ივო შუშაკი: მე კი ვაფრთხილებდი ბილიჩს...

AutoSharing Option
ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელი და "დინამოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, "ივო ველიჩესტვო" ივო შუშაკი - არც ერთ უცხოელს ასე არ გაუთავისებია საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ხალხი, როგორც ხორვატ სპეციალისტს.

ის თბილისში ყოველთვის სასურველი სტუმარია, რადგან "თანამეგობრობის თასის" მოგებისა და რუსეთის ნაკრებთან გამარჯვების გარდა, დიდი ადამიანური სითბო დაგვიტოვა.

ცხადია, ივო შუშაკი პირველი კაცი იყო, ვინც 13 მაისის აღსანიშნავ საღამოზე მოიწვიეს.

- წარმოუდგენელია, საქართველოში მიმიწვიონ და არ ჩამოვიდე, რადგან აქ ყოფნა ძალიან მახარებს. უამრავი მეგობარი მყავს და ყოველთვის თბილად მაგონდება ჩემს ქართველ მეგობრებთან
ერთად გატარებული წლები, წარმატებებიც და ადმიანური სითბოც, რაც ქართველებს უხვად გაქვთ. ახლაც მსურს, ზეიმში შემოგიერთდეთ და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ქართული ფეხბურთის ის წარმატება, რაც თქენი ფეხბურთის პოტენციალიდან გამომდინარე, ბუნებრივიც იყო.

- სამწუხაროდ, შესარჩევი ჯგუფების კენჭისყრაზე, ჩვენი და თქვენი ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები ერთ ჯგუფებში მოხვდნენ. თქვენ ხორვატების ახალგაზრდულ ნაკრებს ავარჯიშებთ და ვფიქრობ, არც ისე ადვილი იქნება მეგობრების წინააღმდეგ თამაში.
- მართალს ბრძანებთ, საქართველო ჩემთვის ყველაზე არასასურველი მეტოქე იყო, რადგან მეგობრების წინააღმდეგ თამაში სასიამოვნო არ არის. უეფა კენჭისყრისას მტრებს აშორებს, მაგრამ მეგობრებს - არა. ასე რომ, ფეხბურთში ვერაფერს დაგეგმავ.

- ხორვატია საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს მალე უმასპინძლებს.
- დარწმუნებული ვარ, თბილისში ხორვატიის ნაკრების დამარცხების შემდეგ ამ მატჩებს ბევრი მაყურებელი დაესწრება და ორივე შეხვედრა ფეხბურთის ზეიმი იქნება.

- ცხადია, ფავორიტად ხორვატიას მიიჩნევთ.
- ხორვატია ფავორიტი იყო თბილისშიც, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა. ასე რომ, წინასწარ ამაზე ლაპარაკი უადგილოა. მეტიც, ფავორიტობამ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ძალიან ცუდი სამსახური გაუწია.

- დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენები ძალიან თავდაჯერებულები იყვნენ.
- სწორედ ამას ვგულისხმობ. არადა, ვაფრთხილებდი, რომ საქართველოში ბოლომდე უნდა დახარჯულიყვნენ.

- თემურ ქეცბაიას ნაკრებს როგორ დაახასიათებდით?
- ქეცბაია სერიოზული მწვრთნელი გამოდგა და გუნდს საინტერესო ტაქტიკით ათამაშებს. აღსანიშნავია ფეხბურთელების თავდადება, დისციპლინა და აგრესიულობა. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სხვა ფაქტორია - ქეცბაიამ კარგად იცის ქართველის მენტალიტეტი და მას გასაღები მოუძებნა. მერწმუნეთ, საქართველოს ნაკრებში მუშაობისას ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ქართველები თავისებური ხალხი ხართ და გაგება გჭირდებათ. ვინც გაგიგებთ, წარმატებული მწვრთნელი იქნება.

- ქეცბაიას ტაქტიკა ახსენეთ.
- მან გუნდის შენება დაცვის გაძლიერებით დაიწყო და დაიმსხვრა წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს საქართველოს სუსტი დაცვა ჰყავს - რეალურად, ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი უკანა ხაზია. გადავხედოთ გვარებს - სულ ევროპასა და რუსეთში მოთამაშე მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან. გუნდი დაცვიდან თამაშობს, მაგრამ ძალიან მწვავე და სწრაფი კონტრშეტევები ეხერხება. ახლა საქართველოსთან თამაში ამიტომაც არის რთული. არ ვაჭარბებ, წინასწარ ძნელი იქნება ჩვენი ნაკრებების შეხვედრების შედეგის განსაზღვრა. თანაც ნაკრებში სერიოზული დანაკლისი გვაქვს, ვერ ითამაშებს კრანჩარი, ტრავმირებულია ივან რაკიტიჩი და ბილიჩს შემადგენლობის შერჩევისას პრობლემა ექნება.

- თუმცა, თბილისში წაგებამ ხორვატიის ნაკრების წევრებზე ძალიან მტკივნეულად იმოქმედა, ასე რომ, განსაკუთრებული მონდომებითაც ითამაშებენ.
- ეს ცხადია, მტკივნეული წაგება იყო და სურთ, დაამტკიცონ, რომ ამას არ იმსახურებდნენ.

- რომელ ქართველ ფეხბურთელს გამოარჩევთ?
- ბევრი კარგი მოთამაშე გყავთ, მაგალითად გამოცდილი კალაძე, ამისულაშვილი, ასათიანის ამბავიც ვიცი და მიკვირს, რომ უგუნდოდ არის. ძალიან მომწონს უნიჭიერესი ანანიძე, რომელიც ჩვენს ლუკა მოდრიჩს მაგონებს და ვფიქრობ, დიდი მომავალი აქვს.

- თქვენს გუნდში, ახაგაზრდულ ნაკრებში, როგორი მდგომარეობაა?
- საბედნიეროდ, ტრავმირებულები არ გვყავს. რას ვიზამთ, მეტოქეები ვართ და, ცხადია, ორივეს შესარჩევი ციკლის კარგად დაწყება გვსურს. ამიტომ შევეცდებით, სამი ქულა მოვიპოვოთ და ტურნირი კარგად დავიწყოთ. სხვათა შორის, 3 ივნისის შეხვედრისთვის დიდი ხანია ვემზადებით.

- ზოგადად დაგვიხასიათეთ ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები.
- ახალი გუნდია, რადგან წინა ციკლიდან ბევრი მოთამაშე არ შემოგვრჩა. ბევრი მათგანი ჩვენს ლიგაში თამაშობს, ადემი, ვუკუშიჩი, პუნჩეჩი, სარიჩი, სკვორცი და მათზე დაკვირვების საშუალება მაქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული