გია გეგუჩაძე
დაიბადა 20.06.1965
სამწვრთნელო კარიერა: რუსთავის "მეტალურგი", თბილისის "დინამო", "ზესტაფონი".
მიღწევები: საქართველოს ჩემპიონი (2011), საქართველოს თასი (2004), უეფას თასის ჯგუფური ეტაპი (2004).
"ლელომ" სეზონის საუკეთესო მწვრთნელად "ზესტაფონის" თავკაცი გია გეგუჩაძე დაასახელა. ჩვენი არჩევანი, ალბათ, სადავო არ უნდა იყოს - "ზესტაფონმა" მთელი სეზონი სტაბილურად ჩაატარა, სეზონის მეორე ნახევარში ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერობა ერთხელაც არ დაუთმია და მძაფრი კონკურენციის მიუხედავად, ისტორიაში პირველად დამსახურებულად იჩემპიონა.
ტიტულის მოპოვებაში მწვრთნელს ყოველთვის განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და გამონაკლისი არც გეგუჩაძეა - მისმა მიზანმიმართულმა მუშაობამ "ზესტაფონი" საქართველოს
- დიდი მადლობა ასეთი დაფასებისთვის. "ლელოს" აღიარება ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და თან საპასუხისმგებლოა - შევეცდები, მიღწეულზე არ შევჩერდე და "ზესტაფონთან" ერთად ახალ გამარჯვებებს მივაღწიო.
- გასულ სეზონში რომელი კოლეგების მიღწევებს გამოარჩევდით?
- ჩემთვის ნებისმიერი კოლეგის შრომა დასაფასებელია, თუმცა ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ განსაკუთრებული წარმატებით "გაგრას" უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი პისკოვეცმა იმუშავა. პირველი ლიგის გუნდმა თასი მოიგო, რაც თავისთავად ბევრზე მეტყველებს.
- რისი წყალობით შეძლო "ზესტაფონმა" ჩემპიონატის ასე დამაჯერებლად მოგება?
- სეზონი ჩვენთვის ძალიან რთული გამოდგა, მაგრამ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ბიჭები საკუთარ თავს გადაახტნენ, შესაძლებლობათა მაქსიმუმი გამოავლინეს და ჩემპიონობამდე დიდი შრომისა და თავდადების ფასად მივიდნენ. მთავარი კი მაინც ის იყო, რომ ფეხბურთელებმა საკუთარი თავის ირწმუნეს - როგორც ჩანს, წინა სეზონებში უტიტულოდ სწორედ ამ კომპონენტის ნაკლებობის გამო დავრჩით. წარუმატებლობის მიზეზებს ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებთ, სხვანაირად პრობლემებს ვერ აღმოფხვრი და წინ ვერ წახვალ.
- ჩემპიონობის ბედი რომელიმე კონკრეტული მატჩის მოგებამ გადაწყვიტა?
- არა, თითოეულ ქულას ოქროს ფასი ჰქონდა და, შესაბამისად, ჩემპიონები სტაბილურად ჩატარებული სეზონის წყალობით გავხდით.
- "ზესტაფონის" რომელმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა განიცადა ყველაზე დიდი პროგრესი გასულ სეზონში?
- თორნიკე გორგიაშვილმა, რომელიც გუნდის ერთ-ერთ წამყვან ნახევარმცველად ჩამოყალიბდა. ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდა ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძე, წინა ხაზზე კი საბა ლომიამ და გიორგი ჭანკოტაძემ დაგვანახეს საკუთარი პოტენციალი.
ამათ გარდა, ავსტრიულ შეკრებაზე დუბლშემადგენლობიდან წავიყვანთ ნახევარმცველ როსტომ გეწაძესა და თავდამსხმელ მიხეილ სარდალიშვილს, რათა მთავარ გუნდს გაუშინაურდნენ და მომავალ სეზონში იქ მოსახვედრად იბრძოლონ.
- იმედები ზამთარში დამატებულმა ყველა ფეხბურთელმა გაგიმართლათ?
- სამწუხაროდ, ზურაბ მენთეშაშვილი ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარა, თუმცა მომავალში მისი დიდი იმედი გვაქვს, გიორგი ფოფხაძემ კი ჩემპიონატის ბოლო ტურებში დამაჯერებლად ითამაშა. იმედგაცრუებას გორან გრუიცაზეც კი ვერ ვიტყვი, რადგან ძირითად შემადგენლობაში მძაფრი კონკურენციის გამო ვერ მოხვდა.
- როგორც პროფესიონალს, რა შეგძინათ "ზესტაფონში" გატარებულმა პერიოდმა?
- ბევრი რამ. ყოველი ახალი სამსახური მწვრთნელისთვის წინსვლისა და პროფესიული განვითარების უნიკალური საშუალებაა. შევიძინე ფასდაუდებელი გამოცდილება და, რაც მთავარია, "ზესტაფონთან" ერთად მოპოვებული ჩემპიონობა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჩემთვის პირველი იყო.
- "ზესტაფონმა" ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. როგორია ფეხბურთელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- სამედიცინო გამოკვლევის პასუხები ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ, წესით, საგანგაშო არაფერი უნდა იყოს. ვარჯიში არ განუახლებიათ მენთეშაშვილს, ზაალ ელიავასა და გოგი ფიფიას, მაგრამ ვიმედოვნებთ, მწყობრში მალე ჩადგებიან. ისინი გამოკვლევებზე უკრაინაში გვყავდა გაშვებული და დამაიმედებელი ინფორმაციებით ჩამოვიდნენ.
- ცნობილია, რომ "ზესტაფონი" ჯერ საკუთარ ბაზაზე, შემდეგ კი ავსტრიაში მოემზადება. თუ არის ცნობილი სპარინგპარტნიორების ვინაობა?
- ავსტრიაში 21 ივნისს გავემგზავრებით და იქ ორ კვირას დავყოფთ. რაც შეეხება მეტოქეებს, მათთან მოლაპარაკება არ დასრულებულა, მაგრამ შემიძლია სავარაუდო მოწინააღმდეგეები ჩამოგითვალოთ - კიევის "დინამო", დნეპროპეტროვსკის "დნიპრო", ლვოვის "კარპატი", კრაკოვის "ვისლა" და რუმინული "კლუჟი". აქცენტს ამჯერადაც ძლიერ სპარინგპარტნიორებთან თამაშზე ვაკეთებთ. შედეგი აქ ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია, საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად დავინახოთ და ოფიციალურ მატჩებს ოპტიმალური ფორმით შევხვდეთ.
- ყველაზე მეტად რომელ რგოლებში საჭიროებს "ზესტაფონი" გაძლიერებას?
- ამ შეკითხვაზე ყველაზე კარგად პასუხს ევროთასების მატჩები გასცემს.
- ავსტრიულ შეკრებაზე ლეგიონერებს ხომ არ გასინჯავთ?
- ევროტურნირებამდე არცთუ დიდი დრო დარჩა და სინჯებისთვის არ გვეცლება, ასე რომ, ლეგიონერების დამატებას არ ვაპირებთ. არავინ იფიქროს, რომ ლეგიონერების აყვანას პრინციპულად ვეწინააღმდეგები. უბრალოდ, სინჯებზე დროს ვერ დავკარგავთ. საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე უცხოელებიდან "ზესტაფონის" დონეს ვინმე რომ აკმაყოფილებდეს, აუცილებლად დავიმატებდით, მაგრამ ქართულ კლუბებში ასეთი დონის ლეგიონერები არ ასპარეზობენ.
- თქვენ უკვე განაცხადეთ, რომ "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებს...
- კლუბის ხელმძღვანელობას კონკრეტულად ეს მიზანი არ დაუსახავს, მაგრამ უდიდესი სურვილი და, ვფიქრობთ, ძალაც გვაქვს იმისთვის, რომ ჯგუფური ეტაპისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენი მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრაა, პროგრამა-მინიმუმი კი - ევროპის ლიგის ჯგუფური რაუნდი.
- ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე სასურველი და არასასურველი მეტოქეები თუ გყავთ შეგულებული?
- პირველ ყოვლისა, კარგია ის, რომ განთესილები ვართ, რაც "ზესტაფონმა" უდავოდ დაიმსახურა. ნებისმიერ გუნდთან საბრძოლველად მზად ვართ, მაგრამ პირველ ეტაპზე პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენელთან თამაშს არ ვისურვებდი, სხვა ნებისმიერ მეტოქესთან შეხვედრის წინააღმდეგი კი არ ვარ.
- "ლელომ" საქართველოს დასრულებული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად და ნახევარმცველად მურთაზ დაუშვილი დაასახელა, საუკეთესო მცველად - გიორგი ონიანი, თავდამსხმელად კი - ნიკოლოზ გელაშვილი. თუ იზიარებთ ჩვენს შეხედულებას?
- ყოველთვის გამიხარდება, თუ პრესა ჩემი ფეხბურთელების შრომას დააფასებს და ამისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ვფიქრობ, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეთ.
- ბოლოს საქართველოს მომავალ ჩემპიონატზეც ვთქვათ...
- უდავოდ საინტერესო ჩემპიონატი უნდა გამოდგეს, თუნდაც ახლებური ფორმულის გამო. უმაღლეს ლიგაში არაერთი ამბიციური გუნდი ითამაშებს - "დინამო", "ოლიმპი" და "ტორპედო" აუცილებლად გაძლიერდებიან, უთუოდ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება "ვიტ ჯორჯიაც". ასე რომ, ჩემპიონობის შენარჩუნება იოლი არ იქნება, მაგრამ ტიტულის შესანარჩუნებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ.