მაღრაძემ, ნიკოლოზ დოლიძემ, გრიგოლ ცაავამ და ლევან ყიფიანმა 1998 წლის 10 სექტემბერს დააფუძნეს. მას შემდეგ სკოლამ დიდი ფეხბურთისკენ ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას გაუკვალა გზა. მისი აღსაზრდელები საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების შემადგენლობაშიც ასპარეზობენ.

სასაუბროდ საფეხბურთო სკოლა "ირაოს" დირექტორ პეტრე ცაავას ვესტუმრეთ.

- საფეხბურთო სკოლის ტერიტორია თავდაპირველად საპატრიარქოს ეკუთვნოდა, მოგვიანებით მათ ბავშვებისთვის მოედნის მოსაწყობად მიწის ეს ნაკვეთი გვაჩუქეს. დღეს სკოლაში 2000-2005 წლებში დაბადებული ასი ბავშვი ვარჯიშობს.

- აღსაზრდელებთან რამდენი მწვრთნელი მუშაობს?

-
სკოლას სამწვრთნელო ლიცენზიის მქონე სამი მწვრთნელი ჰყავს - ირაკლი ოქიტაძე, ზაალ მაღრაძე და ლევან ანდღულაძე.

- სკოლაში სწავლა რა ღირს?
- გადასახადი თვიურად 40 ლარია. ამ თანხაში ბავშვების სპოტული ინვენტარით მომსახურება, კომუნალური გადასახადებისა და მწვრთნელთა სახელფასო ხარჯების დაფარვაც შედის. აღსაზრდელებს შორის სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებიც არიან, ისინი სწავლის საფასურს არ იხდიან.

- "ირაოს" მოედანმა არაერთ ტურნირს უმასპინძლა.
- პატარა ფეხბურთელები ხელოვნურსაფრიან არასტანდარტულ მოედანზე იწვრთნებიან. ვარჯიშებისგან თავისუფალ დროს ჩვენს მოედანს კომპანიები ქირაობენ და საფეხბურთო ტურნირების უმეტესობა აქ იმართება. ტერიტორიიდან გამომდინარე ეს მოედანი ყველას იზიდავს.

- საფეხბურთო სკოლებმა სალიცენზიო შემოწმება გაიარეს, თქვენთან როგორ არის საქმე?
- ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომისიამ ჩვენი სკოლაც მოინახულა. მოთხოვნათა შორის იყო საშხაპე-გასახდელები, მწვრთნელთა და სამედიცინო ოთახები. ამ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ, რადგან სკოლას სპორტული ლიცენზიის მქონე პედიატრიც ემსახურება.

- თქვენი სკოლის აღსაზრდელები შემდგომ სხვა სკოლებში გადადიან.
- დიდი სურვილი გვაქვს, არსებულ მინიმოედანს ერთი სტანდარტულიც დაემატოს, რაც სკოლის აღსაზრდელებს საშუალებას მისცემს, "ირაოშივე" დარჩნენ.

სალომე ხარატიშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული