ის რომ გაეტანა...

AutoSharing Option
29.07.10. გრაცი. ლიბენაუ. 4 000 მაყურებელი
შტურმი-დინამო    2:0
1:0 ფელდჰოფერი (49), 2:0 კინასტი (59)
შტურმი: გრატცაი - შტანდფესტი, შილდენფელდი, ფელდჰოფერი, პიურხერი - ჰიოლცლი (87. ერენრაიხი), ვებერი, კინცლი, ბუკვა (79. ჰაასი) - ჟაბიში, კინასტი (77. მურატოვიჩი)
სათადარიგოები: კავლინა, ბურგშტალერი, კაინცი, ფოდა
დინამო: ლორია - კახელიშვილი, თომაშვილი, კაკუბავა, ხმალაძე - ჯუისი, ედნილსონი, ფირცხალავა (60. რობერტინიო), კოშკაძე - თექთურმანიძე - მეტრეველი (86. სიხარულიძე)
სათადარიგოები: შეყრილაძე, მამუჩაშვილი, ლექვთაძე, გ. გველესიანი
გაფრთხილება: ფირცხალავა (52), კინცლი (90)
არბიტრი: ჰ. კაასიკი (ესტონეთი)

პროგრამა-მაქსიმუმი შტურმამდე შესრულდა

გრაცის "შტურმი"
ევროპული საზომით საშუალო, ან იქნებ, საშუალოზე დაბალი დონის კლუბია, მაგრამ თბილისის "დინამომ" მისთვის რეალური პრობლემების შექმნა ვერ შეძლო. ავსტრიელებმა არცთუ შთამბეჭდავი და ხარისხიანი თამაშით მიაღწიეს იმ ანგარიშს, რომელმაც ისინი განმეორებითი მატჩის წინ წყვილის უდავო ფავორიტებად აქცია.

"დინამოს" ფეხბურთელებს მონდომებას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, მაგრამ ასეთი რანგის მატჩებში წარმატებისთვის მხოლოდ ეს არ კმარა. მთელი 90 წუთის განმავლობაში ქართველებმა მეტოქის კართან ერთი რეალური სახიფათო მომენტის შექმნაც ვერ შეძლეს. თუკი დაცვაში კახა კაჭარავას გუნდი ასე თუ ისე, ორგანიზებულად მოქმედებდა, წინა ხაზში "დინამოს" პრობლემები თვალში საცემი იყო. მართალია, დისკვალიფიცირებული მათე ვაწაძე მართლაც დიდი დანაკლისია, მაგრამ მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს მაინც მართებდათ შეტევაში რაიმეს მიღწევა. მით უფრო მაშინ, როცა საკუთარ კარში უკვე ორი გოლი ჰქონდათ მიღებული და ვალდებულნი იყვნენ, ბედი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ეძიათ. ისეთი შთაბეჭდილება იქმებოდა, რომ "დინამომ" უბრალოდ, არ იცოდა, როგორ უნდა დაეძაბა მდგომარეობა "შტურმის" ნახევარზე...

"დინამოში" რომ ზაფხულში სასიხარულო ბევრი არაფერი მომხდარა, ეს ქართველმა გულშემატკივარმა კარგად იცის. გუნდიდან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი წავიდა, რომლებსაც სრულფასოვანი შემცვლელები არ ჰყავთ. ყოველივე ამისგან გამომდინარე, ევროტურნირებზე ორი ეტაპის გადალახვა (თუნდაც არცთუ ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლაში) ახალგაზრდა დინამოელებს უკვე წარმატებად შეგვიძლია ჩავუთვალოთ, მაგრამ მაინც საწყენია, როცა უყურებ, როგორ უიმედოდ მარცხდება ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი არაფრით გამორჩეულ მოწინააღმდეგესთან. არ იქნებოდა სწორი, "დინამოსგან" უცილობელი გამარჯვება მოგვეთხოვა, მაგრამ ასე უსახურად დამარცხება მაინც გულსატკენია.

ძალიან გვინდა ვცდებოდეთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ "დინამოს" "შტურმის" ბარიერის დაძლევის მიზერული შანსიღა დარჩა. ბუნებრივია, 0:2 კატასტროფული ანგარიში სულაც არაა, მაგრამ ამაზე გაცილებით უარესია ის განცდა, რაც გუშინ ჩვენი გუნდის თამაშის ცქერისას დაგვეუფლა...

"შტურმის" ქომაგებმა სტადიონი სანახევროდ შეავსეს. მატჩი თავსხმა წვიმის თანხლებით წარიმართა, მაგრამ ტემპი მაინც საკმაოდ მაღალი იყო. პირველ ტაიმში მასპინძლებმა მხოლოდ ერთი სახიფათო მომენტი გააფუჭეს, შეხვდრის მეორე ნახევარი კი გაცილებით სანახაობრივი და შინაარსიანი გამოდგა.

თამაში ახალი განახლებული იყო, როცა "შტურმის" მიერ გათამაშებულ კუთხურს იოაჰიმ შტანდფესტის შეუჩერებელი დარტყმა მოჰყვა. გიორგი ლორიამ ბურთი ცხვირწინ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ფერდინანდ ფელდჰოფერმა დაასწრო და ანგარიში დაუბრკოლებლად გახსნა.

ფრანკო ფოდას გუნდი ამას არ დასჯერდა და იერიშები გაახშირა. 53-ე წუტზე ჰარის ბუკვამ მიზანს ახლოდან ააცილა, ორ წუთში კი "დინამოს" კარი ედნილსონმა იხსნა, რომელიც "შტურმის" კაპიტან მარიო კინცლის დარტყმულს გადაეფარა.
57-ე წუთზე კი ის ერთადერთი ეპიზოდი იყო, როდესაც "დინამოს" მეტოქის კარის დალაშქვრა შეეძლო. ჩვენდა სამწუხაროდ, აქ საქმე ხეირიან დარტყმამდეც კი არ მისულა. ვაწაძის შემცვლელმა ზვიად მეტრეველმა ალექსანდრე კოშკაძის გამოზომილი პასი მიიღო, მაგრამ ბურთს ფეხი კარგად ვერ მოუქნია და "შტურმის" კარის დარაჯმა კრისტიან გრატცაიმ სიტუაცია მშვიდად განმუხტა. ეს რომ გაეტანა...

დაუწერელი საფეხბურთო კანონი მალევე ამოქმედდა და კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს რომან კინასტმა თავი ზუსტად შეაგება - 2:0.
"შტურმი" მიღწეულით არ დაკმაყოფილებულა და შეტევები გააგრძელა, მაგრამ იგრნობოდა, რომ ავსტრიელები საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე არანაკლებ ზრუნავდნენ. არადა, საზრუნავი და სანერვიულო გუშინ მათ ბევრი არაფერი ჰქონიათ...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული