დარასელია კიდევ უნდა დაფასდეს

AutoSharing Option
რამდენიმე თვის წინ ცნობილი ქართველი მოქანდაკის, გოგი შხვაცაბაიას შემოქმედება გაგახსენეთ და ყურადღება იმ ნამუშევრებზე გავამახვილეთ, სპორტულ თემაზე რომ შეუქმნია.

შეგახსენებთ, შხვაცაბაიას ეკუთვნის "მშვიდობის ჩირაღდანი", რომელიც საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში დაიდგა 1992 წლის 5 ივლისს, ბარსელონის ოლიმპიადის გახსნამდე, ჰერას ტაძარში ოლიმპიური ცეცხლის დანთების დღეს.

ბატონი გოგის ცხოვრებაში სპორტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მამამისი, გიორგი შხვაცაბაია საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო მძლეოსნობაში და თავისი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ათლეტის სახელიც ჰქონდა.

ნიშანდობლივია, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი - "ლელო" სწორედ სპორტის თემაზე შექმნილი სკულპტურული ჯგუფია, რომლის
დადგმაც სპორტის სასახლის წინ იგეგმებოდა, მაგრამ საბჭოთა ბიუროკრატიზმის "წყალობით" პროექტი ჩაიშალა. სპორტის სასახლეს დღეს მისი კიდევ ერთი გამორჩეული ქმნილება, ლეგენდარული გივი კარტოზიას ბიუსტი ამშვენებს.

გიორგი შხვაცაბაიას განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული ფეხბურთისადმი გამოვლინდა მის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევარშიც - მიხეილ მესხის სკულპტურაში. მისი დადგმა იგეგმებოდა ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ გეგმა გეგმად დარჩა და ქართული საზოგადოებრიობა დღემდე ამაოდ ელის თავისი საყვარელი ფეხბურთელის სკულპტურას. დაბრკოლება ახლა უსახსრობაა.

სამაგიეროდ, განსაკუთრებულ ხარჯებს არ მოითხოვს ვიტალი დარასელიას რელიეფური პორტრეტის დადგმა. ავტორისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, სად განთავსდება მისი ქმნილება - რომელიმე სტადიონზე, სხვა სპორტულ დაწესებულებასა თუ ქუჩაზე, მთავარია, დიუსელდორფის მატჩის გმირის გამოსახულებამ დღის სინათლე იხილოს. ჩვენი მხრივ ვიტყოდით, რომ დარასელიას გამოსახულება ყველაზე მეტად ეროვნულ სტადიონს მოუხდება.

ვიტალი დარასელიას რელიეფური პორტრეტი ბერძნული მონეტის სტილშია გადაწყვეტილი. ავტორის თქმით, ეს იდეა ლეგენდარული ფეხბურთელის ბერძნულმა პროფილმა შთააგონა. შხვაცაბაიას ნამუშევრის შექმნის იდეა ვიტალის ტრაგიკული დაღუპვიდან ცოტა ხანში გაუჩნდა და ჩანაფიქრი მალევე განახორციელა.

დღეს ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვებიდან 30 წელიწადი შესრულდა და ვიმედოვნებთ, ყველაზე ძვირფასი ქართული გოლის ავტორი კიდევ ერთხელ დაფასდება და მისი სახე ეროვნულ სტადიონს დაამშვენებს - მით უფრო, რომ ეს დაფასება დაინტერესებული ორგანიზაციის ბიუჯეტს, ფაქტობრივად, არ დააწვება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული