ვფიქრობთ, 22 წლის ფეხბურთელისთვის ეს არცთუ პატარა წარმატებაა.
ამ წლის დადგომამდე მაისურაძის შესახებ (რომელიც 35-ე საფეხბურთო სკოლის გაზრდილია და წელიწადნახევარი ”ზესტაფონის" დუბლებში აქვს გატარებული) ინფორმაციებს ინტერნეტით თუ ვეცნობოდით, ბელარუსში იგი საკმაო წარმატებით თამაშობდა და პოტენციალი სამშობლოშიც გამოავლინა. გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ საინტერესო და მზარდი ფეხბურთელი
- ”ოლიმპის" შემადგენლობაში ურიგოდ არ მითამაშია, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი, სეზონის აღმოჩენად თუ დამასახელებდით. ძალიან გახარებული ვარ და შევეცდები, გუნდისთვის მომავალ სეზონში უფრო სასარგებლო ვიყო.
- ”ოლიმპში" გატარებული პერიოდით ბოლომდე კმაყოფილი ხარ?
- საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს უნდა იყო, მაგრამ ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონი მქონდა, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა შევძელი. თუმცა მეტი შემეძლო მეც და გუნდსაც - ჩვენი მიზანი ხომ საქართველოს ჩემპიონობა იყო, რასაც, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ. შეიძლება, მესამე ადგილი არ იყოს ცუდი შედეგი, მაგრამ დიდ წარმატებასაც ვერ დავარქმევ.
- რატომ ჩამოსცილდა ”ოლიმპი" სეზონის დასკვნით ნაწილში ჩემპიონობისთვის ბრძოლას?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, თუმცა ფაქტი ერთია - ”ზესტაფონი" დამაჯერებლად გაჩემპიონდა.
- საქართველოსა და ბელარუსის ჩემპიონატებს შორის რა მსგავსება და განსხვავებაა?
- მსგავსება ბევრი არ არის, მთავარი განსხვავება კი პირობებშია. საქართველოში ბელარუსულთან მიახლოებული პირობებიც კი არ გვაქვს, მათთვის მოედნისა თუ ხელფასების პრობლემა უცხოა, ჩვენთან კი ფეხბურთელებს ყოფითი პრობლემების გამო ფეხბურთზე კონცენტრირება უჭირთ. ვფიქრობ, ბელარუსში ჩვენზე ოდნავ მაღალი დონის ჩემპიონატია - სწორედ პირობების ხარჯზე, თორემ ნიჭით ჩვენთან ახლოსაც ვერ მოვლენ.
- რამ გადაგაწყვეტინა საქართველოში დაბრუნება, დღევანდელი გადასახედიდან თუ მიგაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი გადადგი?
- დავიწყებ იმით, რომ ბელარუსში ძალიან სასარგებლო პერიოდი გავატარე. შევიძინე თეორიული და პრაქტიკული საფეხბურთო ცოდნა და პროფესიონალად ჩამოვყალიბდი, რაც საქართველოში შეიძლება უფრო გამჭირვებოდა. ერთი სიტყვით, ბელარუსში წასვლას ოდნავადაც არ ვნანობ, ისევე როგორც საქართველოში დაბრუნებას. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ”ოლიმპში" გატარებულმა ნახევარმა სეზონმა დამარწმუნა, რომ დაბრუნება სწორი ნაბიჯი იყო. ბელარუსთან კი, გარკვეული გულისტკენების მიუხედავად, უმეტესად კარგი მოგონებები მაკავშირებს.
- ნახევარდაცვაში რამდენიმე პოზიციაზე შეგიძლია თამაში. ყველაზე მეტად რომელი ამპლუა მოგწონს?
- საყრდენის გარდა, ნახევარდაცვაში ნებისმიერ ადგილზე ვთამაშობ და მზად ვარ, გუნდს სადაც დასჭირდება, იქ გამოვადგე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ცენტრში უფრო სასარგებლო ვარ, ვიდრე ფლანგებზე.
- ახლოვდება ევროტურნირები, როგორ ფიქრობ, რამდენი ეტაპის გადალახვის ძალა შესწევს ”ოლიმპს"?
- პირველი ეტაპი აუცილებლად უნდა გადავლახოთ, დანარჩენს კი სიტუაცია გვიჩვენებს. ნაყოფიერ შეკრებას გავივლით, სპარინგ-მატჩებს ძლიერ მეტოქეებთან ჩავატარებთ, შემადგენლობასაც გავაძლიერებთ და ევროთასებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. თუ წილისყრაშიც გაგვიმართლა, დარწმუნებული ვარ, ერთი რაუნდის გავლით არ შემოვიფარგლებით.
- როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში კლუბის შეცვლაზე არ იფიქრებ.
- დიახ, ასეა. ”ოლიმპში" თავს ჩინებულად ვგრძნობ, მწვრთნელები მენდობიან და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს მიწყობენ. გუნდიც მზარდი და ამბიციურია. ყოველივე აქედან გამომდინარე, არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. ”ოლიმპთან" კიდევ ერთი საკონტრაქტო წელი მაკავშირებს და მინდა, მის სამომავლო გამარჯვებებში ჩემი წვლილი შევიტანო. მომავალ სეზონში საქართველოს ჩემპიონობისა და თასისთვის ვიბრძოლებთ.
- ბოლოს სანაკრებო თემასაც შევეხოთ. რამდენად მოსალოდნელი იყო შენთვის ჯერ ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში, შემდეგ კი ხორვატიაში წამსვლელთა შორის მოხვედრა?
- ამას ნამდვილად არ ველოდი. ფეხბურთელს, რომელსაც ექვსი თვის წინ საქართველოში თითქმის არავინ იცნობდა, უცებ სანაკრებო შეკრებაზე იწვევენ - დამეთანხმებით, ასეთი რამ ხშირად არ ხდება. მართალია, ხორვატიაში 18-კაციან განაცხადში ვერ მოვხვდი, მაგრამ ჩემთვის ისიც დიდი ბედნიერებაა, თემურ ქეცბაიას ასეთი ყურადღება რომ დავიმსახურე. საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი უმთავრესი ოცნებაა და მისი ახდენისთვის ძალიან ბევრს ვიშრომებ.
დოსიე
ირაკლი მაისურაძე
დაიბადა: 22.08.1988
სიმაღლე: 177 სმ, წონა: 74 კგ
კარიერა: 2008-09 - მტზ რიპო (ბელარუსი), 2009-2010 ვიტებსკი (ბელარუსი), 2011 წლიდან თამაშობს რუსთავის ”ოლიმპში"