წაგებაზე მეტი ტკივილი, რომლის გახსენება ლოთარ კურბიუვაიტს დღესაც არ უნდა

AutoSharing Option
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების წევრი (66 მატჩი), 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ლოთარ კურბიუვაიტი იენის "კარლ ცაისის" კაპიტანი და გუნდის ლეგენდაა. იენელთა შემადგენლობაში 13 სეზონი და 357 მატჩი ჩაატარა, მაგრამ 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის "დინამოსთან" წაგებამ მასაც აურია კარიერა და გუნდის სხვა წევრებსაც.

კარიერის დასრულების შემდეგ მენჯერად მუშაობს, უმთავრესად, იენურ კლუბში. "კარლ ცაისის" კაპიტანი"დინამოს" მოწვევით თბილისშია და ინტერვიუც ჩამოვართვით, სადაც 13 მაისთან დაკავშირებული უცნობი ამბები მოგვითხრო.

- მოგებას ორი მხარე აქვს, საქართველომ გაიხარა, "კარლ
ცაისის" წევრები კი, როგორც ამბობენ, გდრ-ის მაშინდელმა მმართველმა ერიხ ჰონეკერმა მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდოთ, ლამის კაგებეს დავალების შესრულება დაგაბრალათ.
- სამწუხაროდ, ასე იყო. წაგებით ისედაც შეწუხებულები ვიყავით და ამას ჰონეკერის და შტაზის, კომუნისტური გერმანიის უშიშროების სამსახურის წნეხი დაემატა. რატომღაც ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ კაგებედან გვქონდა მითითება, მატჩი დაგვეთმო. ეს ჩვენი გუნდის წევრებისთვის უმძიმესი წლები იყო, რადგან დიდი ტკივილი მოგვაყენეს. დიუსელდორფის ფინალის წაგების შემთხვევაშიც ბანკეტი იყო დაგეგმილი, მაგრამ გააუქმეს.

- რეალურად რა მოხდა?
- რა მოხდა და, იმ დროის ერთ-ერთი უძლიერესი ევროპული გუნდი შეგვხვდა, რომელიც თასების თასის მაშინდელ გათამაშებაში ყველას ერთი თავით სჯობდა, აშკარად გამორჩეული იყო და, ცხადია, ჩვენც გვაჯობა. მაგრამ ამის გაგება არავის სურდა, არც იმის, რომ აღმოსავლეთ გერმანიის გუნდის ევროპული თასის ფინალში გასვლა უკვე დიდი წარმატება იყო, ამას ჩვენ კი არა, ბევრად უკეთესი კლუბები ვერ ახერხებდნენ. კომუნისტურ გერმანიაში ეს ვერ გაიგეს. "კარლ ცაისი" 70-იან წლებში უფრო ძლიერი იყო, მაგრამ რაც 1981 წელს შევძელით, ამის ნახევარიც ვერ მოახერხა. ესეც დაივიწყეს. ალბათ, იმიტომ, რომ მანამდე "რომასთან" სასწაული მოვახდინეთ, როდესაც იტალიაში 0:3 წაგებული მატჩის შემდეგ იენაში 4:0 გავიმარჯვეთ და მომდევნო წრეში გავედით. ამის შემდეგ გაუჩნდათ რწმენა, რომ თბილისის "დინამო" აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა.

- როგორ გახსენდებათ მაშინდელი "დინამო"?
- წინასწარ ვიცოდით, რომ ძლიერი გუნდი იყო, რადგან მაშინ თქვენებისთვის ტიტულები და ფინალში გასვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ისიც ვიცოდით, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ბევრი წარმომადგენელი გყავდათ, თამაშისთვისაც საგანგებოდ ვემზადებოდით, მაგრამ ობიექტურად ძლიერმა "დინამომ" გვაჯობა. ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც გუნდურადაც სწორად თამაშობდნენ, მოკლედ, ძალიან უხერხული მეტოქე შეგვხვდა. და რაც მთავარია, მაშინ გუნდს უძლიერესი მწვრთნელი ავარჯიშებდა.

ჩვენთვის ფინალი იმიტომაც იყო მძიმე, რომ ფედერაციულ გერმანიაში ვთამაშობდით, რაც ძალიან არ გვინდოდა. დიუსელდორფში ხომ "კარლ ცაისს" მხოლოდ 300 გულშემატკივარი გამოგვაყოლეს, ისიც სპეცმატარებლით.

- ეს 300 "გულშემატკივარიც" რეალურად შტაზის თანამშრომელ იყო?
- ვერ გეტყვით და სიმართლე გითხრათ, შტაზის გახსენებაც არ მსურს.

- მინდა იცოდეთ, გავა წლები და ბევრი იტყვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაში თასების თასის მოპოვებამ დიდი როლი ითამაშა, რადგან ხალხი მიხვდა, რომ ქართველს დამოუკიდებლადაც შეეძლო გამარჯვება და არა მხოლოდ ფეხბურთში.
- სხვათა შორის, მეც მაინტერესებს: მაშინ საბჭოელებად მიიჩნევდით თავს თუ მხოლოდ ქართველობდით?

- ქართველი ყოველთვის ცდილობდა, ქართველად დარჩენილიყო და საბჭოელად არ გადაქცეულიყო.
- იმიტომ გკითხეთ, რომ დიუსელდორფის მატჩამდე მეგონა, რუსეთის სამხრეთის ერთ-ერთი ქალაქის გუნდს ვეთამაშებოდით. მერე გავიგე, რომ, თურმე რუსები კი არა, სხვა ერი იყავით და რომ გერმანელებს უფრო გულშემატკივრობდით, ვიდრე რუსების ნაკრებს და კლუბებს, რაც ჩემთვის აღმოჩენა იყო.

- ცოტა ხნის წინ "კარლ ცაისი" მეორე ბუნდესლიგაში თამაშობდა და რამდენიმე ქართველიც აიყვანეთ - გიორგი სეთურიძე, ილია კანდელაკი, რევაზ ბარაბაძე.
- ისინი უფრო იმით დამამახსოვრდნენ, რომ ფატალურად არ უმართლებდათ და სულ ტრავმირებულები იყვნენ, მხოლოდ ილია კანდელაკი თამაშობდა, ის საკმაოდ საიმედო და მებრძოლი ფეხბურთელია.

- "კარლ ცაისი" ამჟამად მესამე ბუნდესლიგაშია. წინ წაწევაზე არ ფიქრობთ?
- გერმანელებს ყველაფრის დაგეგმვა გვიყვარს, დღევანდელი ბიუჯეტით კი უკეთეს ლიგაზე ვერც ვიოცნებებთ. ორი-სამი სეზონი მაინც უნდა ჩავატაროთ კარგად, სპონსორები ჩვენს პოტენციალში რომ დავარწმუნოთ, ბიუჯეტი გავზარდოთ და დაწინაურებაზე ვიფიქროთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული