Картули пехбурти гаумарджос!

AutoSharing Option
ცნობილი ამბავია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო რუსი საფეხბურთო კომენტატორი მიხაილ მელნიკოვი ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. მან 13 მაისის ზეიმზე თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლო, მაგრამ, სამაგიეროდ, საიუბილეო თარიღს გამოეხმაურა "ჩემპიონატ.რუ"-ზე გამოქვეყნებული თბილი წერილით, რომლის ბოლოშიც შეიტყობთ, როგორ აღნიშნა მან "დინამოს" ტრიუმფის 30 წლისთავი.

1981 წლის 13 მაისს საქართველოს მთავარმა გუნდმა თასების თასი მოიგო. თბილისის დროით უკვე 14 მაისი იყო დამდგარი. თამაში ღამის პირველ საათზე დასრულდა, დაჯილდოების ცერემონიალი რამდენიმე წუთს გაგრძელდა და როგორც კი ტელემაყურებელს კოტე მახარაძე დაემშვიდობა, მთელი თბილისი დაიძრა ლენინის (დღეს
პაიჭაძის) სახელობის სტადიონისკენ.

ხალხს იქ მიჰქონდა ღვინო, ხორცი, მწვანილი, ხაჭაპური... სტადიონის დირექტორს სასწრაფოდ მოუხდა სამსახურში გამოცხადება, ჭიშკარი რომ გაეღო. და მთელი ტერიტორია, მინდვრის, ტრიბუნებისა და სარბენი ბილიკების ჩათვლით, დიდ იმპროვიზებულ სუფრად გადაიქცა. "დინამოს" ტრიუმფმა მხოლოდ ის 70 ათასი ადამიანი კი არ გაახარა, რომელიც ამ გუნდის საშინაო თამაშებზე სისტემატურად დადიოდა, ზეიმში გაცილებით მეტი ხალხი მონაწილეობდა.

70-იანი წლების მიწურულისა და 80-იანების დასაწყისის "დინამო" იმ ხალხსაც კი მოსწონდა, ამ კლუბს რომ არ ქომაგობდა, "დინამოს" ისინიც კი გულშემატკივრობდნენ, რომლებიც მანამდე ფეხბურთს საერთოდ არ უყურებდნენ. ბევრი ადამიანი მინახავს, ვისაც უთქვამს: "ძველი სპარტაკელი (მოსკოვის დინამოელი, ტორპედოელი) რომ არ ვიყო, აუცილებლად თბილისის "დინამოს" ვუქომაგებდიო". თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებს ანტაგონისტები არ ჰყავდათ (ბუნებრივია, გამონაკლისს "არარატის" ქომაგები შეადგენდნენ).

უდიდეს ინტერესს იწვევდა "დინამოს" გასვლითი მატჩები. მეტოქე გუნდების გულშემატკივრების ნაწილი სტადიონზე მხოლოდ იმიტომ მიდიოდა, რომ ყიფიანი, გუცაევი და სხვა დინამოელები ენახა. და როცა ნოდარ ახალკაცის გუნდს ევროთასის მოპოვების შანსი გაუჩნდა, ქართულ ფეხბურთს პლანეტის მეექვსედი ქომაგობდა. და არა მარტო...

აი, ამბავი, რომელსაც დედაჩემი შეესწრო. რეჯო-ნელ-ემილიაში საბჭოთა თეატრალური მხატვრების დელეგაცია გაემგზავრა. ერთი თბილისელი ახალგაზრდა სკულპტორი ქუჩაში ადგილობრივ მოზარდებს წაებურთავა. ქართველმა და იტალიელებმა ერთმანეთს ვერაფერი აუხსნეს და კომუნიკაცია მხოლოდ მას შემდეგ დამყარდა, რაც თბილისელმა სიტყვა "ყიფიანი" წარმოთქვა. იტალიელი ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ყიფიანის ფინტების გამეორებაში. თამაშის შემდეგ კი მათ სტუმარი სასტუმრომდე ხელში აყვანილი მიიყვანეს. ერთი კვირა იგი ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა იყო მხოლოდ იმიტომ, რომ დავით ყიფიანი ცოცხლად რამდენიმეჯერ ენახა.

თბილისის "დინამომ" მილანში "ინტერს" მოუგო, 3:0 გაანადგურა "ლივერპული", რომელიც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი იყო. თასების თასის მეოთხედფინალში "დინამომ" სტუმრად "ვესტ ჰემს" 4:1 სძლია. საფინალო სასტვენისთანავე მთელი "ეპტონ პარკი", 40 ათასი მაყურებელი ფეხზე წამოდგა და ათი წუთის განმავლობაში აპლოდისმენტით აჯილდოებდა მეტოქეს, სანამ გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ბოლო დინამოელი არ შევიდა.

პირველ ნახევარფინალურ მატჩში "დინამომ" შინ "ფეიენოორდი" 3:0 გაანადგურა, განმეორებით შეხვედრაში კი უპირატესობის შესანარჩუნებლად გმირულად იბრძოლა და 0:2 წააგო. არადა, რამაზ შენგელიას გაჰქონდა და გაჰქონდა, მაგრამ გოლი ერთხელაც არ ჩაუთვლიათ.

შემდეგ კი იყო ფინალი "კარლ ცაისთან" და 0:1 მეორე ტაიმის დასაწისში...

თასების თასის 1980-81 წლების სეზონის მატჩების გარდა, იმდროინდელი "დინამოს" თამაშების ვიდეოჩანაწერები თითქმის არ შემონახულა. ბევრი მომენტი მხოლოდ გულშემატკივართა მეხსიერებას შემორჩა და ისინიც ხშირ-ხშირად იხსენებენ ამაღელვებელ ეპიზოდებს.

"დინამოს" ტრიუმფის შემდეგ 30-მა წელიწადმა განვლო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ცოტა რამ თუ გვინახავს ისეთი, მაშინდელ ამბებს რომ შეედრება. გვახსოვს, როგორ ატარეს ვიტალი დარასელიამ და თამაზ კოსტავამ ბურთი ფლანგზე, 70 მეტრის მანძილზე ძირსდაუშვებლად, როგორ დაფრინავდა კარში მწვანეგეტრებიანი ოთარ გაბელია, როგორ პასებს არიგებდა ყიფიანი, როგორ ახვევდა თავბრუს მეტოქის მცველებს გუცაევი, როგორი გოლი გაუტანა მან 1981 წელს მინსკის "დინამოს"! ასეთი ევრო-88-ის ფინალის წინ ვან ბასტენს არც კი დაესიზმრებოდა. და რომც დასიზმრებოდა, ვერაფრით გაიმეორებდა.

დღეს დიუსელდორფის ტრიუმფატორებიდან სამი ცოცხალი აღარა არის. დღეს თბილისის "დინამო" საქართველოს სუსტ ჩემპიონატშიც კი საუკეთესო გუნდი აღარაა. ძველი "დინამოსგან", ევროპის ერთ-ერთი თვითმყოფადი კლუბისგან სახელწოდებაღაა დარჩენილი. ჩემი მეგობარი და კოლეგა ალექსეი ანდრონოვი ზეიმზე თბილისში ჩავიდა. მე კი სტუმრებს ჩემს მოსკოვურ ბინაში დავპატიჟებ, ერთად დავლევთ გუცაევისა და დარასელიას გოლების სადღეგრძელოს.

Картули пехбурти гаумарджос! ქართულ ფეხბურთს გაუმარჯოს!
მკითხველის კომენტარები / 5 /
უბრალოდ მადლობა, რომ გვეთქვა ამ მართლაც და კარგი კაცისთვის და ჩვენ დაგვენებებინა თავი არააა??????
dato
16:53 15-05-2011
0
კარგი წერილია! ასე ტბილად გულთან რუსის გარდა არავინ მიიტანს შენს სიხარულსა და შენს გასაჭირს! გარყვნილმა ამერიკელებმა მეგობრობა და სიყვარული არ იციან! მათ სიყვარული მარტო სექსი ჰგონიათ! თუ გვინდა გარყვნილების მორევში არ ჩავეფლოთ, ამერიკელებისგან უნდა შორს დავიჭიროთ თავი!
shoda
16:32 15-05-2011
0

სიახლეები პოპულარული